დავით ზურაბიშვილი: პრინციპულად მნიშვნელოვანია მესამე დიდი გაერთიანების შექმნა
“ჩვენს ოპოზიციას ერთი მთავარი პრობლემა აქვს – ერთია ზოგადი ლაპარაკი, რომ სურთ მესამე ძალის შექმნა, მეორეა შინაარსი, თუ რა იგულისხმება ამ მესამე ძალაში, ვინ რა პოზიციით იქნება ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ვიდრე ეს არ გაირკვევა, ეს მესამე ძალა მხოლოდ დეკლარირებულ განცხადებად დარჩება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია მესამე დიდი გაერთიანების შექმნა, თუ ვიღაცებს მართლაც სურთ რაღაცების შეცვლა ქვეყანაში.
“მეორდება ის, რაც ადრეც იყო – ვიღაცები სულ ცდილობდნენ თავი მიეჩნიათ მესამე ძალად და შეექმნათ რაღაც განსხვავებული ერთობა, რაც ყოველთვის მარცხით მთავრდებოდა. მეორე მხრივ, სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” ყოველთვის ცდილობდნენ, თვითონ ყოფილიყვნენ ერთობის დროშით გამოსული და გარშემო შემოეკრიბათ დარჩენილი ოპოზიციაც. სინამდვილეში კი ამით “ნაცმოძრაობა” მსხვილდებოდა და მეტი არაფერი. დღესაც იგივე ხდება, შესაძლოა მოთამაშეები არიან, მაგრამ ზოგჯერ იგივეც, მაგალითად, “ლელო” თავიდანვე ასე იყო – 2020 წელსაც ამ ეგიდით გამოდიოდა და მაშინაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ მესამე ძალა იქნებოდა და მეტს აიღებდა, მაგრამ ვერ აიღო. ჩვენს ოპოზიციას ერთი მთავარი პრობლემა აქვს – ერთია ზოგადი ლაპარაკი, რომ სურთ მესამე ძალის შექმნა, მეორეა შინაარსი, თუ რა იგულისხმება ამ მესამე ძალაში, ვინ რა პოზიციით იქნება ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ვიდრე ეს არ გაირკვევა, ეს მესამე ძალა მხოლოდ დეკლარირებულ განცხადებად დარჩება. ძალიან მაცდურია საკმაოდ დიდი მასა იმ ხალხისა, ვისაც არც “ნაცმოძრაობა” უნდა და არც “ოცნება”, მაგრამ ეს მასა არ არის ერთგვაროვანი, მისი შეკრება არ არის ადვილი. რაც შეეხება “ლელოს”, მე მაინც მგონია, აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხაზარაძე უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი, პოლიტიკასაც ბიზნესმენის თვალით უყურებს. ჰგონია, რომ როგორც ბაზარზე შეიძლება ვიღაცის შევიწროებით წარმატების წართმევა, პოლიტიკაშიც იმავეს გააკეთებს, მაგრამ პოლიტიკა სხვა ტიპის სისტემაა, ხოლო ბიზნესი – სხვა. მაგალითად, ნარატივს ვერ ჩამოართმევ სხვას. ეს შეუძლებელია და მით უმეტეს, ვერ ჩამოართმევ “ნაცმოძრაობას”, რომელიც დიდი პარტიაა და პლუს საინფორმაციო საშუალებების დეფიციტიც არა აქვს. ის ნარატივი, რომელიც მას აქვს უკვე ათი წელია, რანაირად შეიძლება წაართვა ერთ-ორ თვეში ან თუნდაც წელში? ეს პრინციპულად გამორიცხულია. ამას თუ გააცნობიერებ, მერე მიხვდები, რომ სხვა გზას უნდა დაადგე, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ამას ვინმე აცნობიერებდეს. შევეცდები ძალიან მარტივი სქემით გაჩვენოთ, რატომ არ გამართლდება ოპოზიციის მოლოდინი.
ე.წ. შუაშისტები შეიძლება სამ ნაწილად გავყოთ: ის, ვისთვისაც “ნაცმოძრაობა” უფრო ნაკლები პრობლემაა, ვიდრე ხელისუფლება. მათ “ნაცმოძრაობა” არ მოსწონთ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მასთან თანამშრომლობა შეიძლება, რადგან ხელისუფლებაში რომც მოვიდეს, ეს უფრო პატარა უბედურება იქნება, ვიდრე “ოცნების” დარჩენა; არის მეორე ნაწილი, რომელიც აბსოლუტურად პირიქით ფიქრობს, რომ “ნაცმოძრაობის” მოსვლა უფრო დიდი უბედურება იქნება და “ოცნებას” უყურებს როგორც ნაკლებ ბოროტებას და მესამე ნაწილი, რომელიც ორივეს თანაბარ ბოროტებად აღიქვამს. შეიძლება ითქვას, ეს მეორე და მესამე დაახლოებით ერთი და იგივეა და ერთნაირ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, თუ შენ გამოდიხარ “ნაცმოძრაობის” მსგავსი მესიჯბოქსითა და ნარატივებით, მათთვის მაშინვე მიუღებელი ხდები. სხვა მესიჯბოქსით კი პირველი ნაწილისთვის ხდები მიუღებელი. პრობლემა ამ ამომრჩევლის საერთო ნიადაგზე გაერთიანებაა. თუ შენ იტყვი, მე შევალ პარლამენტში და მერე “ნაცმოძრაობასთან” ერთად შევქმნი კოალიციასო, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა მეორე და მესამე ნაწილი მთლიანად დაკარგე. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ოცნება” მთელი ძალით ჩართავს პროპაგანდას და შეეცდება ყველა “ნაცად” გამოიყვანოს. ამას ვერ აცნობიერებენ. უკეთ უღებს ალღოს ამ ვითარებას გახარიას პარტია, მაგრამ მას სხვა ნაკლი აქვს. ჯერ ერთი, თვითონ არ არის იმდენად თვითკმარი, რომ ალტერნატივად გამოჩნდეს, 15-20%-ის ამღებად. ასეთ ალტერნატივად არც ერთ კვლევაში არ ჩანს. თუმცა ფაქტია, შედარებით სწორი მესიჯბოქსით ფიგურირებს. მისი მეორე და ყველაზე სერიოზული ნაკლია, რომ არა აქვს კარგი ურთიერთობა იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც დაახლოებით იმავე ამომრჩევლებზე არიან გასული, ვისთანაც თვითონ. ვგულისხმობ, მაგალითად, ალეკო ელისაშვილს და ანა დოლიძეს. როდესაც ამ პარტიების მიმართ ავლენ უარყოფით დამოკიდებულებას, ამით ამომრჩეველი არ გემატება, პირიქით. ეს სოციოლოგიის კანონია – ჯობს ერთნაირი ტიპის პარტიები შეიწოვო, ვიდრე მათი ჩაძირვა სცადო, ეს შენც გაზარალებს. თუ გახარიას პარტია გააგრძელებს ისეთ პოზიციონირებას, როგორიც ახლა აქვს, ცხადია, 5%-იანი ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში შესვლის უფრო დიდი შანსი აქვს და, ალბათ, მოხვდება კიდეც, ვიდრე, სავარაუდოდ, “ლელოს” გარშემო გაერთიანებული ძალიან ჭრელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც არა მგონია, ისეთ სერიოზულ მესიჯბოქსზე ჩამოყალიბდეს, რომ ყველასთვის იყოს მისაღები.
პრინციპში დაეშვებიან “ნაცმოძრაობაზე” ორიენტირებულ შუაშისტების დონემდე, ვისთვისაც “ნაცმოძრაობა” უფრო ნაკლები ბოროტებაა. არ უნდა მოტყუვდნენ იმით, რომ ეს ხალხი, ვისთვისაც “ნაცმოძრაობა” ნაკლები ბოროტებაა, შეადგენს დღევანდელი სამოქალაქო აქტივისტების ლამის 90%-ს. შესაძლოა მათ ისინი უქმნიან ილუზიას, რომ ეს კატეგორია დიდია, მაგრამ რეალურად ასე არ არის. “ლელოს” მხარდამჭერების გაზრდა შესაძლებელია მოხერხდეს “ნაცმოძრაობაზე” ორიენტირებული შუაშისტების ხარჯზე – მაგალითად, თუ იმ სამოქალაქო აქტივისტებსა და იმ ოპოზიციურ პარტიებს გაიერთიანებს, რომელთათვისაც მიუღებელია “ქართული ოცნება”, მაგრამ სამომავლოდ მაინც განიხილავენ თანამშრომლობას “ნაცმოძრაობასთან”. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, თუ გინდა ისეთი დიდი გაერთიანება, რისი ამბიციაც აქვს “ლელოს”. მაშინ ამაზე კი არა, იმაზე უნდა იფიქრო, რომ იყო შემკვრელი ფიგურა, რომლის გარეშეც დიდი გაერთიანება არ იქმნება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ამ დიდ გაერთიანებაში უნდა იყოს გახარიას პარტიაც. თუ ასეთი დიდი გაერთიანება შეიქმნება და ვიღაც იტყვის, მე არ მინდა აქო და დაუპირისპირდება, მაშინ ის განულდება.
რაც შეეხება თქვენს კითხვაზე – “ლელოს”აქვს თუ არა პოტენციალი, რომ ამ გამაერთიანებლის როლი შეასრულოს, თუნდაც მესიჯბოქსი შეცვალოს – გიპასუხებთ, არა. სხვათა შორის, თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელიც პოლიტიკაში ახალი შემოსულია – მე მას ბევრ რამეში არ ვეთანხმები – მაგრამ მან ცოტა ხნის წინ დაწერა და აბსოლუტურად სწორი აზრია, რომ თუ ორივესგან არა ხარ გამიჯნული, ნებისმიერ ვარიანტში ხარ რომელიმესთან. ოპოზიციამ ეს ვერაფრით ვერ გაიგო. ამ სწორ მესიჯბოქსზე რამდენად შეძლებს სალომე ზურაბიშვილი დიდი ოპოზიციური ფლანგის გაერთიანებას, არ ვიცი, მაგრამ თეორიულად ეს შესაძლებელია. ისიც შესაძლებელია, რომ ეს გაერთიანება ყველაზე რეიტინგული გამოდგეს.
რაც შეეხება გამაერთიანებლის როლში სალომე ზურაბიშვილს, ვინც მას იცნობს, ძალიან რთულია იწინასწარმეტყველო რას გააკეთებს. მე მის ადგილას რომ ვიყო, და ის შესაძლებლობები და თუნდაც ის ინსტიტუციური რეიტინგი მქონდეს, რაც მას აქვს, ამას ნამდვილად გავაკეთებდი, მეტიც, ამისთვის უკვე მუშაობაც მექნებოდა დაწყებული. თუ ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, დანარჩენები, ასე ვთქვათ, ცუგცვანგის პოზიციაში აღმოჩნდებიან – თუ უარს იტყვი, ეს ნიშნავს, რომ შენ პრაქტიკულად დიდ ბლოკზე თქვი უარი და ამით ხელისუფლებას შეუწყვე ხელი. ასეთ შემთხვევაში, არც გახარია და არც “ლელო” ამაზე უარს არ იტყვიან. არ იტყვიან კი არა, ვერ იტყვიან. ცხადია, მერე რთული იქნება იმის დაწყობა, ვის მეტი და ვის ნაკლები ერგება, მაგრამ ეს მაინც ტექნიკური საკითხებია და შეიძლება დალაგება. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ გახარიმაც და “ლელომაც” მეტი მანდატი აიღონ, ვიდრე ცალკე გასვლის შემთხვევაში შეძლებენ აღებას – ანუ თუ ეს გაერთიანება შედგება, ერთნაირად დისტანცირებული იქნება “ოცნებისგანაც” და “ნაცმოძრაობისგანაც” და საერთოდ განსხვავებულ პლატფორმაზე იქნება, შესაძლოა იმხელა რეიტინგი ჰქონდეს, რომ მართლა გარდატეხა შეიტანოს ვითარებაში. თუ ასე არ გამოვიდა, მიმაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლის შანსი მცირეა.
