„დღემდე საოცარი სიხარული მიპყრობს, როდესაც კანკელს ვუყურებ. ზოგჯერ არც მჯერა, რომ ხატები ჩემი დაწერილია“ – ფილოლოგი და ხატმწერი, რომელიც საყვარელი მწერლების პორტრეტებს ხატავს

დაიბად საჩხერეში. ხატავდა, მონაწილეობდ რაიონულ კონკურსებში. მხატვართა ბანაკებში დადიოდა… ამბობს, რომ თავიდან უბრალოდ, ადამიანების ხატვა  სიამოვნებდა. შემდეგ სასულიერო სემინარიაში ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩააბარა, 2013 წელს კი ქაშვეთის ხატწერის სკოლაში.
2015 წლიდან წმინდა დიმიტრი ყიფიანის ტაძრის სახელოსნოში
 ხატმწერად მუშაობდ. ტაძრის კანკელის ხატები მისი დაწერილია.
ბავშვობიდან ხატვასთან ერთად უყვარდა ლიტერატურა, წერდ დღიურებს, ლექსებსა და ჩანახატებს. სწორედ ლიტერატურის სიყვარულმა გადააწყვეტინა, კვლავ სტუდენტად გახდომა. 2019 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. მალევე მივხვდი, რომ ვიპოვე გზა, რომლისკენაც შინაგანად სულ მვისწრაფოდი...
იყო აქტიური სტუდენტი, მონაწილეობდა სტუდენტურ კონფერენციებსა და ღონისძიებებში. აქვეყნებდ სამეცნიერო სტატიებს. უნივერსიტეტში სწავლის დროს ახალი შთაგონებით კვლავ მიუბრუნდა ხატვას. – ხატმწერის და ფილოლოგის და მწერლის, ქეთო ყიფიანის პერსონა.

საჩხერეში დაიბადეთ. ოჯახი, გარემო… ხატავდით ბავშვობიდან. მონაწილეობდით კონკურსებში…   ყველაზე მეტად  კი ადამიანების ხატვა მოგწონდათ…
– იმერეთი მზით და სიყვარულით სავსე ადგილია, როგორც საქართველოს ნებისმიერი კუთხე. ქალაქ საჩხერეში საოცრად თბილ და ლამაზ გარემოში გავიზარდე. იცით, როგორი მძიმეც იყო 90-იანი წლები? მაგრამ ჩემი ქალაქის სითბოს, იქ მცხოვრები ხალხის სიკეთის, მეზობლობის, მეგობრობის, ადამიანობის გამო მე ეს სირთულე არ მიგრძნია. ერთმანეთს უზიარებდნენ სიხარულსაც და მწუხარებასაც, ღუმლის სითბოსა თუ თბილ პურს, ყველაფერს, რაც ჰქონდათ. ჩემი ოჯახი ასეთი იყო და მათიც, ვისაც ვიცნობდი.
სასულიერო პირის ოჯახში გავიზარდე, ტაძარი ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო და არის. 12 წლიდან სკოლის დასრულებამდე საჩხერის საკათედრო ტაძრის მგალობელი ვიყავი. ამ ყველაფერმა განსაზღვრა ჩემი გზა.
მყავს: დედა, მამა, ორი და და ერთი ძმა.
მე უფროსი შვილი ვარ და ბავშვობიდანვე გაცნობიერებული მქონდა ეს პასუხისმგებლობა. ვიცოდი, გარკვეულწილად გზის მაჩვენებელი ვიყავი უმცროსებისთვის, ამიტომ ვცდილობდი, კეთილი მაგალითი მიმეცა. რამდენად გამომივიდა, არ ვიცი.
ბავშვობიდან ვხატავდი, თუმცა თავდაპირველად დედამ ფორტეპიანოზე შემიყვანა, მაგრამ არ გამოვიდა ჩემგან პიანისტი. ერთ შენობაში იყო მუსიკისა და ხატვის სკოლა. გულით და სულით მუდამ მესამე სართულზე ვიყავი, სადაც საღებავები, ქაღალდი და მოლბერტი მეგულებოდა. აღარ მაწვალეს და ხატვაზე შემიყვანეს. საოცარი, კეთილშობილი მასწავლებელი მყავდა, სულმნათი ადამიანი, ბატონი ელგუჯა ჯოხაძე. მისი წყალობით ულამაზესი მოგონებები დავაგროვე მხატვართა ბანაკებში და ბევრ გამოფენასა და კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ძალიან მიყვარდა პორტრეტების ხატვა.
