რუსეთის ციხეში 16 თებერვალს გარდაცვლილი 47 წლის რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე – იულია, ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღწერს ქმართან ერთად განვლილი პოლიტიკური ცხოვრების წლებს, მის დაპატიმრებას, აქციებს, მოწამვლას, გერმანიაში მკურნალობას, ისევ აქციებს და დაპატიმრებას.
იულია ნავალნაია ამბობს, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანი დაკარგა, ამავე დროს, ხაზს უსვამს, რომ ალექსეის სახით ასეთივე ადამიანი რუსეთში ბევრმა ადამიანმა დაკარგა.
“სამი დღის წინ, ვლადიმირ პუტინმა ჩემი ქმარი – ალექსეი ნავალნი მოკლა. პუტინმა ჩემი შვილების მამა მოკლა. პუტინმა წამართვა ყველაზე ძვირფასი, რაც მქონდა. მაგრამ პუტინმა ნავალნი თქვენც წაგართვათ. მასთან ერთად მას უნდოდა მოეკლა ჩვენი იმედი, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი. გაენადგურებინა და გაეთელა იმის საუკეთესო მტკიცებულება, რომ რუსეთი, შეიძლება იყოს განსხვავებული, რომ ჩვენ ვართ ძლიერი, რომ ვართ მამაცები და გვინდა სხვაგვარად ცხოვრება. მთელი ეს წლები ალექსეის გვერდით ვიყავი. მაგრამ დღეს მინდა ვიყო თქვენთან ერთად, რადგან ვიცი, რომ თქვენც ჩემზე ნაკლები არ დაგიკარგავთ.
ალექსეის მკვლელობით პუტინმა ჩემი ნახევარი მოკლა, ჩემი გულის და ჩემი სულის ნახევარი. მაგრამ მე მეორე ნახევარი მაქვს და ის მკარნახობს, რომ დანებების უფლება არ მაქვს.
მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. და მოგიწოდებთ, რომ ჩემს გვერდით დადგეთ. გაიზიაროთ არა მხოლოდ ის მწუხარება და გაუთავებელი ტკივილი, რომელშიც აღმოვჩნდით. გთხოვთ, ჩემთან ერთად ბრაზიც გაიზიაროთ.
ამ ადგილას მე არ უნდა ვიყო, ამ ვიდეოს მე არ უნდა ვწერდე. ჩემს ადგილას სხვა ადამიანი უნდა იყოს. მაგრამ ვლადიმერ პუტინმა ეს ადამიანი მოკლა”, – თქვა იულია ნავალნაიამ.