სალომე ზურაბიშვილის ეგიდით თუ მოხდება გაერთიანება, ამის შანსი ძალიან დიდია და შესაძლოა უფრო მეტისაც. თუ არადა, მეეჭვება, გახარიას, “ლელოსა” და სხვებს თუნდაც ჯამში 15% ჰქონდეთ. კიდევ ერთი მომენტია ის, რომ პოლარიზებულ ძალებს აწყობთ სიტუაციის გამწვავება, რადგან მით უფრო პოლუსებისკენ მიიდრიკება ამომრჩეველი. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია მესამე დიდი გაერთიანების შექმნა, თუ ვიღაცებს მართლაც სურთ რაღაცების შეცვლა ქვეყანაში… “ლელო” ძალიან ჩამოუყალიბებელი პარტიაა ნარატივებისა და მესიჯბოქსების მხრივ – თქვეს, თუ ახლა არ შევცვალეთ ხელისუფლება, აღმოვჩნდებით რუსეთის იმპერიაშიო. ეს არის პირდაპირი გამეორება იმისა, რასაც ამბობს “ნაცმოძრაობა”. დღევანდელი მოცემულობით, “ლელო” პირველ რიგში გახარიასთან გაერთიანებას უნდა ცდილობდეს. თუ ვიანგარიშებთ, რომ ნიკა მელია ალბათ გამოეყოფა “ნაცმოძრაობას” და თავის გუნდთან ერთად გაერთიანდება “ლელოსთან”, ხელისუფლებას მეტი საშუალება მიეცემა თქვას, ეგენი “ნაცები” არიანო. მაგრამ თუ ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის ფრთის ქვეშ, სადაც “ლელოც” იქნება, გახარიაც, ხატია დეკანოიძეც, რომან გოცირიძეც და სხვებიც, მაშინ ეს იარლიყი ვეღარ მიეკერება. დღეს ამ დიდი გაერთიანების შემკვრელი სალომეს გარდა, სხვა ვერ იქნება. ესაა ის შანსი, რომელიც თავის დროზე, 2016 წელს, გაუშვა ხელიდან გიორგი მარგველაშვილმა და შედეგიც ვნახეთ. 2020 წელს ამის შანსი “ლელოს” ჰქონდა, მაშინ ხაზარაძე ახალი იყო, მაგრამ მან თავიდანვე კატასტროფული შეცდომები დაუშვა მესიჯბოქსებში და მისი მარცხი კანონზომიერიც იყო. 2021 წელს ეს შანსი გახარიას მიეცა, მაგრამ გახარიას 20 ივნისი მაინც აწევს ცოდვად. მას შეეძლო “ოცნებაზე” იმედგაცრუებული ბევრი ხალხი წამოეყვანა, მაგრამ სააკაშვილის ჩამოსვლამ ვითარება რადიკალურად შეცვალა და ყველაზე მეტად გახარია აზარალა, რომელიც, ალბათ, გაცილებით მეტს აიღებდა…. ვფიქრობ, “ოცნებაში” თუკი დაინახეს, რომ მესამე დიდი ძალა იქმნება და მაღალი რეიტინგი აქვს, შეეცდებიან ისევ ბარიერის დაწევაზე წავიდნენ, რათა ამით პატარა პარტიებს ცალკე გასვლის ილუზია შეუქმნან და ჩაშალონ ამ პოტენციური მესამე ძალის შექმნა. თუმცა ამ შემთხვევაში უკვე პარლამენტში ოპოზიციის თანხმობა დასჭირდება. ოპოზიცია კი ამას დათანხმდება თუ არა, ეგეც საკითხავია. ეს უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებას შეეშინდა. ამიტომ “ოცნება” თავიდანვე შეეცდება, რომ ასეთი ალიანსი არ დაუშვას, რადგან ეს მისთვის მართლაც რეალური საფრთხეა”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.