ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, დაიბადა 2014 წლის 12 ნოემბერს თბილისში. სწავლობს თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში. ხატვა დაიწყო 5 წლის ასაკიდან. ხატვის გაკვეთილებზე კი 7 წლიდან დადის.
საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის მიერ ორგანიზებული პირველი გამოფენა 2022 წელს ჰქონდა; მეორე გამოფენა 2023 წელს სამების საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა, რომელიც პატრიარქის 90 წლის იუბილეს ეძღვნებოდა; მესამე გამოფენა კი, რომლის სახელწოდებაც იყო – ,,მე მინდა საქართველო მიცნობდეს“, 2023 წელს ჩატარდა.- მარიამ კაჭკაჭურის პერსონა.
– პირველი ნახატები…
– ჩემი პირველი ნახატებია: მულტფილმის პერსონაჟები, ფისო, მზესუმზირები, თევზები, ანგელოზი.
– თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლობთ. სწავლა და ხატვა – დროს როგორ ანაწილებთ?
– სკოლაში მეორე ცვლაში ვარ, გაკვეთილები საღამოს 4 საათზე სრულდება, მაგრამ ასეთი გრაფიკის მიუხედავად, არ არსებობს, რომ არ დავხატო…
– პირველი მხატვარი, რომელიც შეგიყვარდათ…
– ნიკო ფიროსმანი…
– ნახატი – თქვენი შემოქმედებიდან…
– ჩემი ნამუშევრებიდან ყველა ძალიან მომწონს, მაგრამ გამოვარჩევდი პირველ შეკვეთას – „კესანებს“.
– ირინა ჩიტაშვილის მოსწავლე ხართ…
– ირინა მასწავლებელი ძალიან დამეხმარა ჩემი ნიჭის განვითარებასა და ტექნიკის დახვეწაში, ასევე, მის გაკვეთილებზე შევიძინე ახალი მეგობრები.
– პირველი გამოფენა… განცდები, მაინც პირველი იყო…
– ჩემს პირველ გამოფენაზე ძალიან დაბნეული ვიყავი, ვღელავდი და განვიცდიდი.
– კიდევ ორ გამოფენაში მონაწილეობდით…
– სამივე გამოფენა შესანიშნავი იყო, მაგრამ მაინც გამოვარჩევ „კრეატივ ივენთის“ მიერ ორგანიზებულს – „მე მინდა საქართველო მიცნობდეს“…
– ნახატის ისტორია…
– ყველაზე მეტად ფისოს ისტორია მომწონს, რომელიც მინდორში იწვა, ყვავილებს და პეპლებს აკვირდებოდა, ისეთი საყვარელი იყო… ასე დაიხატა „თეთრი ფისო“.
– ჰობი…
– კოლაჟების შექმნა, ცეკვა და მუსიკა.
– ალბათ დახატული გექნებათ ავტოპორტრეტი… თუ არა, როგორ დახატავდით თქვენს ავტოპორტრეტს?
– ავტოპორტრეტის დახატვა ცოტა რთულია, რადგან საკუთარი თავი უნდა დახატო. ჯერ მხოლოდ 9 წლის ვარ, ვერ ვფიქრობ, როგორი შეიძლება ვიყო მომავალში.
– ამჟამად რას ხატავთ?
– „თამარ მეფეს“…
თამარ შაიშმელაშვილი