„ჩვენ ირგვლივ უსიყვარულობას შევცვლიდი სიყვარულით“…

ინტერვიუ რომ შევთავაზე, ასე მიპასუხა: რა ხელოვანი მე ვარ! ცხოვრების ერთფეროვან და ნაცრისფერ დღეებს ვერშეგუებული, ამ გზით „ვიხალისებყოფასო.
ცხოვრების გზა კი იოლი და ნათელი ფერებით მოფენილი არ ჰქონია – პროფესიით ლითონმცოდნეა, მაგრამ ოჯახური პირობების გამო სახლის საქმეებზე გადართვამ მოუწია. ამბობს, რომ  42 წელია,  უფროსი შვილის  დიაგნოზით შინჩაკეტილი,  გარე სამყაროს მოწყდ. გზადაგზა საზრუნავი იზრდებოდა,  ახლობელ ადამიანებს მისი მოვლა და ყურადღება სჭირდებოდათ… დიდი ოჯახი თავისას ითხოვდა…
მოვწყდი მეგობრებს, როცა შენ ვერ მიდიხარ, როგორი კარგი მასპინძელიც გინდა იყო, მომსვლელი გიცოტავდება. დროც ისეთი დადგა – ჩაიკეტა ხახი.
ჰოდა, როცა ყველას ტკბილ სიზმრებში
დავაბინავებდი, ვდებოდი და ფუნჯის, კალმის და სხვა, კიდევ  ათასგვარი შუამავლით, ფურცელს ვუზიარე ჩემი ემოციები, გულში ვერდატეული და ვერგახარჯული პოტენციალით აბორგებული.
მიყვარს რიტმულად სიტყვების წყობა. რითმაც,  აქა – იქ თუ მომაკითხავსყავით ნახატები – ფინჯანში, ლამბაქზე… ნახავთ ჩემს ნათამაშევს, სიბერის წლებში.  სერიოზული ,,პროექტებისთვის” საჭიდებელი გულისცემა კი მაქვს და სურვილი, მაგრამ საამისოდ განსამარტოვებეი და თავთან განმარტოების დრო კი ნაკებად და, ამ დროს ელიან შეგროვილი მასალები – მატყლი (თექისთვის), ქვები, თევზის ძვლები, ხის ფესვები, ფოთლები,  ჰერბარიმები (ოშიბანასთვის) ასტელები, ფუნჯები. ია  ხორავა-ხაჭაპურიძის პერსონა.   

– ფოთში დავიბადე. და – ძმაზე უფროსი ვარ. დედა დამსახურებული პედაგოგი მყავდა დაწყებითების. მამა – ინჟინერი. უპატიოსნესი ადამიანები, ქალაქში სანიმუშო და დაფასებულნი. ოჯახი იყო ჩემი უდიდესი სკოლა, მშობლები  – პირველი  პედაგოგები.  ხატვაზე არასოდეს მივლია.  სკოლაში კი – ყველა კედლის გაზეთს მე ვაფორმებდი. ლექსებზე უფრო თავისუფალ თემებს ვწერდი, ჩანახატებს. ჩემი პირველი მკითხველი  და კრიტიკოსი მამა იყო. უკეთილშობილესი მამა მყავდა, ჩემს პატარა ქალაქში ყველას უყვარდა! მესახელებიან ჩემი მშობლები. ტკბილი, თბილი, ხმაშეწყობილი ოჯახი გვქონდა, თვალებით ვუგებდით ერთმანეთს დიდ-პატარა, სიტყვის უთქმელად!
დედა ხმებში სიმღერას გვასწავლიდა და ერთად სად აღარ გვამღერებდნენ.მთელი ქალაქი გვეფერებოდა. ბავშვობიდან მხოლოდ კარგი მოგონებები გამომყვა.
დიდად ვუმადლი  ჩემს სკოლას და  პედაგოგებს, რომ  წიგნიერების მადლს მაზიარეს.
ძალიან დატვირთული,  შემოქმედებითად სავსე  სკოლის წლები გავიარე. ყველგან ჩვენ ვიყავით.
–  პირველი ნამუშევრები…
– პირველი ნამუშევრები, ბუნებრივi მასალებით ნაკეთები ზღაპრის გმირები, 1967 წლის „პიონერის“ ივლისის ნომერში გამოქვეყნდა, მეორე კლასში რომ გადავედი.
მეხუთე კლასში,  გამოფენისთვის  დამავალეს და  მცენარის თესლებით მოვამზადე საბჭოთა საქართველოს გერბი ისე, რომ არცერთი თესლი არ უნდა შემეღება. თბილისში გამოგზავნამდე, პიონერთა სახლში თაგვებს შეაჭამეს.
გავიმარჯვე პიონერთა სახლში მოწყობილ კონკურსზე  – საუკეთესო ლექსების კრებული და ქების სიგელში მამის სახელი სამჯერაა გადასწორებული. მახსოვს – გული დამწყდა.

