“ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დაიკითხა ყოფილი პრემიერმინისტრი, რომელმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის და მთლიანად, სასაზღვრო ზოლის საკითხები საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენცია, უფლებამოსილება იყო,” – ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
პროკურორის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ობიექტური მოცემულობა დადგინდეს.
„გარკვეული მონაკვეთები 2006 წელს შეთანხმდა, რაც საქართველოს პრეზიდენტთან იქნებოდა შეთანხმებული. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მან დაადასტურა, არის ის, რომ 2005 წელს, კომისია აცხადებდა, რომ, თურმე, არანაირი დოკუმენტი, არანაირი მასალა, არანაირი რუკა არ არსებობდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ თითქოს, დავით გარეჯი და მის კომპლექსში შემადგენელი ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე ექცეოდა. ჯერ კიდევ, 1999 წელს, ივერი მელაშვილმა საკუთარი ხელით შექმნა დოკუმენტი და ხელი მოაწერა, სადაც დაფიქსირებული აქვს მათ შორის, ის რუკა, რომელზეც ჩვენ ვედავებით, რომ უნდა გამოყენებულიყო. შესაბამისად, ნოღაიდელის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, სწორედ ამ ორ კომპონენტთან მიმართებით.
შემდეგი ბრალდებული, ვინ იქნება, ამას ვერ გეტყვით, ეს უდანაშაულობის პრეზუმფციასთან კონფლიქტში მოდის, მაგრამ ცალსახად გიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად ყველა ღონეს განვახორციელებთ, რომ ობიექტური მოცემულობა დადგინდეს“, – განაცხადა სადრაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.