“ნებისმიერი ფონდი გამჭვირვალე უნდა იყოს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა თანხა საიდან შედის, რა ნაწილი ხმარდება სიკეთეს და სად იხარჯება; იმედია, ყველაფერი გაირკვევა” – ვოლსკი
“ნებისმიერი ფონდი გამჭვირვალე უნდა იყოს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა თანხა საიდან შედის, რა ნაწილი ხმარდება სიკეთეს და სად იხარჯება, იმედია, ყველაფერი გაირკვევა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
ის პროკურატურის მიერ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“იმედია, დაყადაღება დროებითია და ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ შეიძლება, ცუდი სურათი დაიხატოს, თუ გავიგებთ, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს რომელიმე ფონდიდან აფინანსებდნენ, ან ისეთი პიროტექნიკის ყიდვას აფინანსებდნენ, რომელსაც შეიძლება პოლიციელებისთვის სიკვდილი მოეტანა და გამოყენებული ყოფილიყო შეტაკებებისას. „ნანუკას ფონდზე“ არ ვსაუბრობ, თუმცა ასეთი ფონდებიც არსებობს. დაყადაღება ერთჯერადი აქტი არ არის და ყველაფერი შესწავლილი უნდა იყოს. არ ვფიქრობ, რომ ცუდია, როცა სტიქიის დროს დახმარებაში ჩართულ ადამიანებს აფინანსებენ, მაგრამ სცენარი – მოჩვენებითი გაწმენდა, ხელისუფლების გინების ფონზე ბარებით მუშაობა და დადგმული სცენარი, თითქოს ერთი კვირა გაუვალ ტყეში შედიოდნენ და გაათავისუფლეს ქალი, რომელიც ვითომ ხელისუფლებას მიტოვებული ჰყავდა, თუ ეს სცენარებია დაფინანსებული, რასაკვირველია, კარგი არ არის. ეს ერთმანეთთან რა კავშირშია? – ვნახოთ, შემოწმება რა შედეგს დადებს. იმის თქმა, რომ კანონი დაარღვიე და ფულს გადავიხდიო, ქვეყნისთვის კარგი არ არის. კანონი არ უნდა დაარღვიო. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში რომ არის, ბევრმა დემოკრატიულმა ევროპულმა ქვეყანამ დაიკვეხნოს”, – აღნიშნავს ვოლსკი.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ანხორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.