გია ხუხაშვილი: კეზერაშვილ-მერაბიშვილს სურთ ფასადურად შეინარჩუნონ სააკაშვილის ფაქტორი, მაგრამ რეალური პოლიტიკური კონტროლი მათ ხელში იყოს – “ნაცმოძრაობაში” დაპირისპირების კერები მრავლადაა
“მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ლიდერები რას ამბობენ, არამედ ის, თუ რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში” ელექტორალური თვალსაზრისით. ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პარტია უკვე გახლეჩილია და თან უკვე დიდი ხანია”,- ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით,”ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირების კერები მრავლადაა.
“დააკვირდით, როგორ ლაპარაკობენ ერთმანეთზე, რა რიტორიკა აქვთ. პარტიაში აშკარად ჩრდილოვანი მმართველობაა. ეს არის პრობლემა, რომლის გამოც “ქართულ ოცნებას” ვაკრიტიკებთ, მაგრამ იგივე ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”. კიდევ უარესი, ამ პარტიაში ორმაგი ჩრდილოვანი მმართველობაა. ერთია მიხეილ სააკაშვილი – არაინსტიტუციური ბელადი, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერი იყოს, და მეორე არის ფული, ანუ კეზერაშვილი. ეს ვითარება პარტიაში ბევრს აწუხებს, აწუხებს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მნიშვნელოვან ნაწილსაც. რაც შეეხება სააკაშვილის ბოლოდროინდელ მოქმედებებს, ჩემი აზრით, მისი მთავარი ამოცანა დღეს პარტიის შენარჩუნებაა. ის მშვენივრად ხვდება, პარტიაში გადაულახავი წინააღმდეგობებია და მანევრებს მიმართავს. ერთი მხრივ, მას ესმის, რომ ფულის წყალობით პარტიაზე კეზერაშვილის კონტროლი ძალიან გაძლიერდა, მაგრამ თუ ამ ყველაფერს დაუპირისპირდება, პარტია შეიძლება საერთოდ ჩამოეშალოს. მეორე მხრივ, არ უნდა იმ აქტივის დაკარგვაც, რომელიც ამ ყველაფრით უკმაყოფილოა. მისი ეს უცნაური რიტორიკა სწორედ ამით არის განპირობებული.
გაგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ მან მიიჩნია, რომ მელიასთვის თავისი ადგილი უნდა მიეჩინა და სამაგალითოდ დაესაჯა. შესაბამისად, ზუგდიდში დანიშნული შეხვედრის წინ შეუტია, ფაქტობრივად, უთხრა, თუ რამე არ მოგწონს, წადი პარტიიდანო, მაგრამ მეორე დღეს ნახა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, საკმაოდ მასშტაბური შეკრება ზუგდიდში მაინც გაიმართა, რამაც დაანახა სულ სხვა რეალობა და მეორე დღეს ისევ მოეფერა მელიას. ამით მეორე მხარე გაღიზიანდა და სააკაშვილს უკვე ულტიმატუმით დაუწყეს ლაპარაკი. საბოლოოდ მას მოუწია არჩევანის გაკეთებამ არსებული მენეჯმენტის სასარგებლოდ, მაგრამ ახლა მელიას იზოლირებას ცდილობს. მელია ხომ მარტო არ მიდის პარტიიდან, მასთან სერიოზული ჯგუფია, და სააკაშვილი ახლა იმაზე მუშაობს, რომ ეს ჯგუფი რამენაირად შეინარჩუნოს – პოლიტსაბჭოში ხალხის მიწვევა სწორედ ამას ემსახურებოდა. ამით ფიქრობს მელია მარტო დატოვოს. ეს მანევრები ბანალური და თეთრი ძაფით ნაკერია, მაგრამ გაყოფა გარდაუვალია. როგორც უკვე გითხარით, ელექტორალურად პარტია უკვე გაყოფილია, ახლა ეს ტექნიკურად როგორ გაფორმდება, ვინ რა პოზიციაზე დარჩება, ამისთვის მიდის ბრძოლა.
