ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც ხელს უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა.
ამის შესახებ მან Twitter-ში (X) დაწერა.
მისი თქმით, ორი მნიშვნელოვანი დღე ეწყება.
“გერმანიასა და საფრანგეთში შეხვედრები პარტნიორებთან, ახალი შეთანხმებები, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, ისევე – როგორც ახალი შესაძლებლობები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს უკრაინისთვის სამართლიანი პირობებით და უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ ზელენსკი დღის პირველ ნახევარში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება, რომელთან ერთადაც ხელს უკრაინის უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერს.
დღის მეორე ნახევარში ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
უკვე ხვალ, 17 თებერვალს უკრაინის ლიდერი, სავარაუდოდ, ასევე, დღის პირველ ნახევარში ელისეის სასახლეში ანალოგიურ შეთანხმებას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად მოაწერს.
ასევე ცნობილია, რომ 17 თებერვალს ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრებს.