ვახტანგ ძაბირაძე: ჩემი აზრით, 2024 წლის არჩევნებზე საზოგადოება დიდ ცვლილებებს არ უნდა ელოდოს
“ჩემი აზრით, 2024 წლის არჩევნებზე საზოგადოება დიდ ცვლილებებს არ უნდა ელოდოს. მთავარია, ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ. თუ კოალიციური ხელისუფლება შედგება, რისი რეალური შანსიც არის, ქვეყანაში ბევრი რამის პოზიტიურად შეცვლის შესაძლებლობა გაჩნდება”, – ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ექსპერტი ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.
“ვფიქრობ, საზოგადოებრივი განწყობების ტენდენცია ზუსტად არის ასახული ამ კვლევაში. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ პოლიტიკურ რეიტინგში პირველ ადგილზე ნამდვილად “ქართული ოცნებაა”, მეორეზე – “ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი – გახარიას “საქართველოსთვის”, რაც წინა არჩევნებმაც დაადასტურა. პროცენტები რამდენად რეალურია, რთული სათქმელია, მაგრამ არა მგონია, ძალიანაც დიდი აცდენა იყოს. ვფიქრობ, ალოკაციის გარეშე პროცენტები უფრო საინტერესოა. გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ბარიერის გადალახვის უნარი მხოლოდ 3 პარტიას აქვს, მაგრამ წვრილ ოპოზიციურ პარტიებში პროცესები ახლა იწყება, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ოპოზიციის ფლანგზე გადაადგილებები მოსალოდნელია. ალოკაციის გარეშე მონაცემები იმიტომ არის საინტერესო, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა თითქმის 32%-ია – ანუ ეს არის ხალხი, ვინც არ იცის, ვის აძლევს ხმას, ან არ აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს საკმაოდ მაღალი პროცენტია იმისთვის, რომ ამ კვლევით ნაჩვენები ვითარება შეიცვალოს.
არჩევნებამდე კიდევ ერთი წელიწადია, ეს დრო საქართველოსთვის და საზოგადოდ, პოლიტიკური ცხოვრებისთვის, საკმაოდ დიდია. ჩემი აზრით, არის იმის რესურსი, რომ ბარიერი ოთხმა და უფრო მეტმა პოლიტიკურმა ძალამაც გადალახოს. ამასთანავე, ჯერ არ ვიცით, რა პროცესები განვითარდება “ნაციონალურ მოძრაობაში” – რას იზამს ნიკა მელია. მან დააანონსა, რომ 7 ოქტომბერს გასაჯაროვდება მისი გადაწყვეტილება, გავიგებთ წავა თუ არა პარტიიდან. თუ მან ცალკე პარტია შექმნა, ვფიქრობ, ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. ველი, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც, რომლებიც 5-%-იან ბარიერს გადალახავენ. ისე კი, ჩემი აზრით, 2024 წლის არჩევნებზე საზოგადოება დიდ ცვლილებებს არ უნდა ელოდოს. მთავარია, ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ. თუ კოალიციური ხელისუფლება შედგება, რისი რეალური შანსიც არის, ქვეყანაში ბევრი რამის პოზიტიურად შეცვლის შესაძლებლობა გაჩნდება.
გახარია წარმატებული და საინტერესო კარიერის პოლიტიკოსი აღმოჩნდა, როგორც შს მინისტრობის, ასევე პრემიერ-მინისტრობის პერიოდის გათვალისწინებით. ის წინააღმდეგობრივი ფიგურაა, მისი ქმედებები კი ორდინარული.
