რატომ შეიქმნა უკრაინის დახმარების შეჩერების საფრთხე – ბოლო ცნობები ფრონტიდან და პუტინის ახალი სტრატეგია

ბოლო პერიოდში დასავლეთში გახშირდა საჯარო განცხადებებიც და კონკრეტული ფაქტებიც, რომლებიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეჩერების ან შემცირების საფრთხეზე მიანიშნებს. ეს ყველაზე ნათლად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აშშ-ის სენატმა დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის დახმარებას არ ითვალისწინებს. ბიუჯეტის ეს ვერსია კი დაკავშირებულია რესპუბლიკელების კონსერვატიული ფრთის პოზიციასთან. ამის პარალელურად, ბრიტანული „ტელეგრაფი” სამხედრო მაღალჩინოსნებზე წერს, რომ „ქვეყანამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობა ამოწურა”.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან” საუბრისას არ გამორიცხავენ, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა იყოს, რომ თითქოს დასავლეთი უკრაინის დახმარებით „გადაიღალა”. მათი პროგნოზით, დახმარება არც შემცირდება და არც შეჩერდება, რადგან თითქმის ასმილიარდიანი დახმარების ფონზე, თუ „უკრაინამ წააგო, გამოდის,რომ დასავლეთმა წააგო”.

ექსპერტები ამბობენ, რომ თუ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატმა გაიმარჯვა, არაა გამორიცხული, რომ აშშ-მა უკრაინის ომთან მიმართებით სტრატეგია შეცვალოს, თუმცა, ალტერნატიული დაფინანსება ყოველთვის გამოიძებნება, თუნდაც რეპარაციის სახით.

ამის პარალელურად, ზაპოროჟიეს ფრონტზე ვითარება გართულდა, რუსები კონტრშეტევაზე არიან გადასული და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ერთგვარი „ჩუმი მობილიზაციის” შედეგად რუსეთმა ამ მიმართულებაზე გადაისროლა დამატებითი ძალები. ამასთან აქტიური წერტილია ბახმუტის სამხრეთიც.

რა ხდება ფრონტზე

3 ოტომბერს რუსებმა ხერსონი დაბომბეს, ვრცელდება ცნობები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. მანამდე „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა” განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ოლქში, დასახლებულ პუნქტ რაბოტინოს სამხრეთით სიტუაცია არასტაბილური, ტაქტიკურად რთული და დინამიკურია. ორგანიზაციის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები რაბოტინოსსთან ტაქტიკურ კონტრშეტევას ახორციელებენ. ვითარება არასტაბილურია, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ტაქტიკურად მნიშვნელოვანი საველე სიმაგრეები რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალები რაბოტინოსა და ვერბოვოეს რაიონებში დაკარგული პოზიციების აღდგენას ცდილობენ და უკრაინულ ჯარებს ასევე წარუმატებლად უტევენ ავდეევკის, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით.

სამხედრო-ანალიტიკულ ჟურნალ „არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ფრონტზე ორი ცხელი მიმართულებაა – ზაპოროჟიესკენ ორეხოვო-რაბოტინო და ბახმუტი.

„ორეხოვო-რაბოტონოს მიმართულებაზე უკრაინელებმა დაახლოებით ერთი თვის წინ მიაღწიეს უპირატესობას. დიდი იმედი იყო, რომ ამ შეტევას გააძლიერებდნენ, არეალს გააფართოვებდნენ და აზოვის ზღვისკენ გაიჭრებოდნენ, მხოლოდ 80-90 კმ-ია დარჩენილი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა და ბრძოლა გრძელდება.