მხატვარ გოჩა ზირაქიშვილთან ერთად

– პროფესიით ლითონმცოდნე ხართ…
– პროფესიად ქიმიკოსობა ავირჩიე, ქულა დამაკლდა.   გადასვლის პერსპექტივით შემაფარეს სხვა ფაკულტეტს. აღარ ვინდომე, რადგან ძალიან კარგ  გარემოში  ინტერესი გამიჩნდა ლითონის ექიმობის. საინტერესო კვლევითი დიპლომიც მქონდა.
– ოჯახური პრობლემების გამო სახლიდან თითქმის ვერ გამოდიხართ. ალბათ ხატვაც და წერაც განმარტოების სურვილმა განაპირობა, ერთგვარი ამოსუნთქვა იყო…
– არა. წერა განმარტოების სურვილმა კი არა. მოძალებულმა ემოციებმა დამაწყებინა, გაუხარჯავი პოტენციალის შეუძლებლობამ:
რომ ვერ ვიხარჯები როგორც შემიძლია,
სხეულს უჯანყდება სული გატანჯული…
ენკაუსტიკის ჟანრშიცვილის პასტელით და უთოთი ხატავთ…  ასევე – ყავით, ქვით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, ძვლებით  როგორ არჩევთ მასალებს?
– მასალების შერჩევაზე რა გითხრათ – არ ვარჩევ, ამის დრო არ არის. რაც ხელში მომხვდება, შეხედვისთანავე ვგრძნობ – რა გამოვა.
ყავით ხატვა მაშინ დავიწყე, 3 წელი  დედას რომ ვუვლიდი, ჩავარდნილს და ოთახიდან ვერ გავდიოდი.
ბაღი მაქვს, ბოსტანი, ყვავილები  – ყველაფერს ხელი შევუშვი, მაშინ.
ვწერ და ვხატავ  ღამით, როცა ყველას სძინავს, ძილის მოკლების ხარჯზე. მიშლიან  – მთელი დღე იმდენი საქმე გაქვს, ახლა დაიძინეო.  მაინცდამაინც ვერ მიგებენ, რატომ ვიკლებ ძილს. მერე რა, რომ აკადემიურად ვერ ვხატავ, მხატვარი არ ვარ, არც პოეტი. მე ეს მჭირდება, მომკლავს ეს დაგროვილი მუხტი.
ზამთრის მარაგის მზადებისას ხახვის იმდენი ფუჩეჩი დამიგროვდა, ზოგით მატყლს შევღებავ თექისთვის, ზოგით – კვერცხებს, ნაწილს საკომპოსტე კასრში ჩავყრი, სასუქად, სხვას – ყვავილების და ჩითილების შესაწამლი ნაყენისთვის შევინახავ…ჰო, ეს ყვავილებიც ხახვის ფუჩეჩითაა, ლარნაკი კი მწვანილის კონებზე შემოხსნილი ძაფებით…
ჭურჭელზე ნალექიანი ყავით მოხატული გაქვთ პორტრეტები, პეიზაჟები...
– აბა, ვინ ყოფილხართ მკითხავთან და რამდენი ნანობთ მათი პრუტუნით გონის არევას?
შეგვინდოს, უფალმა! მე ყავის ნალექს მხოლოდ სახატავად ვიყენებ. რასაც დავინახავ, იმ ფიგურებს და გამოსახულებებს ზედმეტს ვაშორებ, რომ სხვამაც ადვილად დაინახოს. პრინციპში, ეს ხატვა არც არის, ნალექიდან გამოხსნას უფრო დავარქმევდი!
მიხარია! მიხარია…ისევ ადამი და ევა!!!…  (პაემანი ყავის ჭიქაში).
– ერთი ლექსი…

დავიღალე

ყოველი დილა,
მტვირთველობით
ჯვრისა – მათენებს
და ყოველ ღამე –
ჯოჯოხეთის
ცეცხლში ვდუღდები…
მილეთ მოყვასში,
ნუთუ, ხსოვნად
არსად ვანთივარ,
შემომაშველონ
სულის მოთქმად
ლოცვის წვიმები?
– ჰობი…
– ეს ყველაფერი ჰობია, აბა, პროფესიონალი არაფერში ვარ. მხოლოდ ავადმყოფების მოვლაში. დედამთილს (1,5 წელი), ქმრის დეიდას (4 წელი) ლოგინად მოვუარე. მოხუცებს ვუყვარვარ…
– ოჯახი…
– ერთგული მეუღლე მყავს, მშრომელი, ხელმარჯვე და  სიტყვის კაცი. ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს. მისი მხარში დგომაა ჩემი ძლიერება და, კიდევ ორი ვაჟი, ჩემი ოცნების ახდენები, საკუთარი საქმით   და დასახული მიზნისკენ შეუპოვრობით. საუკეთესო  რძალი, რომლისნაირსაც ვნატრობ უმცროსი ბიჭისთვისაც და ორი საოცრად ჭკვიანი, გონიერი, უკვე – წიგნის „ჭია“ ბიჭი, ბებოს გულის მალამოები!
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?

– რომ შემეძლოს, ჩემ ირგვლივ, უფრო სწორად, ჩვენ ირგვლივ უსიყვარულობას შევცვლიდი სიყვარულით. სადაც სიყვარულია, იქ სიკეთეა, უფალია და ვერ მკვიდრობს ბოროტება. სადაც სიყვარულია,  იქ სიმართლე და სინათლეა. სიყვარულში, სიმართლეში, სინათლეში კი ის სანუკვარი ბრწყინებაა,  რომელიც ყველას ნატვრაა, მაგრამ რომლისკენაც სავალი აქამდეც  სწორად ვერ აგვირჩევია!
–  გეგმები…
– მეუღლე – ჩარჩოებს კისრულობს, ძველი ნამუშევრების მოწესრიგება მინდა, უჩარჩოოდ მაქვს, ყუთში ჩაკეტილი. პატარა გამოფენას მოვიწყობ სახლში.

                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები