რატომ დაუჭირა მხარი გოგი თოფაძემ ქუჩაში ლუდის სმის აკრძალვას
ბიზნესმენი გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ თავშეყრის ადგილებში, ქუჩაში, ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია, – ამის შესახებ თოფაძე გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში საუბრობს. მისივე თქმით, საკუთარ სახლებთან და სადარბაზოებთან დაჯარიმება მაინც არასწორია.
„წინააღმდეგი ვარ, როცა ჩვენი ქარხნის წინ, ტროტუარზე დგებიან, ლუდს შებოლილ თევზთან ერთად მიირთმევენ და სანაპიროს ანაგვიანებენ, თუმცა ეს ტერიტორია ჩვენ არ გვეკუთვნის და, აქედან გამომდინარე, ყველაფერი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გააკონტროლონ; მეორე მხრივ, როცა რამდენიმე თბილისელი საკუთარი კორპუსის წინ შეიკრიბება ნარდის სათამაშოდ, ან ფეხბურთსა და პოლიტიკაზე სასაუბროდ და, ამავდროულად, ლუდსაც მიირთმევს, ეს ხალხი არ უნდა შევავიწროვოთ, თუმცა იგივე რუსთაველზე, ან თუნდაც სანაპიროზე, ლუდის დალევა მიუღებელია და ეს უნდა აღვკვეთოთ. მეტსაც გეტყვით, იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებლები არ დავკარგოთ, უკვე მივიღეთ ზომები და მომავალი წლის გაზაფხულზე, ჩვენი ქარხნის ტერიტორიაზევე მოვაწყობთ ცივილურ ღია კაფეს“, – აცხადებს თოფაძე.
მისი თქმით, გადაჭარბება დაუშვებელია და არ შეიძლება, კაფიდან გამოსულ ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ 2 ჭიქა „ვისკი“ დალია, ეგრევე მივარდე და 150 ლარით დააჯარიმო.
„ისიც მიუღებელია, ადამიანებს საკუთარი კორპუსის წინ აუკრძალო დალევა. მიმაჩნია, რომ კანონი რადიკალურია, ჯარიმა კი მკაცრი: ორი ჭიქა სასმელის გამო 150 ლარით დაჯარიმება გაუმართლებელია. ადამიანები ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ ამ ტიპის ცვლილებებს, რადგან ქართველ კაცს ყოველთვის ჰქონდა შინაგანი კულტურა, და თუ განუმარტავ, რომ ქალაქის ცენტრში კი არა, უმჯობესია, რომელიმე კაფეში, ან ბარში დალიოს, ასეც მოიქცევა. ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ცივილური ქვეყანა ვართ და სანაპიროზე, ზედ ტროტუარზე ლუდის დალევა, იქვე თევზის გარჩევა და მერე, ამ ტერიტორიის დანაგვიანება მიუღებელია“, – აცხადებს ბიზნესმენი.