„ბრძოლა მიდის ბახმუტშიც. უკრაინელებს ძალების ხვადასხვა ლოკაციაზე გადასროლა უწევთ, რაც, რა თქმა უნდა, რაბოტინოს მიმართულებაზე შეტევას სიმძაფრეს აკლებს. მთავარია, სანამ წვიმიანი სეზონი დაიწყება, უკრაინამ მეტი ინიციატივა და უპირატესობა მოიპოვოს. ზამთარში ომი არ შეჩერდება, მაგრამ შეტევით ოპერაციებს სიმძაფრე მოაკლდება”, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ შესაძლოა რაბოტინოსთან რუსების გააქტიურება „ფარული მობილიზაციის” შედეგი იყოს, რომლის წყალობითაც რუსულმა სარდლობამ ფრონტის ამ მონაკვეთზე დამატებითი ძალების გადასროლა შეძლო.

„ზაპოროჟიეში რაბოტინოსკენ სიტუაცია დაიძაბა და როგორც ჩანს, რუსებმა ფარული მობილიზაცია განახორციელეს და ძალები იქ გადაისროლეს. მათ შორის დაქირავებულია კერძო სამხედრო კომპანიები. ეს უკვე რუსებს ტაქტიკურ უპირატესობას მიანიჭებს, თუმცა ამ მიმართულებაზე უკრაინასაც სერიოზული ძალები ჰყავს.

„სერიოზული ბრძოლები მიდის ასევე ბახმუტის სამხრეთით. ორივე მხარე ტაქტიკური ინიციატივის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რომ მერე ფლანგებიდან შეუტიონ. ხარკოვის მიმართულებაზე კი, კუპიანსკში უკრაინელებმა რუსების შეჩერება შეძლეს”, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან”.

რატომ შეიქმნა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების და შემცირების საფრთხე

როგორც გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, პუტინი ყველანაირ გზას ეძებს, უკრაინის მიმართ აშშ-სა და ევროპის დახმარება რაღაცნაირად შეაფერხოს, რომ ბრძოლის ველზე უპირატესობა მოიპოვოს. წყაროს ცნობით, კრემლი თვლის, რომ ის ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებზე გავლენას მოახდენს.

ამავე წყაროს ცნობით, პუტინი ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ში უკრაინის დახმარების შესახებ პოლიტიკურ დებატებს, სადაც გასულ შაბათ-კვირას რესპუბლიკელების ნაწილმა კონგრესის ლიდერები აიძულა, რომ ბიუჯეტში, რომელიც ბოლო წუთს დამტკიცდა, რათა თავიდან აეცილებინა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, არ შეეყვანათ უკრაინის დახმარების ხარჯები.

„აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთი უახლოეს თვეებში ამ მიმართულებით ძალისხმევას გააძლიერებს. სავარაუდოდ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინის ფსონები კიდევ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს 2016 წელს იყო, როდესაც აშშ-ის დაზვერვამ შეაფასა, რომ კრემლი ცდილობდა გავლენა მოეხდინა პროცესზე დონალდ ტრამპის სასარგებლოდ”, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი”.

აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესი უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო გააკრიტიკა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი რესპუბლიკელებს ბიუჯეტში უკრაინის დახმარების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

გარდა ამისა, როგორც „ტელეგრაფი” წერს, დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინას მხარს უჭერენ, თუმცა ამავდროულად ბრიტანელი სამხედროების ნაწილი ირწმუნება, რომ „ქვეყანამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობა ამოწურა”.

„ჩვენ თითქმის იმდენი მივეცით, რამდენიც შეგვეძლო. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის აღჭურვილობის მიწოდებას, მაგრამ ახლა მათ საჰაერო თავდაცვა და საარტილერიო საბრძოლო მასალა სჭირდებათ და ჩვენ ეს ყველაფერი ამოვწურეთ”, – ამბობს ერთ-ერთი ბრიტანელი სამხედრო მაღალჩინოსანი „ტელეგრაფთან”.

გამოცემა „პოლიტიკოს” ცნობით კი, უკრაინაში არსებული კორუფცია კიევისთვის ამერიკის დახმარების მთავარი საფრთხეა – ვაშინგტონი უკრაინაში კორუფციის ფაქტებს გაცილებით მეტი შეშფოთებით უყურებს, ვიდრე ამას საჯაროდ აღიარებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია.

