გიორგი გობრონიძე: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაძლიერების ახალი შესაძლებლობა და მივიღოთ მეტი სარგებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის
“ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ და გამოვიყენოთ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაძლიერების ახალი შესაძლებლობა და მივიღოთ მეტი სარგებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის – რაც შეეხება იმას, რას მოგვიტანს სტატუსი, ეს უპირველესად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ამას ქართული სახელმწიფო, ქართველი საზოგადოება”- ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ექსპერტი გიორგი გობრონიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება ნამდვილად ისტორიული მოვლენაა.
“ობიექტურად რომ შევხედოთ, აშკარაა, რომ ევროკომისიის მოცემული 12 რეკომენდაციიდან ძალიან ბევრი პირობა ვერ შევასრულეთ. ქართველი პოლიტიკური კლასი, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური ამისთვის მზად არ აღმოჩნდა, შესაბამისად, ქვეყანაში კვლავ რჩება ძალიან ბევრი პრობლემა. ამის მიუხედავად, ეს პროცესი საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდა. უპირველესად იმიტომ, ნაბიჯები, შეიძლება მინიმალური, მაგრამ მაინც გადაიდგა; მეორე – ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა ქართველი საზოგადოების განწყობა – ის დიდწილად ემხრობა ევროინტეგრაციას; მესამე, რამაც ამ ორთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა, არის ის საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარება, რაც ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ასევე უსაფრთხოების გარემოს ტრანსფორმაცია, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო ევროპაში.
გამოიკვეთა, რომ თუ ევროპა არ გააქტიურდება მისთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესების მიმართულებით, მალე ამ სივრცეებს სხვა საერთაშორისო აქტორები დაიკავებენ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად გამომდინარეობს არა საქართველოს რაღაც წარმატებული ტრანსფორმაციიდან, არამედ ევროპის საგარეო პოლიტიკური იმპერატივებისგან. ეს იყო, ალბათ, ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ევროპულმა თანამეგობრობამ გააცნობიერა, რომ უნდა იყვნენ პროაქტიურები, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე უკრაინის მიმართულებით და ა.შ. მათ სჭირდებათ განსხვავებულად შეხედონ უსაფრთხოების გარემოს, რომელიც მნიშვნელოვნად იცვლება. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით საყურადღებო იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება. მან ბრძანა, არ უნდა დავუშვათ, რომ ვაკუუმი შეავსონ სხვებმაო. ის აცნობიერებს, რომ დღეს ღიაა ის ისტორიული ფანჯარა, რომლითაც რიგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აქვთ საშუალება საბოლოოდ გავიდნენ რუსული ორბიტიდან და თუ ევროპამ დააგვიანა, ეს ფანჯარა დაიკეტება.
ჯერ კიდევ სრულიად გაურკვეველია, როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. დღემდე შანსი 50/50-ზეა. ომის წარმოების რესურსი და ნება არ ამოუწურავს არც ერთ ქვეყანას. დღეს კიდევ უფრო ბუნდოვანია ის, თუ ვინ მოიგებს ომს – რუსეთი თუ უკრაინა. ეს არ არის ომი, რომელშიც ცალსახა უპირატესობა აქვს რომელიმე მხარეს. კი, უკრაინა კარგად ახერხებს თავის დაცვას, რასაც არავინ ელოდა, ასევე არავინ ელოდა ასეთ ჩავარდნებს რუსეთის არმიაში, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე ომმა მიიღო პოზიციური ბრძოლების სახე, რაც ნიშნავს, რომ ევროპასა და საზოგადოდ, დასავლურ თანამეგობრობას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოუწევთ უფრო მეტი რესურსი ჩადონ ამ ომში. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მომავალი არჩევნების გამო უკრაინის დახმარება ერთგვარად პოლიტიკური ვაჭრობის თემად იქცა. მეტი რესურსი დასჭირდება რუსეთსაც და რაც მეტს დახარჯავს ომზე, მით უფრო ნაკლები დარჩება სხვა მიმართულებით დასახარჯად, ულიმიტო რესურსები არავის აქვს. დღეს დასავლეთი გაცილებით მდიდარია, ვიდრე რუსეთი. ომის გახანგრძლივება, დიდი ალბათობით, დასავლეთის სასარგებლოდ იმუშავებს, წმინდად ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან რუსეთი უფრო მალე გამოიფიტება, ვიდრე დასავლეთი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამხელა ქვეყანაა რუსეთი, მაგრამ მისი ეკონომიკის მოცულობა რომ შეადაროთ ევროპულ ქვეყნებს, პატარა ზომის სახელმწიფოს ეკონომიკის მოცულობა აღემატება რუსეთისას. აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ომი გაგრძელდება და ეს ვაკუუმი, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი უწოდებს, კიდევ უფრო გაფართოვდება. შესაბამისად, ვიდრე არსებობს შესაძლებლობების ეს ისტორიული ფანჯარა სამხრეთ კავკასიაში, ის უნდა შეავსოს ევროპამ, თორემ თუნდაც თურქეთი თუ ირანი დიდხანს არ დაიცდიან. კარგია, რომ ევროპამ ეს გააცნობიერა. სხვათა შორის, ფორმატი “3+3” სხვა არაფერია, თუ არა საქართველოდან დასავლეთის გაგდების მცდელობა. ერთადერთი, რაც შეიძლება აერთიანებდეს კავკასიაში ირანს, რუსეთსა და თურქეთს, არის სწორედ ამ რეგიონში დასავლეთის გავლენის შესამცირებლად მოქმედება და ეს დაინახეს ევროპაში.