მომწონდა, როდესაც ადამიანთა ემოციები ქაღალდზე გადმომქონდა. ხშირად ვაკვირდებოდი საუბრის დროს, როგორ იღიმოდნენ, თუ იწყენდნენ. ყველაფერი თვალებში ისახებოდა, ამიტომაც ყველაზე მეტად თვალების ხატვა მიყვარდა და დღემდე ასეა. სწორედ თვალებშია მომწყვდეული ყოველი ადამიანის პატარა სამყარო. ხატვასთან ერთად განსაკუთრებულ სიყვარულს ვამჟღავნებდი მხატვრული ლიტერატურისადმი. საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი, მიყვარდა სცენა და თუ რამ ღონისძიება იმართებოდა, ვმონაწილეობდი, მათ შორის, მხატვრული კითხვის კონკურსებშიც.
სასულიერო სემინარია  ფსიქოლოგიის განხრით დაამთავრეთ, შემდეგ ქაშვეთის ხატწერის სკოლაში სწავლობდით…
–  სასულიერო სემინარია არ დამისრულებია, მალევე მივხვდი, ფსიქოლოგია არ იყო ის მიმართულება, სადაც ჩემს თავს ვხედავდი. არ იყო ის საქმე, რისი კეთებაც მსურდა, ამიტომ, როგორღაც გავბედე და წამოვედი.
ქაშვეთის სკოლას რაც შეეხება, ძალიან საინტერესო, მზით სავსე  პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. თავდაპირველად, როდესაც სახელოსნოში სხვა სტუდენტების ნამუშევრებს შევხედე, შევშინდი კიდეც, დავეჭვდი, შევძლებდი თუ არა, სულიერი მზაობაც ხომ საჭიროა, როდესაც სიწმინდეს ეხები. ხატვით კი ვხატავდი, მაგრამ ხატწერის ტექნიკა ხატვისგან ძალიან განსხვავდება. მართლაც, როგორც წერას სწავლობ, ასევე უნდა ისწავლო მისი შესრულება, ამასთან, თითოეულ დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს, კანონიკა არ უნდა დაირღვეს, ამიტომ პასუხისმგებლობის გრძნობაც დიდი იყო, თუმცა ღვთის მადლით ყველაფერი სწრაფად ავითვისე და შიშიც გაქრა.
დღემდე მომყვება ის სითბო და სიყვარული, რაც იქ სწავლის დროს მივიღე. რაც მთავარი იყო, მივხვდი, რომ როდესაც გრძნობ, არ ეკუთვნი იმ გარემოს, სადაც ხარ, უნდა გაბედო და ახალი გზის ძიება დაიწყო. თუ გულით ეძიებ, აუცილებლად იპოვი ადგილს, საქმეს, რომელიც სიხარულს მოგანიჭებს.
– 2015 წლიდან წმინდა დიმიტრი ყიფიანის ტაძრის სახელოსნოში  მუშაობდით ხატმწერად. მოხატეთ ამავე ტაძრის კანკელის ხატები…   ტაძრის მოხატვა ალბათ განსაკუთრებულ ემოციას უკავშირდება…
– სახელოსნოში მუშაობის მიუხედავად, ვერ წარმომედგინა, რომ მე შევასრულებდი წმინდა დიმიტრი ყიფიანის ტაძრის კანკელის ხატებს. როდესაც წინამძღვარმა, მამა მალხაზ ყიფიანმა მითხრა, რომ სურდა, ხატები ყიფიანს შეესრულებინა.
მახსოვს, სიხარული და შიში ერთად ვიგრძენი. უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ვთვლიდი, რომ არ მქონდა საკმარისი გამოცდილება და ასეც იყო, მაგრამ წმინდა დიმიტრის კურთხევად მივიღე და ახლა, როდესაც იმ პერიოდს ვიხსენებ, ვამბობ, რომ თავისით დაიწერა ოთხივე ხატი. არანაირი შიში არ მქონდა მუშაობის პროცესში, პირიქით, უსაზღვრო სიმშვიდეს და მადლიერებას  ვგრძნობდი.
დღემდე საოცარი სიხარული მიპყრობს, როდესაც კანკელს ვუყურებ. ზოგჯერ არც მჯერა, რომ ჩემი დაწერილია.
– 2019 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ. ხატვასთან ერთად წერდით დღიურებს, ლექსებს, ჩანახატებს…
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვობიდან ვხატავდი და ვწერდი, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ორივე შევწყვიტე. იმ პერიოდში მხოლოდ ხატებს ვწერდი. როგორ გითხრათ, ალბათ ეს საქმე მთლიან გულსა და სულს მთხოვდა. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ხატვას და წერას. წერა ხომ ისედაც ჩემი პროფესიის ნაწილია.
როდესაც სტუდენტობის წლებზე მეკითხებიან, მუდამ ვპასუხობ, რომ ეს იყო ჯადოსნური წლები. სწავლის სირთულეებთან ერთად, მისი სიხარულიც უამრავჯერ გამოვცადე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ორი წელი დისტანციურად ვსწავლობდით, რაც, რა თქმა უნდა, ზღუდავდა სტუდენტს საკუთარი თავის გამოხატვაში, დაბრუნების შემდგომი პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ცოცხალ ურთიერთობებს ვერაფერი ანაცვლებს. თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდი იყო. ვმონაწილეობდი სტუდენტურ კონფერენციებში, ვწერდი სამეცნიერო სტატიებს და ვაქვეყნებდი, მათ შორის ჟურნალ „ანეულში“. ჩემს ძვირფას ლექტორებთან და მეგობრებთან ერთად ვატარებდი საინტერესო ღონისძიებებს. საოცარი ადამიანები შევიძინე, როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების სახით.
– ამ ბოლო დროს ისევ დაუბრუნდით ხატვას და ბავშვობაში ადამიანი რომ გიტაცებდათ, ამის დასტურად რამდენიმე პორტრეტი დაიხატა… ქართველი მწერლების…
–  უნივერსიტეტში შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენთვის საინტერესო საგნები გავიაროთ. იმის გამო, რომ აღარ თუ ვეღარ ვხატავდი, გადავწყვიტე, სახვითი ხელოვნების საგანი გამევლო. ეს იყო საკუთარი თავის ერთგვარი იძულება, რომ კვლავ დამეწყო ხატვა. ჰოდა, პირველივე ლექციაზე მივხვდი, თსუ-ის სხვენი (სადაც სახვითი ხელოვნების ლექციები ტარდება) ჩემს უსაყვარლეს ადგილად იქცეოდა. საოცრად თბილი გარემო დამხვდა. შექებამ და სიყვარულით სავსე დამოკიდებულებამ უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ მეხატა.
თავდაპირველად პეიზაჟების ხატვა დავიწყე აკვარელში. რაც წამიკითხავს და წარმოსახვაში დამიხატავს, ის გადმომქონდა. ჩემი ძვირფასი ლექტორის, ქალბატონი მარინე ელიოზიშვილის გვერდში დგომით უნივერსიტეტში გამართულ ორ გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, შთაგონების წყარო იმ ადამიანების სიყვარული იყო და არის, რომლებიც მუდამ მეუბნებიან, რომ შემიძლია და გამომივა.
ამჟამად ბავშვობის გატაცებას მივუბრუნდი და საყვარელი მწერლებისა და პოეტების პორტრეტების ხატვა დავიწყე.
– შთაგონება? ალბათ უწინარესად საყვარელი მწერლების დახატვის სურვილი  ჩნდება…
–  სწორად აღნიშნეთ. ვხატავ მათ, ვინც მიყვარს. რომ ვიხსენებ, არასდროს დამიხატავს ის, ვინც შინაგანად ახლოს არ იყო ჩემთან. დამიწყია, მაგრამ ვერ დამისრულებია, არ გამოდიოდა. რაღაც ემოცია უნდა მაკავშირებდეს მასთან, ვისაც ვხატავ, რაღაც დადებითი. მცირედით მაინც უნდა ვწვდებოდე მის შინაგან სამყაროს, რომ მზერა დავიჭირო და გადმოვიტანო.
დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ოთარ ჭილაძის პორტრეტი დავხატე. ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება. მახსოვს, მის პოეზიას ვკითხულობდი, როდესაც მთელი გულით მომინდა, რომ დამეხატა. ხატვას, ისევე როგორც წერას, თავს ვერ დააძალებ. თავისი დრო აქვს, ჯერ რაღაც უნდა მომწიფდეს, მოგროვდეს შენში. არ ვიცი, მუზა არსებობს თუ არა, ის ვიცი, რომ ხატვის სურვილი წყურვილს ჰგავს, არ მოგასვენებს, სანამ ფანქარს დაიჭერ.
– ფილოლოგია და ხატვა?…
– ხატვის დროსაც ფილოლოგად ვრჩები, მწერლებსა და პოეტებს ვხატავ. ვხუმრობ.
ფილოლოგია ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. მუდმივად კითხვისა და სწავლის პროცესში უნდა იყო. ხატვა, ამ შემთხვევაში, ერთგვარი „სუფთა ჰაერია“ ჩემთვის. განტვირთვასა და გონების დასვენებაში მეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სამყარო, სადაც ფანქრის ხელში აღებით შევდივარ.
– წერით  ახლაც წერთ  ლექსებს და ნოველებს… ერთი ლექსი…
– ლექსების წერა ოცი წლის ასაკში შევწყვიტე, შემდეგ დღიურების და ჩანახატებისა, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის დროს, საინტერესო რამ მოხდა. ერთ ძალიან კარგ საგანს გავდიოდი, რომელსაც ძვირფასი ლექტორი, საოცარი მთარგმნელი და მწერალი, ბატონი გიორგი ეკიზაშვილი გვასწავლიდა. გვკითხა, ვწერდით თუ არა რამეს. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას წერა შეეძლო, მაგრამ მორცხვობდა, ან თავის ნიჭს ვერ ხსნიდა, ამიტომ ბატონმა გიორგიმ ჩვენი „ამუშავების“ გზა იპოვა და ყოველ სემინარზე გვაძლევდა  რამე სიტყვას, ან წინადადებას, რომელზედაც უნდა შეგვეთხზა ლექსი, ან მოთხრობა.
ამგვარად, კვლავ დავიწყე წერა. ჩემი ერთ-ერთი მოთხრობა მოგვიანებით ალმანახ „პირველ სხივში“ დაიბეჭდა. უნივერსიტეტში სწავლის დროს კიდევ უკეთ გავაცნობიერე, რომ ცხოვრების გზაზე ყოველთვის შეხვდები საჭირო ადამიანს, როგორც ზღაპრის გმირი ხვდება შემწეს, უბრალოდ უნდა შეამჩნიო და გამოართვა ის იმედისა თუ სიხარულის მარცვალი, რასაც გაწვდის.

***
როცა ცა გაახელს თავის ცივ მთვარის თვალს,
როცა ყველა ეძებს სახლს ან სახლისმაგვარს,
ისევ გამოვიცვლი სამოსს –  ოდნავ გიჟის,
ვაწყობ ბალიშის ქვეშ ნიღბებს სხვადასხვაგვარს.
ვერ გადავეჩვევი სხვისთვის გაღიმებას,
ხვალ კვლავ იქ გავჩნდები, სადაც მომელიან,
ახლა მეპარება სახე ჩემეული,
„ეგო“ გვერდით მიწვა, ვფიქრობ, შემელია.
– ჰობი…
– ძალიან მაინტერესებს და მიყვარს კულინარია. როგორც მეუბნებიან, კარგადაც გამომდის. თუ ჰობად შეიძლება ჩაითვალოს, ხშირად ვუყურებ ძველ ქართულ ფილმებს. განტვირთვის ერთ-ერთი სასიამოვნო გზაა ჩემთვის. ჩვენს შესანიშნავ ფილმებს აქვთ ასეთი საოცარი თვისება, რამდენჯერაც არ უნდა გქონდეს ნანახი, არ გბეზრდება.
– კიდევ ვისი პორტრეტი შეემატება თქვენს გალერეას?
