ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 47 ადამიანი დაიღუპა. პალესტინის წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ნანგრევებიდან 25 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს.
ამის შესახებ BBC წერს.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 50-ს შეადგენს, 150 დაშავებულია.
თავის მხრივ, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად მოკლულია ჰამასის მაღალი რანგის მეთაური და განადგურდა „მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა“.
IDF-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მეთაურთან ერთად დაიღუპა “ცენტრალური ჯაბალიას” ბატალიონის ბევრი მებრძოლი.
დარტყმის შედეგად, მჭიდროდ დასახლებული უბნის ცენტრში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
AFP-ის კორესპონდენტის ცნობით, ნანგრევებიდან, სულ მცირე, 47 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
გვიან ღამით, ისრაელის თავდაცვის არმიაში მომხდართან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გაკეთდა.
როგორც არმიის პრესის ატაშემ, ჯონათან კონრიკუსმა განმარტა, დარტყმის მთავარი სამიზნე, “ჰამასის” მეთაური იბრაჰიმ ბიარი იყო, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვაში და განხორციელებაში მთავარი ფიგურა იყო.
კონრიკუსმა თქვა, რომ „მიწისქვეშა გვირაბების კომპლექსზე“საჰაერო თავდასხმის შედეგად, საიდანაც ბიარი ბრძანებებს გასცემდა, ჰამასის ათობით მებრძოლი დაიღუპა.
მისივე თქმით, დარტყმა შენობებს შორის, პირდაპირ მიწისქვეშა გვირაბებთან განხორციელდა, მაგრამ როდესაც ისინი ჩამოინგრა, ირგვლივ მდებარე შენობებიც მოიყოლა, “ამის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო”.
კონრიკუსი ამბობს, რომ დარტყმა რამდენიმე ბომბით მოხდა.
მისივე თქმით, არმია სწავლობს ცნობებს “თანმხლები ზიანის შესახებ”.
ბანაკი ჯაბალია ქალაქ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ეს არის ღაზას ლტოლვილთა რვა ბანაკიდან უმსხვილესი.
გაეროს მონაცემებით, 2023 წლის ივლისისთვის, იქ 116 ათასი პალესტინელი ლტოლვილი იყო რეგისტრირებული.
ლტოლვილებმა აქ ბანაკის მოწყობა 1948 წლის ომის შემდეგ დაიწყეს.
ბანაკი მოიცავს მხოლოდ 1,4 კვადრატულ კილომეტრ ფართობს, მაგრამ მჭიდროდ არის დასახლებული – ბანაკი ძირითადად აშენებულია საცხოვრებელი კორპუსებით.
ჯაბალიაში 26 სკოლაა, სურსათის განაწილების ცენტრი, ორი ჯანმრთელობის ცენტრი, ბიბლიოთეკა და შვიდი წყლის რეზერვუარი.