„…შევხედე სხვადასხვა ფერით დაგრუნტულ ტილოს და… ჰოი, საოცრებავ! ტილოზე საოცარი ყვავილები გამოისახა, მე თავადაც გამიკვირდა“…

თბილ ოჯახურ გარემოცვაში ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარა. მამა კარგად ხატავდა. მამის მიბაძვით თავადაც არაერთი ნამუშევარი დახატა.
შემდეგ ისე მოხდა, რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა:  საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს საინფორმაციო-გამოთვლით რესპუბლიკურ ცენტრში; საპატრიარქოსთან არსებულ წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის გიმნაზიაში – პედაგოგად და მათემატიკის მასწავლებლად; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წამყვან  სპეციალისტად;   ქართული სპორტის მუზეუმში საქართველოს ტურისტული და მოხალისეების მოზიდვის პროგრამების ჯგუფის მთავარ სპეციალისტად… მონაწილეობდა პროექტში – ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილე…
მრავალი ჯგუფური და 4 პერსონალური გამოფენის ავტორია. – მხატვარ-დეკორატორ ქეთევან შარაბიძის პერსონა.

 – ვიზრდებოდი ძალიან თბილ გარემოცვაში, დედა პედიატრი იყო, მამა ინჟინერი. ჩვენი ოჯახი ძალიან სტუმართმოყვარე იყო და, აქედან გამომდინარე, ხშირად იკრიბებოდნენ ჩემი მშობლების მეგობრები, რომლებისგანაც დიდი სიყვარული და სითბო მივიღე. ისინი ჩემი მეგობრებიც იყვნენ. ხელოვნებას ბავშვობიდან ვეზიარე, არც ერთი თეატრალური წარმოდგენა, ოპერა, ბალეტი არ გამიცდენია. ბებია ზემელზე კვალის ქუჩაზე ცხოვრობდა, მისი რძალი და ძმისშვილი ოპერის მომღერლები იყვნენ. ამის გამოც არც ერთ სპექტაკლს არ ვაცდენდით. იქვე იყო თოჯინების, მოზარდ მაყურებლის, რუსთაველის თეატრი, ყოველი დღე დაკავებული გვქონდა.
მამა კარგად ხატავდა, დღესაც შემოგვრჩა მისი თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი… მეც მიყვარდა ხატვა, განსაკუთრებით ქალების. მახსოვს დავხატე გედების ტბის პერსონაჟები, ნატაშა როსტოვა – „ომი და მშვიდობიდან“…
– პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრეთ… შეგეძლოთ, ხელოვნების გზა აგერჩიათ…
– სკოლაში სწავლის დროს მომწონდა და მაინტერესებდა ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით – მათემატიკა, ამან განაპირობა, რომ ავირჩიე ტექნიკური უნივერსიტეტი, თუმცა მსახიობობაც ძალიან მინდოდა,  როცა სახლში მარტო ვრჩებოდი, მალულად ვასრულებდი როლებს სხვადასხვა სპექტაკლიდან, ამის შესახებ არავის ვუყვებოდი, მაგრამ ტექნიკურმა საგნებმა გადასძლია მსახიობობას.
– ერთხანს ინჟინრად, შემდეგ პედაგოგადაც მუშაობდით… იმ წლებიდან რა დაგამახსოვრდათ?
–  ძალიან კარგი კოლექტივი მყავდა, მათთან მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. ერთი სული მქონდა, ჩქარა გათენებულიყო, რომ სამსახურში წავსულიყავი, ისეთი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. მერე იყო პედაგოგიური მუშაობა, რომელიც ძნელია, საპასუხისმგებლო, მაგრამ საინტერესო. ბავშვები სიხარულს და ძალას მაძლევდნენ და მეც სიამოვნებით ვმუშაობდი მათთან. თან ახალგაზრდა ვიყავი. ამიტომ დაღლა რა იყო, არ ვიცოდი.
– ქართული სპორტის მუზეუმში საქართველოს ტურისტული და მოხალისეების მოზიდვის პროგრამების ჯგუფის მთავარ სპეციალისტადაც მუშაობდით… მონაწილეობდით პროექტში – ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილე…
– ეს იყო სპორტის ჯადოსნურ სამყაროში შესვლა. ამ პერიოდში დიდი პატივისცემა გამიჩნდა თითოეული სპორტსმენის მიმართ, რომლებიც უდიდეს შრომას დებენ იმაში, რომ ასახელონ ჩვენი სამშობლო.
– ხატვა როდის დაიწყეთ? პირველი ნახატები…
–  2006 წელს გაუქმდა პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო და მქონდა წყვეტა, სანამ სხვა სამსახურს დავიწყებდი. იმ პერიოდში დავიწყე კოლაჟების კეთება სახლის გასაფორმებლად, შემდეგ ამას მოჰყვა თექა, რაღაც განსხვავებულის გაკეთება მინდოდა  და ამიტომ თექასთან ერთად სხვადასხვა პატარ-პატარა დეტალს, საღებავს, ნაჭერს, ძაფს და ა. შ. ვიყენებდი.  მქონდა დიდი ინტერესი, თუ რა გამომივიდოდა.
– შთაგონებას რა იწვევს?
– შთაგონების წყარო – ჩემი მეგობრის, მხატვრის, თექის ოსტატის – ცისანა მარინდაშვილის გამოფენა, მისი საოცარი ნამუშევრები. დიახ – პერსონალური გამოფენა, რამაც აღმაფრთოვანა (ასეთი ფერთა შეხამება იშვიათია).
– ხატვის პროცესი…  რა მასალებს იყენებთ?
– ყველა ნამუშევარს სხვადასხვა დრო სჭირდება… ვიყენებ თექას, შერეულ მასალას, აკრილის საღებავებს.

– „თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება“ – ფოლკლორის ცენტრში პერსონალური გამოფენა გქონდათ, სადაც ორ ხელოვანთან ერთად პოპარტული ნამუშევრები წარმოადგინეთ… რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გამოფენა?
– მნიშვნელოვანია, რადგან ყველა გამოფენა სტიმულს მაძლევს ახლის შესაქმნელად. პოპ-არტიდან გადავედი აკრილით ფერწერაზე.
– 2019 წელს კულტურის საერთაშორისო ცენტრმა „მუზამ“  თქვენს პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.  ნამუშევრები თექით  და აკრილით იყო შესრულებული…  ამ გამოფენამ ალბათ, ერთგვარად შეაჯამა თქვენი შემოქმედება და ახალი საფიქრალიც დაბადა…
– მახსოვს, ამ გამოფენას  „შუადღის მზე” დავარქვი, რადგან სიტყვა „შუადღე“ დაუკავშირე ჩემს ასაკს. ამ გამოფენაზე გავაერთიანე ძველი და ახალი ნამუშევრები, ნამუშევრები მინაზე, ხეზე. მოვიწვიე პროფესიონალი მხატვრები, რომელთა შეფასებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ახალი იდეებიც დაიბადა.
– გიყვართ ბუნებაში ხეტიალი და ფიქრის გადმოტანა ტილოზე…
– ჩემთვის ყველა ნამუშევარი ძვირფასი, რადგან ჩემი ფიქრის, გრძნობის და შრომის შედეგია.
– როგორ შეიქმნა ნახატი უკრაინის თემაზე, საქსაულით?
– ნახატი უკრაინის თემაზე  ცოტა ხნით ადრე შეიქმნა, ვიდრე ომი დაიწყებოდა, თითქოს ვგრძნობდი საშინელ ტრაგედიას, რომელიც მერე უკრაინას დაატყდა. წითელი ფერი ჩემთვის სიცივესთან ასოცირდება. სწორედ უკრაინის დროშის ფერებთან (ცა, მდელო) დომინირებს წითელი (ხე).
– სპორტის მუზეუმში მუშაობთ. პარალელურად ხატავთ…
– შეთავსება არ მიჭირს, რადგან ორივე სამუშაო სიამოვნებას მანიჭებს.
–  ჰობი…
–  მოგზაურობა, ახლის შემეცნება.

მეუღლესთან – შალვა ოგბაიძესთან ერთად

–   საინტერესო ამბავი….
– გამახსენდა ერთი ნახატის შექმნის ისტორია. ხატვის დროს ფუნჯის გასაწმენდად ავიღე მეორე ტილო და დასვრილ ფუნჯს ამ ტილოს ვუსვამდი, რასაკვირველია, სხვადასხვა ფერს.
მთავარი ნახატი რომ დავამთავრე, შევხედე სხვადასხვა ფერით დაგრუნტულ ტილოს და… ჰოი, საოცრებავ! ტილოზე საოცარი ყვავილები გამოისახა, მე თავადაც გამიკვირდა. ვინც კი ჩემთან მოდიოდა და ათვალიერებდა ნამუშევრებს, ეს ცისფერი ყვავილები ყველას მოსწონდა.

შვილიშვილები

– ოჯახი… მეუღლე შალვა ოგბაიძე გაიცანით სტუდენტობიდან და დღემდე ასე მოდიხართ სიყვარულით… რას გაიხსენებთ?  როგორ გიდგათ ოჯახი  გვერდში, როგორც ხელოვანს?
– მყავს მეუღლე და ორი ვაჟი. სამი შვილიშვილის ბებია ვარ. ოჯახის თანადგომა რომ არა, ალბათ ამდენს ვერ მოვახერხებდი. ისინი არიან ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებლები და ყოველთვის მაძლევენ სტიმულს ახლის შესაქმნელად.
გავიხსენებ, თუ როგორ ვსწავლობდი მანქანის ტარებას ტრიალ მინდორზე, სადაც ერთადერთი ხე იყო, რომელსაც მანქანა მივაჯახე. რასაკვირველია, გასახსენებელი ბევრი მაქვს, რომლის დაწერაც შეუძლებელია.
– რაზე მუშაობთ?
– ამჟამად ვმუშაობ პერსონალური გამოფენისთვის, სადაც აბსტრაქტულ ნამუშევრებს წარმოუდგენ საზოგადოებას.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ მინდა გამოფენის გაკეთება ბერლინში, სადაც ჩემი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ. სანდრო ჩემი გამოფენების საუკეთესო ორგანიზატორია.

                                                                                                     

                                                                                                             

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები