საფრანგეთში საქართველოს სამი მოქალაქე ბიბლიოთეკებიდან რუსი მწერლის, ალექსანდრე პუშკინის იშვიათი პუბლიკაციების მოპარვისთვის დააკავეს.
ამის შესახებ Journal du Dimanche იტყობინება.
ეჭვმიტანილები: 24, 26 და 44 წლის, ორი ქალი და მამაკაცი პარიზში 20 ნოემბერს დააკავეს და ბრალს უკვე დღეს, 24 ნოემბერს წარუდგნენ.
სამივე დაკავებული ამჟამად ნანტერში, ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ბიუროში (OCBC) იმყოფება.
პირველი ქურდობა ივლისში ლიონის ბიბლიოთეკიდან მოხდა, სადაც ვიზიტორმა ორიგინალი ასლით შეცვალა.
ოქტომბრის დასაწყისში ორი ეჭვმიტანილი პარიზის მე-13 ოლქში ენებისა და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში შეიჭრა. მათ ათეული ხელნაწერი გაიტაცეს და ადგილი თანამზრახველის მანქანით დატოვეს.
ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება მოხერხდა. ის არის 38 წლის მიხაილ ზ., რომელიც ადრე ლიეტუვის ხელისუფლებამ პუშკინის ხელნაწერების ქურდობისთვის ძებნაში გამოაცხადა და უკვე 8 ნოემბერს ბელგიაში დააკავეს.
გამომძიებლები ქურდობის მიზეზებს იძიებენ. გამოცემის ცნობით, საუბარია ან პუბლიკაციების შავ ბაზარზე კოლექციონერებისთვის გადაყიდვაზე, ან ევროპაში არსებული რუსული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის რუსეთში დაბრუნებაზე.