„მომწონს ფერწერა, მიყვარს მკაფიო, კაშკაშა ფერები“ – თვითნასწავლი მხატვარი ბავშვობის ახდენილი ოცნებით…

ბავშვობიდან  ხატავს. ოჯახიდან გამოჰყვა ხელოვნების სიყვარული.  ამბობს, რომ უყვარს მკაფიო, კაშკაშა ფერები.  დიასახლისი და თან თავისუფალ დროს ხატავს. ბოლო 3 წელი კი უფრო ხშირად უთმობს დროს შემოქმედებით მუშაობას. – მარი წიკლაურის პერსონა.
– ძალიან ფერადი და საინტერესო ბავშვობა მქონდა, დედა დიასახლისი იყო და მთელ  ყურადღებას მე მითმობდა. ძალიან მიყვარდა დედულეთი. მაღალმთიანი რეგიონია და ასე რომ, ზაფხულობით დროის უმეტეს ნაწილს იქ  – მდინარის ნაპირას, ტყის მახლობლად, სასიამოვნო გარემოში ვატარებდი.
– პირველი ნახატები…
– ძალიან მიყვარდა ბავშვობაში „ვეფხისტყაოსნიდან“ გრაფიკული ნამუშევრების, ილუსტრაციების დახატვა.  ვხატავდი კალმით და სიამოვნებას მგვრიდა.
–  საექთნო დაამთავრეთ, მაგრამ ხატვა  ბავშვობიდან გიყვარდათ…
– საექთნო დავამთავრე, მაგრამ არ გავაგრძელე. ეს საქმე დიდად არ მიტაცებდა (ჩემი შვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს – ამ თვალსაზრისით დავამთავრე). ამ კუთხით არასოდეს მიმუშავია, ხატვა მიყვარდა. თავისუფალ დროს სულ ვხატავდი. სამწუხაროდ, ძველი ნამუშევრები ვერ შემოვინახე.
ხელოვნების სიყვარული, ვფიქრობ, პაპისგან გამომყვა, დედის მამა ხატავდა, ბებო ფარდებზე ქარგავდა ძალიან ლამაზად. მახსოვს ირმების და ყვავილების ნაქარგი, რომლის სანახავად მეზობელი სოფლიდან მოდიოდნენ. გამოვარჩევდი ერთ პორტრეტს, იმ დროისთვის გათავისებული არ მქონდა, რომ როდისმე მარტო ამ საქმით დავკავდებოდი.
ერთხანს სავაჭრო ცენტრში ვმუშაობდი და ასე, სამუშაო პროცესში, დავხატე ჩემ წინ მჯდომი გოგონა (რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ). უცებ დავხატე, კალმით. ამ ნამუშევარმა დიდი ოვაცია გამოიწვია  და ყველა მეუბნებოდა, რომ მივყოლოდი ამ საქმეს.
ერთი ნახატის  ამბავი…
– ორი წლის წინ შეკვეთით დავხატე გუდაურის ხეობის ერთ-ერთი სოფელი. ხატვის დროს ვიმოგზაურე მთებში. მომიწია თითოეული სახლის, ბუჩქის, ხის დახატვა. ძალიან რთული და შრომატევადი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც კმაყოფილები დავრჩით როგორც მე, ისე დამკვეთიც.
ხატავთ როგორც გრაფიკულ, ისე ფერწერულ ნამუშევრებს…
– მომწონს ფერწერა, მიყვარს მკაფიო, კაშკაშა ფერები. როცა დასრულებულ სურათს ვუმზერ, თავს წარმოვიდგენ იმ გარემოში და დადებითი ემოციით ვივსები.
– ხშირად ხატავთ შეკვეთით.  ხატვით ოჯახის რჩენა შესაძლებელია?
– ხშირად ვერ ვიღებ შეკვეთებს, მოთხოვნა უფრო პორტრეტებზეა, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მუდმივი სამუშაო მქონოდა, მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემი საყვარელი საქმეა, და რაც მომწონდა ბავშვობაში, ახლა ავიხდინე ოცნება…  ვერ ვიტყვი, რომ ოჯახს ვარჩენ. გასულა თვეები, რომ შეკვეთა არ მიმიღია.
– ალბათ გაქვთ ნამუშევრებიც, რომლებსაც არ გაყიდიდით…
– ბევრი ნამუშევარი არ მაქვს და არის შემთხვევა, რომ დამნანებია გასაყიდად, მაგრამ სახსრების გამო გამიყიდია (მასალის საყიდლად).
– გყავთ მეუღლე და 9 წლის გოგონა ლიზი. როგორ გიწყობთ ხელს ოჯახი შემოქმედებით საქმიანობაში?
– შეძლებისდაგვარად, მიწყობენ. სახლის საქმეს რომ მოვათავებ, მაშინ ვჯდები დასახატავად (გასუსულები დადიან). ჩემი გოგონა შენიშვნებს მაძლევს. ძერწავს წარმოსახვით და ხატავს, ფანტაზიის უნარი აქვს განვითარებული.
– როგორც ხელოვანის – მთავარი პრობლემა?
– ჩემთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ პიარი დიდ თანხებს მოითხოვს.
– ჰობი…
– ხატვა, მოგზაურობა, ლამაზი ფოტოების გადაღება…
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ ვაპირებ გამოფენაზე  ჩემი ნამუშევრების გატანას.

                                                                                                                   

                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები