სენაკის რაიონში დაიბადა. ჭადრაკის, წიგნის და წერის სიყვარული სკოლიდან მოჰყვება. ოლიმპიადებში გამარჯვებულს ჯილდოები არ დაჰკლებია… და მაინც, თბილისის მართვის ინსტიტუტი ეკონომიკის განხრით დაამთავრა.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. თბილისის ტრიკოტაჟის სახალხო კონტროლის კომიტეტის საწარმოო გაერთიანებას თავმჯდომარეობდა… იყო თბილისის გლდანის რაიონის დეპუტატი, დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე…
მოგვიანებით, კინოს სახლში მისი ორგანიზებით ტარდებოდა შეხვედრები ცნობილ მწერლებთან, ხელოვანებთან…
ამ ბოლო დროს აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა. „ქართულ TV“-ში გადაცემა „ხელოვნების დროს“ – ავტორი და წამყვანი იყო, ამჟამად კი „TV პლუსში“ იმავე სახელწოდების გადაცემის ავტორი და წამყვანია. – ჟურნალისტ ირინე თურქიას პერსონა.
– ბავშვობა სამეგრელოში, ტეხურის პირას, ლამაზ სოფელ გეჯეთში გავატარე…ლაღი და საინტერესო ბავშვობა მქონდა, მე და ჩემი და-ძმა მანანა და სოსო ამავე სოფლის სკოლაში ვსწავლობდით და გამოვირჩეოდით მაღალი აკადემიური მოსწრებით, დისციპლინით, ვმონაწილეობდით სხვადასხვა საგნობრივი წრისა და მხატვრული შემოქმედების ჯგუფში.
სკოლის გვერდით იყო სოფლის ბიბლიოთეკა, რომელსაც ხშირად ვსტუმრობდი, ვარჩევდი და საინტერესო წიგნები სახლში მომქონდა, თუმცა სახლშიც საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა, პირველი სადიდო წიგნი, რომელიც მხოლოდ დავათვალიერე, რადგან მიუხედავად ასოების ცნობისა, ვერ გავიგე, „ვეფხისტყაოსანი“ იყო, ზიჩის დასურათებული, რომელიც დედას, ლეილა სანიკიძეს დაახვედრა ბებიამ, ამელია დადიანმა, საუკეთესო სურვილებით და მეტად თბილი წარწერით.
წიგნი ჩემს ოჯახში ყველას უყვარდა. ერთმა ჩემმა ნათესავმა (მარინა ახვლედიანმა) ახლახან გამახსენა, ჩვენს ეზოში დავრბოდით და ვთამაშობდით, შენ აივანზე წიგნს კითხულობდიო.
ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი, ყველგან და ყოველთვის უამრავ კითხვას ვსვამდი. დედამ მითხრა, პირველად სიტყვა კი არ მითქვამს, ხელი მაგიდისკენ გავიშვირე თურმე, სადაც მაგიდის საათი იდო. სრულიად გამართულად მიკითხავს: „თენა მურე დედა“? („ეს რა არის დედა“?).
სკოლაში, როგორც უკვე აღვნიშნე, სხვადასხვა წრის საქმიანობაში ვიყავი ჩართული, ვმონაწილეობდი სასკოლო და რეგიონალურ საგნობრივ ოლიმპიადებში, განსაკუთრებული სიხარული მომიტანა ქვეყნის მასშტაბით ლიტერატურულ ოლიმპიადაში გამარჯვებამ, რომელიც თბილისში, 24-ე სკოლაში ჩატარდა. ამის გამო სხვა ჯილდოებთან ერთად რაიონულმა სასკოლო განყოფილებამ ჭადრაკით და საჭადრაკო საათით დამაჯილდოვა. დღემდე ვინახავ ამ ძვირფას საჩუქარს, სკოლის ჩემპიონიც ვიყავი გოგონათა შორის ჭადრაკში.
– და მაინც, თბილისის მართვის ინსტიტუტი ეკონომიკის განხრით დაამთავრეთ. რატომ ეკონომიკა?
– ჰუმანიტარული საგნებისადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად, არჩევანი მაინც პრაგმატულად, ეკონომიკის ფაკულტეტზე შევაჩერე, თბილისის მართვის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე წარჩინებით, წითელ დიპლომზე, საბაჟო საქმიანობის ეკონომიკის და მართვის სპეციალობით. ეს ფაკულტეტი იმ დროისათვის ახალი და საინტერესო იყო – გამიმართლა და საუკეთესო პედაგოგები მყავდა – სკოლაშიც და ინსტიტუტშიც. მათი მადლობელი ვარ და მუდამ ვიქნები.
ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების სურვილი გარკვეულწილად მიმაღებინა იმანაც, რომ წლების განმავლობაში ვმუშაობდი დიდ ქალთა კოლექტივში, ტრიკოტაჟის საწარმოო გაერთიანებაში, სხვადასხვა პოზიციაზე, ვხელმძღვანელობდი ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის სათავეში იმ პერიოდისთვის იყვნენ ქვეყნის საამაყო ადამიანები – ჟიული შარტავა, მამუკა ასლანიკაშვილი, ნ. გიორგაძე, ა.ჩიქვინიძე, ი.მაღლაკელიძე. ვმუშაობდი გაერთიანების სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ, კონტროლის ორგანოებში აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობისთვის სრულიად ახალგაზრდა დამაჯილდოვეს ქვეყნის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ამავე პერიოდში ამირჩიეს თბილისის გლდანის რაიონის დეპუტატად, დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ.
– კინოს სახლში თქვენი ორგანიზებით ტარდებოდა შეხვედრები ცნობილ მწერლებთან… რით იყო დასამახსოვრებელი ის პერიოდი?
– იმის მიუხედავად, რომ პროფესიულადაც და საზოგადოებრივი საქმიანობითაც ყოველთვის დატვირთული ვიყავი, სულ რაღაც უფრო საინტერესოს ვეძიებდი და ეს რაღაც აღმოჩნდა ლიტერატურული საღამოების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარება კინოს სახლში.
ნანა ზარდიაშვილის, ნინო გუგეშაშვილის, თამაზ მეტრეველის, თამაზ ექვთიმიშვილის, ლიკა ყიფშიძის, თამუნა ხელაძის, დავით ახლოურის და მრავალი სხვა საინტერესო ავტორის წიგნის პრეზენტაცია ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე წარმატებით სწორედ კინოსა სახლში გაიმართა. მსგავს ღონისძიებებს ვატარებდით სამებაშიც, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, რომლის ხელმძღვანელი მაშინ გიორგი ფარეშიშვილი იყო, აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა მას.
ყველა ღონისძიება, რომელიც წლების განმავლობაში საინტერესოდ ჩატარდა, გიორგის უშუალო დახმარებით გახდა ყველასთვის საყვარელი.
ახალგაზრდულ ცენტრში ნამდვილ დღესასწაულად იქცა კომპოზიტორ ნუგზარ თუშიშვილის შემოქმედებითი საღამო. ბატონი ნუგზარის თითქმის ყველა სიმღერა ჰიტია. მისი სიმღერები შეასრულეს და კომპოზიტორისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატეს ჩვენმა სახელოვანმა მომღერლებმა: თემურ წიკლაურმა, მერაბ სეფაშვილმა, ტატო გოდერძიშვილმა, ჯაბა მესტვირიშვილმა, ინგა ბერაძემ და სხვებმა.
იმ პერიოდში, როცა კინოს სახლში ღონისძიებებს ვატარებდი, ტელეკომპანია „ობიექტივი“ კინოს სახლიდან მაუწყებლობდა. ამ ტელევიზიით ხშირად შუქდებოდა ჩვენი ლიტსაღამოები, ხშირად სხვადასხვა საჭირო ნივთს – მიკროფონებს, ხმის გამაძლიერებლებს, და სხვა რამეებს მათგან ვთხოულობდით, სწორედ ამ ტელევიზიის თანამშრომლებმა, ძალიან კარგმა ადამიანებმა, ჟურნალისტმა გია გაბრიჩიძემ და კოტე ინაშვილმა (ნათელი დაადგეთ) მირჩიეს სატელევიზიო გადაცემების გაკეთება საჭირო რჩევა-დარიგებებიც მომცეს, რისთვისაც ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები და ლოცვებშიც ხშირად ვიხსენიებ.
– ამ ბოლო დროს აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევით. „ქართული – TV“-ში გადაცემა „ხელოვნების დროს“ – ავტორი და წამყვანი იყავით, ამჟამად კი „TV პლუსში“ „ხელოვნების დროს“ ავტორი და წამყვანი ხართ… მრავალ საინტერესო ადამიანს შეხვედრიხართ…
– შემდეგ იყო TV „ქართული“… საქმიანობა საინტერესო და ნიჭიერი პროფესიონალების ხელმძღვანელობით. მადლიერი ვარ თითოეული მათგანის.
რაც შეეხება გადაცემებს, და რომელს გამოვარჩევდი, სავარაუდოდ, როგორც თქვენ, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი თამარ შაიშმელაშვილი, ვერ გამოარჩევთ თქვენი მდიდარი შემოქმედებიდან რომელიმეს, მეც მიჭირს, რადგან ჩემი გადაცემის თითოეული სტუმარი განსაკუთრებული ინდივიდუალიზმითა და საკუთარი ხელწერით გამორჩეულია, მაგრამ რამდენიმეს მაინც გამოვყოფ.
განსაკუთრებულად დამამახსოვრდა და ყოველთვის ვიამაყებ ეპოქის ისეთ ადამიანებთან სტუმრობით და საუბრით, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა. მათგან ერთ-ერთია ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე, რომელმაც შემომთავაზა გადაცემათა ციკლი ბაგრატოვანთა დინასტიაზე, მითხრა, იმდენი გამოქვეყნებული მასალა მაქვს ამ თემაზე, ათ გადაცემას ეყოფა და სიამოვნებით გავაჟღერებ თქვენი ეთერიდანო, სამწუხაროდ, არ დაგვცალდა.
ქალთა საბჭოს მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ ასევე ეპოქის ქალბატონმა მზექალა შანიძემ, თუ დრო გაქვს, მინდა ძველ პლეხანოვზე ფეხით გავისეირნოთო…, ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მისი ბრძნული დარიგებაც მოვისმინე და სამომავლო გეგმებიც ახსენა – ბევრს ვმუშაობ, ჯერ ბევრი რამე მაქვს მოსასწრებიო. გაგვანდო – ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა მანქანის ტარებაო.
დასამახსოვრებელი იყო სტუმრობა ჯანო ბაგრატიონთან და საუბრის ბოლოს მის მიერ ჩემი გადაცემისთვის შესრულებული ბაგრატიონთა ოჯახის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი – სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“.
ასევე საუკუნის მოცეკვავედ აღიარებულ ფრიდონ სულაბერიძეს ისევ ის ცეცხლი ენთება თვალებში და რიხი ემატება ხმაში, როდესაც მის განვლილ გზაზე, დაუვიწყარ ცეკვებსა და საყვარელ ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეთა დასის წარმატებებზე საუბრობს, როგორც მისი ხელმძღვანელი.
როგორ არ გავიხსენო გადაცემა „ღიმილის ჭაღარა „ბიჭები“, რომელიც კინოფილმ „ღიმილის ბიჭების“ საიუბილეო 50-ე წლისთავს მივუძღვენით და რომელიც დიდი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის კაბინეტში ჩავწერეთ. საინტერესოდ ისაუბრეს ფილმის გადაღების პროცესზე მსახიობებმა: კახა ქორიძემ, ბიძინა ჩხეიძემ, ლეილა ყიფიანმა.
ტელევიზიის ისტორიაზე, პირველ გადაცემებზე საინტერესოდ გვესაუბრა ლია მიქაძე, რომელმაც პირველმა ამცნო ქვეყანას ცისფერი ეკრანის აციმციმება.
ბევრმა არ იცოდა, რომ ცნობილი ენათმეცნიერი გუჩა კვარაცხელია საუცხოო მხატვარი და შესანიშნავი ლექსების ავტორი იყო. ზ. წერეთლის თანამედროვე სამხატვრო გალერეაში გაიმართა მისი ნახატების გამოფენა – „ჩემი ფერადი და შავ-თეთრი“ ცხოვრება, მითხრა, რომ უყურებს ჩემს გადაცემებს და მოსწონს ჩემი სასაუბრო ენა. სიამაყით ავივსე, იქვე საჩუქრად გადმომცა საკუთარი ლექსების წიგნი, საოცრად თბილი ავტოგრაფით.
ძალიან დამწყვიტა გული ასევე ეპოქის ადამიანის, საოცარი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებამ. როგორი თბილი, უშუალო, იუმორით სავსე იყო, პაპანაქება სიცხეში ვესტუმრეთ გადაცემის ჩასაწერად მე და ოპერატორი თინა თაყაძე. უამრავი მრავალი სახეობის ნაყინი დაგვახვედრა, მე მიყვარს და თქვენც მიირთვითო.
თინამ, გავიყინე მეტი არ მინდაო, მე კი ხათრით ბოლომდე გავუწიე კომპანიონობა, კაი ხანი ნაყინისკენ არ გამიხედავს. ყოველ შეხვედრაზე მახსენებდა, „ნაყინი ფართი“ როდის მოვაწყოთო, ნათელი დაადგეს…
განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო თემურ ჩალაბაშვილთან ინტერვიუ – ერთ-ერთი გამორჩეული გადაცემა, სადაც ნათლად ჩანს მისი პიროვნული ღირსებები: უბრალოება, თავმდაბლობა, ჭეშმარიტად სახალხო პოეტობა.
ამჟამად „TV პლუსში“ ვარ და მაქვს საავტორო გადაცემა „ხელოვნების დრო”. ჩემი გადაცემის მიზანია, საზოგადოებას წარვუდგინო და მეტი ინფორმაცია მივაწოდო მწერლების, პოეტების კულტურისა და ხელოვნების იმ მოღვაწეთა საქმიანობაზე, რომლებმაც დაიმსახურეს ხალხის სიყვარული და დაიმკვიდრეს ადგილი. ასევე მსურს ღირსეულად წარმოვაჩინო ახალგაზრდა დამწყები იმედის მომცემი ხელოვანები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, თეატრისა და კინოს მსახიობები, რეჟისორები, რომელთა საქმიანობასაც პოპულარიზაცია და წარმოჩენა სჭირდება.
– დღეს ტელევიზიების სიმრავლეა. კარგია, რომ ადამიანებს, პიროვნებებს ყურადღება ექცევათ… მაგრამ აკადემიურობით და პროფესიონალიზმით ბევრი ვერ დაიკვეხის… რა ფაქტორი განაპირობებს, რომ გადაცემა საინტერესო გამოვიდეს?
– იმის მიუხედავად, რომ TV სივრცეში დღითი დღე მატულობს ახალი ტელეკომპანიები, ვფიქრობ, ხელოვნება და კულტურა სათანადოდ მაინც არ არის წარმოჩენილი. მეტ დროს გასართობ შოუებს უთმობენ. შემეცნებითი, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები, ასევე მწერლობასა და პოეზიაში მიმდინარე პროცესები, ვფიქრობ, მეტი აკადემიურობით და პროფესიონალურად უნდა წარვუდგინოთ საზოგადოებას. ხშირად ისეთ საინტერესო, ნიჭიერ პროდუქტიულ ხელოვანს ისე უღიმღამოდ წარმოგიდგენენ, გული გწყდება. მქონია მსგავსი შემთხვევა. როდესაც სტუმარს იწვევ, კარგად უნდა იცნობდე მის შემოქმედებას და საუბარიც კარგად აეწყობა, არასდროს ჩამიწერია გადაცემა წინასწარ დაზუთხული კითხვებით.
ვთვლი, რომ ყველა რესპონდენტი ინდივიდუალურია თავისი შემოქმედებითი სამყაროთი და ყველა კითხვა მის პიროვნულ თვისებებზე უნდა იყოს მორგებული, სატელევიზიო გადაცემები მაინც გამომსახველობით ეფექტებზეც არის დამოკიდებული და უკეთესი გამოდის, როცა სტუდია, ფონი, ფერები, განათება, მუსიკა, გადაცემის ქუდი გემოვნებით არის შერჩეული. რაც უნდა ეცადო, თუ ტექნიკურად ეს ყველაფერი არ არის ჰარმონიაში, გადაცემა ხარისხს კარგავს. სხვა თემაა კიდევ ხარისხიანი მონტაჟი, მონტაჟის დროს თუნდაც ერთ არასწორად ამოღებულ სიტყვას ან კადრს შეუძლია მთელი გადაცემის შინაარსის შეცვლა. მქონია მსგავსი ფაქტიც,
– ხართ რამდენიმე აკადემიის ნამდვილი წევრი, ქალთა საბჭოს წევრი… ჩართული ხართ საზოგადოებრივ საქმიანობაში… რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– გავიმეორებ საყოველთაოდ ცნობილ სიტყვებს: „პირი მეპურეს გამოაცხობინე და მისთვის ერთი პურის მიცემა არ დაგენანოს“. მეტი პროფესიონალი ყველა საქმეში და სათანადო ანაზღაურება.
– ფიქრობთ, რომ ამ გადაცემით თქვენი თავი იპოვეთ?
– ვფიქრობ, კი, რადგან სიხარულით ვაკეთებ საყვარელ საქმეს, მაქვს ჩემი ნიშა, ხელწერა, თუმცა ბუნებით მაძიებელი ვარ და სულ მინდა ახალ-ახალი საინტერესო ხალხი ჩემ გარშემო.
თამარ შაიშმელაშვილი