მელია პარტიიდან წასვლისთვის საუკეთესო მომენტს არჩევს, რათა ელექტორატის ნაწილი მას გაჰყვეს. ვფიქრობ, ის მიხეილ სააკაშვილს არ დაუპირისპირდება, მშვენივრად ესმის, რომ მისი ფაქტორი მის ელექტორატშიც მნიშვნელოვანია და ამას ანგარიშს გაუწევს. უახლოეს პერიოდში უკვე ვნახავთ ამ საკმაოდ ბანალური ისტორიის დასასრულს, რაც პოლიტიკური პროცესის განვითარებისთვის ცუდი ნამდვილად არ არის. საქმე ისაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა მნიშვნელოვანი იქნება იმ მთავარი პრობლემის მოგვარებისთვის, რასაც ჰქვია ქართული პოლიტიკის ყოვლად მანკიერი ორპოლუსიანობა. არც კეზერაშვილის ფრთას აქვს მანევრისთვის დიდი სივრცე. მშვენივრად ესმით, რომ სააკაშვილი თუ გავიდა თამაშიდან, მათი პარტიული პერსპექტივა ბუნდოვანი გახდება. “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის დიდი ნაწილი ემოციურად მაინც სააკაშვილზეა ორიენტირებული. კეზერაშვილ-მერაბიშვილს სურთ ფასადურად შეინარჩუნონ სააკაშვილის ფაქტორი, მაგრამ რეალური პოლიტიკური კონტროლი მათ ხელში იყოს. მიშას ეს კარგად ესმის. მოკლედ, ამ შიდაპარტიულ ბრძოლას რამდენიმე განზომილება აქვს: ერთია მელიას პრობლემა, მეორე – კეზერაშვილ-მერაბიშვილისა და სააკაშვილის ურთიერთობა. ახლა მიდის მანევრირება იმისთვის, რომ დალაგდეს, ვის რა დოზით ექნება გავლენა პარტიაზე. მოკლედ, პარტიაში დაპირისპირების კერები მრავლად არის. რაც შეეხება ხაბეიშვილს, ის ამ თამაშში არ მონაწილეობს. ის სტატისტის როლშია, თუმცა ამაზე ყველა თვალს ხუჭავს და ისე წარმოადგენენ, თითქოს ხაბეიშვილს რაღაც ეკითხება… ეს ორი პარტია (“ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება”) კი არის დაპირისპირებული ერთმანეთთან, მაგრამ სიამის ტყუპივით ჰგვანან ერთმანეთს მმართველობის სისტემის ისეთი უცნაური ფორმებით, როდესაც ძალის ცენტრები ინსტიტუციური ცენტრებისგან სრულიად დაშორებულია. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნები. ეს ორი პარტია აგრძელებს იმ სიმბიოზურ არსებობას, რომლის დროსაც ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის და არა სახელმწიფოს განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის. მათი მთავარი ფასეულობა ერთ შემთხვევაში არის ძალაუფლების შენარჩუნება, მეორე შემთხვევაში კი ძალაუფლების დაბრუნება გარკვეული რევანშისტული განწყობებით, რაც, ბუნებრივია, ქვეყანას ტოვებს ნეგატიურ პოლიტიკურ ველში და ეს, ჩემი აზრით, ფიტავს და ანგრევს მოვლენების განვითარების სწორ დინამიკას. ამიტომაც რაც მეტი პრობლემა იქნება “ნაციონალურ მოძრაობაში”, ეს მხოლოდ წაადგება პოლიტიკურ პროცესს.
“ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის გზავნილს რაც შეეხება, რომ “შუა უნდა შეიკრიბოს”… – ეს გზავნილი ვიწრო რაკურსით არ უნდა დავინახოთ… მიმაჩნია, რომ მისი გაგება მხოლოდ ორი პოლუსისგან დისტანცირებული პარტიების გაერთიანების თვალსაზრისით არასწორია და სრულად არ ასახავს ამ მოწოდების მნიშვნელობას. მე ამ გზავნილის შინაარსში უპირველესად დავინახე ფორმულა, რომელიც მოიაზრებს საზოგადოების კონსოლიდაციას პოზიტიურ ამოცანებსა და დღის წესრიგზე. საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, პოლიტიკური პროცესი მთლიანად აგებულია “შუა უნდა გაიკრიფოს” ნეგატიურ დაპირისპირებაზე, შუღლსა და სიძულვილზე დაფუძნებულ პრინციპზე ანუ ორპოლუსიანობის ფორმირებაზე. როგორც უკვე არაერთგზის მითქვამს, ეს პოლუსები ქმნიან ერთგვარ ანტაგონისტურ სიმბიოზს. ერთმანეთს ურთიერთსიძულვილით კვებავენ, პარალელურად კი აძლიერებენ და ამით გზას უკეტავენ სახელმწიფოებრივი განვითარების პოზიტიური, წინსვლაზე ორიენტირებული დღის წესრიგის ფორმირებას. ყოფენ და აპირისპირებენ მთლიანად საზოგადოებას. “შუის შეკრება” ამ ნეგატიური ფორმულის გარღვევის მცდელობაა, მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა და პარტიებს შორის დაპირისპირებისა, სახელმწიფოს აქვს გრძელვადიანი ამოცანები, რომელიც შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მიღმაა და საზოგადოებას ამ თემების ირგვლივ სჭირდება გაერთიანება. ეს გზავნილი, გარკვეულწილად, პოზიტიური დღის წესრიგის შემოტანის ცდაა. დარწმუნებული ვარ, პარტიების გაერთიანებაზე ბევრად მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის – საზოგადოების გაერთიანება გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი მიზნებისა და ამოცანების გარშემო. სწორედ ამ გზავნილის გაგება და რაც მთავარია, მიღება, დაასრულებს ყბადაღებულ პოლარიზაციას, რაზეც ამდენს ვსაუბრობთ და ერთმანეთისკენ ვიშვერთ ხელს.
ისმის კითხვა, როგორ? ძალიან მარტივად – უნდა ვუთხრათ “არა!” ნეგატივზე აგებული ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის მთავარ აქტორებს, რომლებიც მანკიერ წარსულსა და მანკიერ აწმყოს შორის არჩევანს გვაჩეჩებენ გაუთავებლად, აგრესიულად და უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზას გვიხერგავენ. მათ მხოლოდ ურთიერთსიძულვილი კვებავს და გვარწმუნებენ, რომ მთავარი ამოცანა ერთმანეთის დამარცხებაა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დამთავრდება და მხოლოდ ფიტავს და ანადგურებს სახელმწიფოსა და საზოგადოებას. თუ გვინდა რეალური განვითარება, პროცესს უნდა შევუცვალოთ პოლუსი, მინუსი უნდა ვაქციოთ პლუსად და ვთქვათ, რომ ჩვენი ამოცანა არა ვიღაცის დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვებაა. ზუსტად ამიტომ არის “შუის შეკრების” გზავნილი მნიშვნელოვანი. ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს მომავალი ზუსტად აქ, შუაშია.… ერთია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მეორე – საქმედ გადაქცევა. ჩვენ ვიცით, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი ელექტორატში ძალიან მაღალია, მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდეს ძალის ცენტრი, რომელიც ამ ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს თუ გადავხედავთ, ამგვარი ცენტრის ჩამოყალიბების ყველაზე მეტი შანსი “ლელოსა” და გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეიძლება ჰქონდეთ გაერთიანების შემთხვევაში, თუმცა მათ რაღაც არ ეტყობათ, რომ შეუძლიათ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, მეტიც, ხშირად იცლიან ერთმანეთის კრიტიკისთვის. მე ამ ორი პარტიის გაერთიანების თეორიულ შანსს ვხედავ, თუმცა არც ის მგონია ტრაგედია, თუ არ გაერთიანდებიან. როდესაც ვლაპარაკობთ ორი პოლუსისგან თანაბრად დისტანცირებულ ცენტრზე, არ არის აუცილებელი, რომ ეს მაინცდამაინც ერთი ცენტრი იყოს, შეიძლება ასეთი 2-3 გაჩნდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ეს მესამე ძალა მეტად კონსოლიდირებული იყოს. ამომრჩეველი მხოლოდ იმ მოსაზრებით არ აკეთებს არჩევანს, ვინ მოსწონს და ვინ არა, ამომრჩეველი ძალასაც უნდა ხედავდეს. ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მის ფავორიტს მხოლოდ კეთილი სურვილები კი არა აქვს, არამედ ხელისუფლებაში მოსვლის უნარიც შესწევს, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ მოხერხდა და ჩამოყალიბდა 2-3 ძალა, რომლებიც მოახერხებენ ბარიერის დაძლევას, ნამდვილად არ იქნება ურიგო.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გახარიას პარტიისა და “ლელოს” გაერთიანება გარკვეულ სინერგიას შექმნიდა. პოლიტიკაში უბრალო არითმეტიკით არ ხდება ყველაფერი. შეიძლება ორ პარტიას 2-2% ჰქონდეს, მაგრამ თუ გაერთიანდებიან, ჯამში არა 2, არამედ 10 და 15% მიიღონ. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოებაში გაჩნდება რწმენა. თქვენ სწორად გაიხსენეთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი. შესაბამისად, პოლიტიკურ ბაზარზე ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე დიდი მოთხოვნაა. რაც შეეხება ბარიერის დაწევას, მე არ მომწონს ეს იდეა. 5%-ზე დაბალი მხარდაჭერა ლეგიტიმაციას უკარგავს პარტიებს და უბიძგებს, რომ პოსტსაარჩევნოდ იაფად გაიყიდონ. ასეთი პარტიები არ არიან ორიენტირებული ფასეულობით არჩევანზე. თუ 5%, ანუ სადღაც 100 000 კაცი არ გაძლევს ხმას, რატომ წვალობ, უნდა წახვიდე პოლიტიკიდან. აქ შემოდის კიდევ სხვა ფაქტორებიც, რის გამოც არ უნდა ვიჩქაროთ პროგნოზების გაკეთება. მაგალითად, მელიას ფაქტორი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ჩვენ არ ვიცით, “ნაციონალური მოძრაობა” რა პროპორციით გაიყოფა. მელიამ სერიოზული ელექტორალური სეგმენტი თუ წამოიღო “ნაციონალური მოძრაობიდან”, მას აქვს იმის პოტენციალი, რომ ისიც თანაბრად დისტანცირდეს ამ ორი პოლიტიკური ცენტრისგან. შესაბამისად, ეს შეიძლება იქცეს ძალიან საინტერესო პროცესად.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს – მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა. თუნდაც, როდესაც ლაპარაკია პროდასავლური ფლანგის კონსოლიდაციაზე, ამ ფლანგზე პრეზიდენტი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა. როგორ შეიქმნა ეს ფიგურა, სხვა თემაა – ამას ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით შეუწყო ხელი. როგორც ვატყობ, ის სერიოზულ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. გასაგებია, მას კონსტიტუცია უზღუდავს პირდაპირ პარტიულ და შიდაპოლიტიკურ პროცესში თავით გადაშვებას, მაგრამ მას, როგორც ინსტიტუციურ ლიდერს, შეუძლია სწორი გზავნილებით გაამაგროს პრინციპი “შუა უნდა შეიკრიბოს”. ტექნიკურად ამას როგორ გააკეთებს ისე, რომ ისევ კონსტიტუციის დარღვევა არ დააბრალონ, ცალკე საკითხია, მაგრამ მე შესაძლებლად მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი თან დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ თავისი მოქმედებით შეუწყოს ხელი სწორედ “შუის შეკრებას”, და იქცეს სერიოზულ პოლიტიკური ცენტრების ორთქლმავლად, არა ერთი, არამედ ყველა ასეთი ცენტრის. ჩვენ ძალიან სერიოზული პროცესი გველოდება, რაც, ალბათ, თებერვლიდან დაიწყება, მანამდე ამ მიმართულებით აქტიურობას არ ველი. თუ მოხერხდება ისე, რომ ამ შუაში ჩამოყალიბებული ცენტრი თუ ცენტრები ჯამურად 15-20%-ს მოაგროვებენ, ეს სრულიად საკმარისი იქნება, რომ ორი ძალა ექსკლუზიურად ვეღარ მოვიდეს ხელისუფლებაში და გაჩნდეს პოსტსაარჩევნო კოალიციის შექმნის აუცილებლობა. შესაბამისად, ძალაუფლების უზურპატორები აღარ გვეყოლება და ხელისუფლებაში შიდაპოლიტიკური ბალანსი გაჩნდება. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა, არა ისეთი, როგორც დღეს მუშაობენ პარტიები, როდესაც საზოგადოებასთან მონოლოგის რეჟიმში აქვთ ურთიერთობა. პოლიტიკა ვირტუალური გახდა. რატომღაც პოლიტიკოსებს ჰგონიათ, ტელევიზიით რომ გამოვლენ და “ბრძნულ” აზრებს დააფრქვევენ, ეს საკმარისია. საზოგადოება ითხოვს ურთიერთობას, ის, რომ ხელისუფლება ცუდია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ესენი არიან კარგები. ოპოზიციას სჭირდება მუშაობა, დიალოგი, სოფელ-სოფელ სიარული. ჩემი აზრით, ამას აგვიანებენ, ეს კი მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც კონფიგურაციების ჩამოყალიბება. კონფიგურაცია როგორიც არ უნდა ჩამოყალიბდეს, თუ ხალხის მხარდაჭერა არ გექნება, რა მნიშვნელობა აქვს? ხალხთან ხიდი უნდა გაიდოს”,- განაცხადა ხუხაშვილმა.