რაზეა დამოკიდებული, შემცირდება თუ არა დასავლეთის დახმარება

„არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან” ამბობს, რომ დასავლეთი უკრაინის დახმარებას არც შეამცირებს და არც შეწყვეტს, რადგან თუკი თითქმის ასმილიარდაინი დახმარების ფონზე „უკრაინამ წააგო, გამოდის,რომ დასავლეთმა წააგო”.

„აღმოჩნდა, რომ უკრაინის ომი გამოფიტვაზეა, თავიდან თუ რუსეთს სჯეროდა, რომ ბლიცკრიგით რამდენიმე დღეში თუ კვირაში წარმატებას მიაღწევდა, ასე არ აღმოჩდა, თუმცა არც უკრაინას აქვს იმის ძალა, რომ დასავლეთის გარეშე გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწიოს.

„უკრაინას უკან დასავლეთი, ნატო და აშშ უდგას, რომლის დახმარების გარეშეც აქამდე ვერ გაძლებდა. საუბარი იმაზე, რომ ევროპა და აშშ გადაიღალა – არა მგონია ეს რეალობასთან ახლოს იყოს, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დასავლეთში გარკვეული პოლიტიკური ძალები უკმაყოფილობას გამოთქვამენ. განსაკუთრებით ის ძალები, რომლებიც აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების ოპოზიციაა, იგივე რესპუბლიკელები. მათ ახალი ბიუჯეტის მიღება შეაჩერეს.

„ამასთან, მაგალითად, სლოვაკეთში არჩევნებში იმ პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა, რომელიც ღიად აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას შეაჩერებს. რაღაცეები რომ შეიცვლება, ეს ლოგიკურიც და მოსალოდნელიც იყო. აქ დასავლეთს სერიოზული პრობლემები უჩნდება, რადგან უკრაინაზე ამხელა დახმარება ჩაიდო, თითქმის ასი მილიარდი დოლარი, ან მეტი, როგორც სამხედრო, ისე ფინანსური თვალსაზრისით და ამის შემდეგ კიდევ რომ უკრაინამ წააგოს, გამოვა, რომ დასავლეთმა წააგო. ამიტომაც ამ შუა ბრძოლის დროს დასავლეთის უკანდახევა არაფრით არ გამოვა”, – განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან”.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთი ჰიბრიდულ შეტევებს ყოველთვის აწყობდა და მით უმეტეს ახლაც არ მოერიდებოდა ამას. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დასავლეთი მინიმუმ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დახმარებას არ შეწყვეტს.

„რუსეთი ჰიბრიდულ შეტევებს ყოველთვის აწყობდა. არ გამოვრიცხავ, რომ ამიტომაც არაა აშშ-ის ბიუჯეტში უკრაინა ნახსენები, რაც ცუდი ფაქტია. ამერიკელებმა კი მიიღეს საპასუხო ღონისძიებები, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს, შესაძლოა, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების სერიოზული დაპირისპირების გამოც ხდებოდეს.

„ამასთან, რესპუბლიკელებთ აქვთ შანსი, რომ 2024 წელს გაიმარჯვონ და უკვე ჩანს, რას აპირებენ უკრაინასთან მიმართებაში. თუ რესპუბლიკელები მოვიდნენ, არ გამოვრიცხავ, რომ შეცვალონ აშშ-ის პოზიცია ომთან დაკავშირებით, ეს კი უკრაინისთვის უკვე პრობლემა იქნება. თუმცა, თუ აშშ-მა უკრაინის დახმარება შეამცირა, ამის ალტერნატიული წყაროებიც გამოიძებნება.

„ჩემი აზრით, „ნიუ იორკ თაიმსმა” არსებული ვითარება კარგად აღწერა, თუმცა მგონია, რომ უკრაინის დამხარება ახლა არ შემცირდება”, – განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან”.

წყარო: resonancedaily

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები