ჩრდილოეთ მაკედონიაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა
ჩრდილოეთ მაკედონიამ შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის გამო, რომლის შედეგადაც სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ხელისუფლებამ 15 ადამიანი დააკავა და შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ წინასწარი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კლუბი შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მუშაობდა.
„ამ კომპანიას არ აქვს მუშაობის ლეგალური ლიცენზია. ეს ლიცენზია, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ მაკედონიაში, დაკავშირებულია მექრთამეობასა და კორუფციასთან“, – განუცხადა პანჩე ტოშკოვსკიმ ჟურნალისტებს.
კონცერტის მიმდინარეობის დროს გაისროლეს ფეიერვერკი, რამაც შენობის სახურავზე ცეცხლი გააჩინა. ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, დროულად ამოქმედდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემაც, თუმცა იმის გამო, რომ ინტერიერი აალებადი მასალით იყო მოპირკეთებული, ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდა.
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს აუნაზღაურებელი ტრაგედია უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრა. ქვეყანაში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.