ეს იყო მათი მთავარი მოტივი. ტვირთების გადასაზიდად კორიდორების უზრუნველსაყოფად, ენერგოუსაფრთხოებისა და სხვა ამოცანების გადასაჭრელად საქართველოსთან უნდა გაეღრმავებინათ ურთიერთობა. მე ამას ვერ ვაფასებ, როგორც დღეს თუ ხვალ ევროკავშირში შესვლის მდგომარეობას, მაგრამ ეს არის განაცხადი, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველო იხილოს თავის რიგებში. შესაბამისად, ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ და გამოვიყენოთ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაძლიერების ახალი შესაძლებლობა და მივიღოთ მეტი სარგებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა იმდენად საქართველოს დამსახურება, რამდენადაც საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის შედეგი, ეს არის ქართული დიპლომატიისთვის მნიშვნელოვანი წარმატება. წლების განმავლობაში ჩვენ დეკლარირებული გვქონდა დასავლური კურსი და როდესაც ჩვენი პოლიტიკის გარკვეული კომპონენტი აღწევს მიზანს, შეიძლება ითქვას, ეს საგარეო პოლიტიკის წარმატებაა. რაც შეეხება იმას, რას მოგვიტანს სტატუსი, ეს უპირველესად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ამას ქართული სახელმწიფო, ქართველი საზოგადოება.
უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა შესაძლებლობას ახლავს რისკი და ყველა რისკს ასევე ახლავს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, მოსკოვში ძალიან არ მოეწონებათ, რომ სახელმწიფო, რომელსაც მოიაზრებდნენ უკანა ეზოდ, უცებ აღწევს ევროპასთან დაახლოების პროცესში წარმატებას. უნდა ველოდოთ, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები შეიძლება გაიზარდოს. არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება მყისიერად – რუსეთი დღეს დაკავებულია უკრაინით უფრო მეტად, ვიდრე დანარჩენი პროცესებით, მაგრამ რუსული საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი კვლავ არსებობს. ამაზე ილაპარაკა კიდეც პუტინმა და განაცხადა, უკრაინაში მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც ჩვენს დეკლარირებულ მიზნებს მივაღწევთო. მან ეს მიზნები ძალიან კარგად ჩამოაყალიბა. ეს იყო, პრაქტიკულად, ნატოს გადაყვანა 1997 წლის პოზიციებზე, რასაც ვერ მიაღწია, მაგრამ ახლა ცდილობს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს უკრაინასა და მის სახელმწიფოებრიობას. უნდა გვესმოდეს კარგად, რომ დღეს უკრაინაა ის შემაკავებელი, რომელიც გვიცავს საფრთხეებისგან და საქართველოს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა გადის უკრაინის ფრონტის ხაზზეც. ღმერთმა დაიფაროს და, თუ რუსეთი მოახერხებს წარმატების მიღწევას, ან შეძლებს კონფლიქტის გაყინვას, რა დროსაც მას გაუჩნდება შესაძლებლობა სულის მოსათქმელად და რესურსების მოსაკრებად, ეს შეიძლება ძალიან მძიმედ აისახოს საქართველოსა და მთელ ევროპაზე. ვიდრე ეს კონფლიქტია, ჩვენ გვაქვს დრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს კონფლიქტი, მისგან გამოთავისუფლებული რუსეთი მაინც გამოიხედავს ჩვენკენ… შეიძლება არაეთიკური იყოს ამის თქმა, მაგრამ ამ ვითარებიდან უნდა მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც და შევქმნათ თანამშრომლობის ისეთი ფორმატები, რაც მოგვიტანს გრძელვადიან უსაფრთხოებას. კანდიდატის სტატუსი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად პანაცეა არ არის. თუ ამას არ მოჰყვა ურთიერთობების გაღრმავება, კანდიდატის სტატუსი დარჩება სტატუსად და ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები. აგერ თურქეთი 1999 წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი. კანდიდატად ყოფნა არ ნიშნავს წევრობას, მაგრამ ეს სტატუსი ძალიან აშფოთებს იმ ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ამის პარალელურად გვაქვს მეორე ამოცანაც, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შევძლოთ უსაფრთხოების ძირითადი ამოცანების ბოლომდე გადაჭრა. ეს უპირველესად გულისხმობს ეკონომიკურ უსაფრთხოებას, რაზეც დამოკიდებულია თავდაცვის შესაძლებლობები და სხვა ნებისმიერი ამოცანა. უნდა გვესმოდეს, რომ საჭიროა არა მარტო საშუალო და მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გეგმების შემუშავება. დღეს ჩვენს ქვეყანას საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძალიან მცირე პოტენციალი აქვს გამომდინარე იმ შეზღუდული რესურსებიდან, რაც ახლა გვაქვს. სწორედ ამის გაზრდისა და პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებისკენ უნდა იყოს მიმართული ქართული დემოკრატია, რათა ის, რაც მივიღეთ, ჩვენთვის სარგებლის მომტანი გახდეს და ისე არ აღმოჩნდეს, რომ ევროკავშირის კანდიდატობას გაგრძელება არ მოჰყვეს. მოკლედ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს რისკების დასაბალანსებლად და მიღებული შესაძლებლობებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, მაგრამ არ უნდა დავიარხეინოთ გული, რაც გვახასიათებს ქართველებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა – ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ევროკავშირის კანდიდატობა”, – განაცხადა გობრონიძემ.