– ამჟამად ნოდარ დუმბაძის პორტრეტზე ვმუშაობ. ამის შემდეგ, ვფიქრობ ჯემალ ქარჩხაძის, რევაზ ინანიშვილის, გურამ დოჩანაშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, რეზო გაბრიაძის, არჩილ სულაკაურის, მერაბ ელიოზიშვილის პორტრეტების შესრულებას. საბედნიეროდ, კიდევ ბევრი საყვარელი მწერალი მყავს და გვყავს ქართველებს, ასე რომ, პორტრეტების რიცხვი გაიზრდება. მსურს, ის მწერლები დავხატო, რომელთა პორტრეტებიც მცირეა, ან ჯერ არ დაუხატავთ და ამგვარად გამოვხატო მათდამი პატივისცემა და სიყვარული.
– ხატწერის პერიოდიდან რომელ ხატები შეიქმნა?
–  ჩემი პირველი ხატი წმინდა ნიკოლოზისა იყო. განსაკუთრებულად მიყვარს.
მახსოვს, სახელოსნოდან რომ წამოვიღე, სულ მინდოდა მეყურებინა. შემდეგ მას მოჰყვა: წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის, წმინდა მარიამ მეგვიპტელის, წმინდა შუშანიკის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატები. შესრულებული მაქვს ასევე წმინდა მამა გაბრიელის რამდენიმე ხატი, ასევე წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის, წმინდა დავით გარეჯელის, წმინდა მამა პაისი ათონელის ხატები. ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი. ასევე – ხარების ხატი აღსავლის კარისათვის.
კანკელის ხატებზე უკვე ვისაუბრეთ. ეს ხატები სხვადასხვა ტაძარშია დაბრძანებული და ძალიან მენატრება.
–  საინტერესო ამბავი…
 –  აქ პატარა ამბავი მინდა მოგიყვეთ ჩემი სულ პირველი ნამუშევრისა. როდესაც პირველ კლასში შევედი, დამრიგებელმა გვთხოვა, ყველას ჩვენი ოჯახი დაგვეხატა.
მე იქამდე კალამი ხშირად მჭერია ხელში, რისი კვალიც დღემდე ეტყობა ჩვენს წიგნებს, მაგრამ არაფერი დამიხატავს, თავადაც მიკვირს, ეს როგორ მოხდა. ჰოდა, არ ვიცოდი, როგორ უნდა დამეხატა და ტირილი დავიწყე. მასწავლებელს შევებრალე და თავად დამიხატა ორ ხეს შორის ჩამდგარი სახლი. მომდევნო ფურცელზე იმ წამსვე გადავხატე, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით და მახსოვს, როგორ შემაქო მასწავლებელმა. იმ დღის შემდეგ ხშირად იყო გამოფენილი ჩემი ნახატები საკლასო ოთახისა თუ სამხატვრო სკოლის კედლებზე.
– ოცნება?
–  ცხოვრება უმცირესი გარბენაა არსებობიდან არარსებობამდე. მსურს, ისე გავიარო ეს გზა, უკან მოხედვის არ შემრცხვეს და არ შემეშინდეს. მხოლოდ სიკეთე იზრდებოდეს ჩემს ნაკვალევზე, ეს არის ჩემი ოცნება. თუ შევძლებ, იმ ადამიანთა ღვაწლი, შემოქმედება და ცხოვრება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს ქმნიდნენ და მათ დაცვას ეწირებოდნენ, გავაცნო და შევაყვარო მათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოდის, ბედნიერი ვიქნები. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი არა, ყოველი ქართველის ვალია. მხოლოდ ასე გავაგრძელებთ სიცოცხლეს და არა არსებობას.
– სამომავლო გეგმები…
– მომავალ წელს კვლავ განვაახლებ სწავლას მაგისტრატურაში, ძალიან მომწონს ტექსტოლოგიის მიმართულება. მსურს დოქტორანტურის დასრულებაც. იმედი მაქვს, სწორ მიზნებს დავისახავ და, ღვთის შეწევნით, მივაღწევ. მსურს გამოფენის მოწყობაც, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩავთვლი, რომ რაღაც ღირებული შევქმენი და ჩემი შემოქმედება ყურადღების ღირსია. სადაც არ უნდა ვიყო და რა საქმესაც არ უნდა მოვკიდო ხელი,  მინდა, პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვაკეთებდე.

                                                                                                          

                                                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები