„ეს ექსპოზიცია  კლასიკოსი ბუმბერაზების:  ბახის, ბეთჰოვენის, ვივალდის პასტორალური კომპოზიციების ნიაღვარში შეიქმნა“…

ბავშვობა მისი შთაგონების მასაზრდოებელი იყო – სამხატვრო სკოლაშიც და შემდეგ – არქიტექტურის ფაკულტეტზეც… ამბობს, რომ ხატავდა განუწყვეტლივ და  ძალიან ბედნიერი იყო, რომ ბუმბერაზ ადამიანებთან ერთად უწევდა მუშაობა. უმძიმესი 90-იანებიც  გამოიარა… ხატვის სიყვარულმა და შთაგონებამ გადაატანინა გაჭირვებაც, პანდემიის პერიოდიც…
6 პერსონალური გამოფენის ავტორია. ბოლო პერსონალური გამოფენა – კონცეფცია ,,პასტორალური კომპოზიციები“  2023 წელს გაიმართა.
მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში: საქართველოში, დანიაში, გერმანიაში,  ავსტრიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისსა და რუსეთში. – მხატვარ ხათუნა ქომეთიანის პერსონა.

– დავიბადე თბილისში. ჩემი გვარი ლეჩხუმური წარმოშობისაა, თუმცა წინაპრები რამდენიმე საუკუნის წინ ჩამოსახლებულან სამეგრელოში  და ბავშვობის წლები – დიდი არდადეგები სწორედ სამეგრელოში, მის ედემისებრ ზღაპრულ  ბუნებაში გავატრე. დიდი სითბო და სიყვარული მომყვება იქიდან. სცენები, სახეები, ფერები,  საოცარი რიტუალები – ეს ერთი დიდი შემოქმედებაა.
დედულეთი კი მარტვილის რაიონია, კიდევ ერთი ედემი დედამიწაზე. ,,ისევ იქ დაჰქრის ქარაშოტი ჩემი ბავშვობა, იქ ყვავილობენ ალისფერი ბროწეულები“…
მთელი ცხოვრების მანძილზე მისაზრდოებენ შთაგონებას ეს წლები.
– სამხატვრო სკოლა…
– სამხატვრო სკოლა  1981 წელს დავამთავრე. ძალიან ძლიერი სკოლაა, უძლიერესი და უნიჭიერესი პედაგოგები მყავდა. ნოდარ მუმლაძის გრაფიკის ჯგუფში ვიყავი. ამ სკოლამ დიდი ბაზისი მომცა, აქ ოსტატად ყალობდები, გემოვნებაც გიმუშავდება. დიდ ცოდნას იღებ, რომ შემდეგ თავისუფლად იფრინო.
– და მაინც არქიტექტურის ფაკულტეტზე განაგრძეთ სწავლა… შემდეგ კი იყო ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში გატარებული წლები…
– არქიტექტურის ფაკულტეტი… ურთიერთობა და სწავლა დიდ არქიტექტორებთან და მხატვრებთან. შემდეგ ვმუშაობდი  ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში, რესტავრატორად. ვხატავდი განუწყვეტლივ და  ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ბუმბერაზებთან ერთად მიწევდა მუშაობა. მოვიარე თითქმის საქართველო, ვიმუშავე ეკლესია-მონასტრებსა და ციხე-ქალაქებზე. აქ ძალიან გავიზარდე.
–  ამბობთ, რომ მთელი საქართველო შემოიარეთ. ვის გაიხსენებთ, ვინც თქვენს ცხოვრებაში კვალი დატოვა?
– გამიჭირდება ჩამოთვლა. პედაგოგები, მხატვრები, არქიტექტორები – ისინი ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე შემოდიოდნენ ჩემს ცხოვრებაში და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ, ბევრი რამ ვისწავლე მათგან. ასე მოდიოდნენ ახალი მეგობრებიც.
–  უმძიმესი 90-იანებიც გამოიარეთ…
– დაიწყო უმძიმესი 90-იანები. მოგეხსენებათ, ეს იყო ერთი დიდი ამოგლეჯილი ხანა  ჩემი თაობის ახალგაზრდობიდან. გამანადგურებელი და კიდევ ერთხელ „ნგრევის წლები” საქართველოს ისტორიაში. ასეულობით ახალგაზრდის (და არა მარტო)  სიცოცხლე შეიწირა ამ წლებმა. გადარჩენილებს  არსებობისთვის გვიწევდა ზრუნვა.
იშვიათად ვხატავდი.
90-იანებს (სხვა ბევრ ისტორიასთან ერთად) ერთი ტრაგიკომედიური ეპიზოდიც მახსენებს მწარედ – აივანზე, რომელიც ეზოში ჩადის, სხვა დანარჩენ ნივთებთან ერთად, არ მახსოვს, რატომ, ჩემი გრაფიკული ნამუშევრების მოზრდილი „კიპა“ გამოვიტანე. იმ ღამეს გარეთ დამრჩენია და ორ-სამ იღლია შეშასთან ერთად ეს „კიპაც“ გაქრა.  ძალიან განვიცადე. იმედი დამრჩა, რომ ეს „გრაფიკები“ დაინდეს  და შეშასთან ერთად არ შეუკეთეს ღუმელში ცეცხლის გასაჩაღებლად…
–  არ ნანობთ, რომ პირველ პერსონალურ გამოფენას დაუგვიანდა?
– რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ ძალიან გვიან მოვაწყვე ნამუშევრების ექსპოზიცია. პირველი პერსონალური გამოფენა 2015 წელს გაიმართა. შემდეგ კი 5 პერსონალური გამოფენა მქონდა 2-3 წლის შუალედებით. რა თქმა უნდა, გამონაკლისია პანდემიის პერიოდი, თუმცა „დარანში დატუსაღებული“  გაშმაგებით ვხატავდი.
–  კონცეფცია „პასტორალური კომპოზიციები“ – ბოლო პერსონალური გამოფენის სათაურია…
– ეს გამოფენა წელს 21 იანვარს (დაბადების დღეს)  არტ გალერეა „ვაკეში” მქონდა. ვფიქრობ,  გამოფენამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა.
იცით?  ხატვა სიჩუმეში მირჩევნია. ეს რაღაც შინაგანი ხმის  მიყურადებას ჰგავს, თუმცა ჯაზის  ან კლასიკური მუსიკის თანხლებითაც ვხატავ,  ეს ექსპოზიცია კლასიკოსი ბუმბერაზების:  ბახის, ბეთჰოვენის, ვივალდის პასტორალური კომპოზიციების ნიაღვარში შეიქმნა.
– თქვენი თვალით დანახული თქვენი ხელოვნება…
– ჩემი ხელოვნება ხან რეალობიდან გაქცევის მცდელობა  და უკეთესი სამყაროს ძიებაა, ხან კი ცდა, რომ რეალური სამყარო გახდეს ადამიანებისთვის უკეთესი, სრულყოფილი თუ არა, სულიერი სიმშვიდისა და ჰარმონიის მომტანი მაინც   მხილველისთვის, თუნდაც ნახატთან ურთიერთობის პროცესში.
თუ მათ შემდეგაც გაჰყვებათ ეს განცდა, ესე იგი მისიას ვასრულებ, ესე იგი, არც  ისე ძალიან დამიგვიანია.
– ამბავი…
– იცით? თითქმის ყველა ნახატი რაღაც ისტორიითაა შექმნილი, ზოგი ისეთია, თვითონვე ჰყვება ამ ისტორიას. ყოფილა შემთხვევა, რომ ღამე გამღვიძებია და გამიგრძელებია ან დამისრულებია ნამუშევარი, რადგან მოსვენებას არ გაძლევს, სანამ იმას არ იპოვი, რაც გინდა.
არის შემთხვევა, როცა არ იცი, რა გინდა. გადაკრული, გამზადებული ტილოს წინ დგახარ, თითქმის ცახცახებ, სანამ პირველ მონასმს გააკეთებ, შემდეგ კი ის თავად მიგაქანებს თავის ნებაზე – საოცარი შეგრძნებაა!
სპონტანური ნახატები მეტწილად ძალიან ექსპრესიული და თავისუფალია.
ხელოვანი, მხატვარი თუ არის დაფასებული საქართველოში?
–  როგორ გითხრათ? მხატვარი ჩვენთან დაფასებულია იმდენად, რამდენადაც ქართველ ხალხს კარგად ესმის, როგორი ხელოვანები ჰყავს. ძალიან განათლებული და გემოვნებიანი ერია ქართველი ერი, ის შესაბამისად აფასებს თავის შვილებს – მოსწონს, ათვალიერებს, ეფერება (გამოფენებზე ტევა არ არის ხოლმე), მაგრამ შეუძლია კი ნამუშევრის შეძენა? აი, მეორე და მთავარი მხარეა. ძალიან ცოტას მიუწვდება ხელი საყვარელი მხატვრის ნახატზე, და ეს შესანიშნავი ნამუშევრები საზღვრებს გარეთ იყიდება. მხატვრისთვის ხომ ჰაერივით აუცილებელია სამუშაო მასალა.
ფერის გამახვილებული გრძნობა და დახვეწილი გემოვნება იგრძნობაალბათ ფერწერას უფრო ანიჭებთ უპირატესობას, თუმცა არანაკლებ საინტერესოა გრაფიკული ნამუშევრები
– ადრეულ წლებში ილუსტრაციებზეც მიმუშავია. შეიძლება ითქვას, რომ გრაფიკით და აკვარელით ავიდგი ფეხი. ამ ეტაპზე ზეთში ვხატავ. სამომავლოდ კი ვგეგმავ გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას. ვნახოთ…
– შთაგონება?
– შთაგონება თითქმის ყველაფრიდან მოდის, რაც ჩემ ირგვლივაა: მოვლენები, ბუნება, წიგნი, მუსიკა, სტიქიები, სიყვარული. თვითონ ხელოვნებაა ინსპირაციის მძლავრი წყარო მხატვრის შემოქმედებაში. ზოგჯერ ერთი დეტალი აღვიძებს ფანტაზიას და სრულიად ახალი სურათი იბადება, შეიძლება – მთელი სერიაც.
ნანობთ, რომ გვიან  გქონდათ პერსონალური გამოფენა. რატომ დაგიგვიანდათ და ეს დაგვიანება რა მხრივ აისახება მხატვრის შემოქმედებაზე?
– დიახ, ძალიან ვნანობ, რომ გვიან დავიწყე ნამუშევრების გამოფენა. ასე მოხდა მთელი რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო. ალბათ არ მოვინდომე სათანადოდ. არ ვარ აქტიური და ეს ცუდია. როცა გამოფენას გეგმავ, გაქვს მოტივაცია, პროექტი, მუდმივ მოქმედებაში ხარ, არ დუნდები. გამოფენიდან გამოფენამდე იზრდება მხატვარი. ცნობადობა ხომ აუცილებელია ხელოვანისთვის.
თვითრეალიზაციის საშუალება გამოფენაა.
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ეჰ, მე რომ რამის შეცვლა შემეძლოს?! ყველაზე მთავარს შევცვლიდი: ბოროტებას – სიკეთით, ღვარძლს – სიყვარულით, ადამიანთა კვლას – ერთმანეთზე და ბავშვებზე ზრუნვით.
– ჰობი…
–  ჰობი? იცით? აღარ მრჩება დრო. ოდესღაც თოჯინებს ვკერავდი. ახლა პატარა სტროფებს ვწერ ზოგჯერ, როგორც იტყვიან, ჭიას ვახარებ.
– რაზე მუშაობთ?
– კატალოგის გამოცემაზე ვმუშაობ და იმედი მაქვს, მალე ნახავს დღის სინათლეს. შემდეგი გამოფენის პროექტსაც ვამზადებ, რამდენიმე ტილო უკვე დავასრულე.
– გეგმები…
–  გეგმებზე თითქმის ვისაუბრე. განსხვავებულ ჟანრზე ვფიქრობ, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

                                                                                                                   თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები