“ე.წ. “ფონდები“, ფინანსურ რესურსებს წარმართავდნენ დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის” – პროკურატურა

“ე.წ. „ფონდები“, მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის”, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

უწყების ცნობით, კერძოდ, მითითებული „ფონდებიდან“ ხდებოდა თანხების მიღება/გაცემა, მათ შორის, ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებული შემდეგი დანიშნულებით: ,,აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, ,,რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, ,,აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, ,,პიროტექნიკის შესაძენად“, ,,აირწინაღის შეძენა წინა ხაზის ბავშვებისთვის“ და სხვა.

“როგორც გამოძიებით დგინდება, დიდი ოდენობით თანხები დანიშნულებით: ,,წინა ხაზის ბავშვებისთვის აირწინაღების შეძენა“, განკუთვნილი იყო იმ ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებისთვის, რომლებიც სამართალდამცავებზე თავდასხმისას ე.წ. „წინა ხაზზე“ იმყოფებოდნენ და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს, რის შედეგადაც, როგორც უკვე აღინიშნა, ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო ათეულობით სამართალდამცავმა, ისევე როგორც აქციის მონაწილემ. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ე.წ. „ფონდები“, შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა – ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი“-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილია“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები