კახა კახიშვილი: „ნაცმოძრაობა“ რევოლუციისთვის ახალ ნიადაგს ამზადებს
„ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება რამდენიმე წელზე გაწერილი გეგმაა – ამის შესახებ პოლიტოლოგი კახა კახიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთან“ ინტერვიუში აცხადებს. კახიშვილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ისინი პოლიტიკურ ტრიბუნას იყენებენ, რომ შექმნან რევოლუციური განწყობა ქვეყანაში, რაც ძალაუფლების ხელში ასაღებად აუცილებელია.
„ყოველდღიურად კრიმინალზე საუბარი და იმის ძახილი, რომ ქვეყანა ინგრევა, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ინტერესებში შედის. „ნაციონალები“ აცნობიერებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რევოლუციის ავანგარდში ვეღარ იქნებიან. ამ ეტაპზე ისინი პოლიტიკურ ტრიბუნას იყენებენ იმისათვის, რომ შექმნან რევოლუციური განწყობა ქვეყანაში, რაც აუცილებელია ძალაუფლების ხელში ასაღებად. შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალები“ პარალელურად შექმნიან ახალ, თითქოსდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რეალურად მათი იდეოლოგიის გამზიარებელი იქნება. დესტაბილიზაციის გამოწვევის ერთ-ერთი ეტაპი მიტინგებისა და მანიფესტაციიების მოწყობაა და ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს. თქვენ ხედავთ, როგორ ცდილობენ შსს-ს დისკრედიტაციას, როგორ უღვიძებენ მარგველაშვილსა და ალასანიას ამბიციებს, მალე გადავლენ პროკურატურაზე, ჩაერევიან სასამართლო რეფორმაშიც, რათა გაამაგრონ ის საკუთარი კადრებით, მით უმეტეს, მათ აქვთ საპარლამენტო ბერკეტები.
„ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება რამდენიმე წელზე გაწერილი გეგმაა. ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლას შეეცდება „ნაციონალების“ მიერ დაფუძნებული, ახალი, ვითომ დამოუკიდებელი პარტია, რელურად კი ყველანი სააკაშვილის ჩათვლით ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. მოკლედ, „ნაცმოძრაობა“ რევოლუციისთვის ახალ ნიადაგს ამზადებს და ამაში ჩართულები არიან მათი მარიონეტი არასამთავრობო სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. შეძლებს თუ არა სააკაშვილი რევანშის სცენარის განხორციელებას, დღევანდელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“, – აცხადებს კახიშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.