იშვიათად მახსენდება იმგვარი ნაბიჯი, რაც მან გადადგა – გადადგომას ვგულისხმობ, მიუხედავად იმისა, სწორი იყო თუ არა მაშინ ნიკა მელიას დაპატიმრება, გახარიას გადადგომა ძალიან მოულოდნელი და საინტერესო ნაბიჯი იყო, რაც, ჩემი აზრით, ელექტორატზე დღემდე მუშაობს. გარდა ამისა, გიორგი გახარია არის სახელისუფლებო პარტიის ანასხლეტი. მისი მხარდამჭერების ნაწილი დღემდე სახელმწიფო სტრუქტურებში თუ რეგიონულ მმართველობაშია. მას ამითაც აქვს გავლენა. გახარია ჯერჯერობით არ უშვებს შეცდომებს, სატელევიზიო ეთერებში ყოველდღიურად არ ყელყელაობს, შესაბამისად, მუდმივად რჩება ინტერესი, თუ სად არის და რას გეგმავს. იშვიათად აკეთებს განცხადებებს, თუმცა საკმაოდ ორდინარულს. მიმართვის ფორმაც განსხვავებული აქვს. მოკლედ, მას ბევრი პლუსი აქვს, რაც საბოლოოდ ამ რეიტინგში გარდაიქმნება. მან ასევე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ეკრანი მისი გუნდის წევრებს დაუთმო. ხალხი, რომელიც მმართველ უმრავლესობაში არაფრით გამორჩეული დეპუტატები იყვნენ, დღეს მეტ-ნაკლებად ყველამ გაიცნო, ისინი პარტიულ სახეებად იქცნენ. ამ ხალხისგან შექმნა გახარიამ პოლიტიკური გუნდი, რომელიც სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს არაფრით ჩამოუვარდება.
სალომე ზურაბიშვილი ჩემი აზრით, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში უკვე არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მიუხედავად იმისა, რას და როგორ აკეთებს “ქართული ოცნება”. საკმაოდ სარისკო ნაბიჯები გადადგა, როდესაც ჯერ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, შემდეგ ამ თავისი ევროპული ვოიაჟით შექმნა მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, ახლახან კი ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიიღო ის ცნობილი გადაწყვეტილება. მე არ ვამბობ. რა სწორია და რა არასწორი, მე ვამბობ, რომ პრეზიდენტი ნელ-ნელა გამოვიდა “ქართული ოცნების” ჩრდილიდან და იქცა დამოუკიდებელ მოთამაშედ. ის ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ხელისუფლებაში ოპოზიციურ შტოდ. გარდა ამისა, ვფიქრობ, “ქართული ოცნების” მიერ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება პოლიტიკურად ძალიან არასწორი ნაბიჯია, მე არ ვეხები ამჟამად სამართლებრივ მხარეს. თავდაპირველად, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ იმპიჩმენტის თემით სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროს გაზრდილ რეიტინგს ისევ დააგდებდნენ, მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ… დარწმუნებული ვარ, დღეს ზურაბიშვილის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმპიჩმენტის თემის გააქტიურებამდე რაც მთავარია, სალომე ზურაბიშვილს დღეს აქვს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა. ჯამურად ამ ყველაფერმა მოგვცა მოცემულობა, რომ სალომე ზურაბიშვილი როგორც საშინაო, ის საგარეო პოლიტიკაში გახდა ფაქტორი. წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ქვეყანაში ჩავიდა როგორც კერძო პირი (მას არ ჰქონდა მთავრობისგან რწმუნება) და დიდი პატივით ხვდებოდნენ ევროსაბჭოს, გერმანიის, საფრანგეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები. ეს კი ნიშნავს, რომ მას აქვს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გახარიასა და სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც – ალბათ, “ნაციონალური მოძრაობის” გამოკლებით სურდეთ მისი მხარდაჭერის მოპოვება საარჩევნოდ.
მეც მათ რიცხვში ვარ, ვინც ფიქრობს, რომ არასწორი იყო უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მიცემა, საქართველოსთვის კი – არა. ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორებიც მიხვდნენ, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. სტატუსი უნდა მიეღო საქართველოსაც, არა იმიტომ, რომ ამას ხელისუფლება იმსახურებს. საქმე ისაა, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში უკრაინის ომმა დააყენა. ეს ფაქტორი რომ არა, ამ ეტაპზე ამ საკითხს არავინ განიხილავდა და ეს ქვეყნებიც არ იყვნენ მზად ამისთვის, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით პროცესები სხვაგვარად წარიმართა და გადაწყვეტილება მიიღეს არა იმის მიხედვით, მიცემული დავალებებიდან ვის რა ჰქონდა შესრულებული, არამედ პოლიტიკურად. ამიტომაც ამ პროცესში საქართველო არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი, მით უფრო, რომ წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ მოლდოვასა და უკრაინას კიდევაც ვუსწრებდით. დღეს “ქართული ოცნება” ცდილობს თავისი ამომრჩეველი და საერთოდ, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ თუ სტატუსი მოგვცეს, ეს მათი დამსახურება იქნება, ხოლო თუ არ მოგვცეს, ოპოზიციის ბრალი იქნება, რადგან თურმე ის ცდილობს არეულობას. მოკლედ, თავს იზღვევს მოსალოდნელი საპროტესტო აქციებისგან. აგერ ვიღაც სერბები დაიბარეს სუს-ში… მოკლედ, ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ თუ სტატუსი არ მოგვცეს, დიდი საპროტესტო გამოსვლები იქნება, თუმცა, ვფიქრობ, აქციები იქნება, მაგრამ არა ისეთი და იმ მასშტაბის, რაც უკრაინაში მაიდნის მოვლენებისას იყო. თუ სტატუსი მოგვცეს უპირობოდ, ეს იქნება ნიშანი, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი კარგად გააკეთა და საკითხიც ამოიწურება, მაგრამ თუ მოგვცეს ახალი პირობებით, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პარტნიორების კეთილი ნება. ასეთ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება? – ვერც ვერაფერს. ხომ არ იტყვიან, რატომ მოგვეცით და უკან წაიღეთ სტატუსიო? შეიძლება თქვან, ამ ახალი პირობების საკითხებიც მოგვარებული გვაქვსო, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ პიარის ნაწილი, თუნდაც უკრაინის მეტი მხარდაჭერაც მოსთხოვონ. რაც შეეხება. რაც შეეზება “ევრომაიდნისთვის” მზადების სუს-ისცენარს, არა მგონია, ამ ყველაფერს სერიოზულად აღიქვამდეს და იჯერებდეს ვინმე საქართველოში. გადატრიალების სცენარებზე ლაპარაკი პირველად ხომ არ იწყება, ბევრჯერ მოგვისმენია მსგავსი რამ ხელისუფლებისგან. სუს-ის განცხადების შემდეგ სჭირდებათ რაღაც ილუზიის შექმნა და ორგანიზაცია “კანვასის” ხალხიც იმიტომ დაიბარეს.
მერწმუნეთ, ვერც ერთი ჯგუფი ქვეყანაში ვერაფერს გააკეთებს, თუ ამისთვის საზოგადოება მზად არ არის. რევოლუციებისა და გადატრიალების ექსპორტი არ გამოდის, თუ თავად ქვეყანაში არ არის ამისთვის მზაობა. ოპოზიციის მთავარი შეცდომაც ისაა, რომ მუდმივად ჰგონიათ, რაღაც მოხდება, დაიწყება აქციები, ეს გადაიქცევა მასშტაბურ პროტესტად და ხელისუფლებაც შეიცვლება. ამგვარი საპროტესტო განწყობა დღეს საქართველოში არ არის! არ ვიცი, რა იქნება ხვალ-ზეგ, მაგრამ ხელისუფლებით უკმაყოფილება და უარყოფითი მუხტი აშკარად მატულობს. მის საყრდენს ახლა ძირითადად სახელმწიფო ადმინისტრაცია და ძალოვანი უწყებები წარმოადგენენ. ამის მიუხედავად, მოსახლეობა არ არის დღეს მზად ქუჩაში გასასვლელად და პერმანენტული აქციების დასაწყებად. ეს უნდა გაიაზროს ოპოზიციამაც. ნებისმიერი პროტესტი, რომელიც იწყება და მისი მართვა ვერ ხერხდება, არათუ მიზანს ვერ აღწევს, არამედ ოპოზიციას აზარალებს, მის სისუსტეს აჩვენებს. ოპოზიციურმა სპექტრმაც უნდა შეაფასოს საზოგადოებაში არსებული განწყობები და შესაბამისად იმოქმედოს… ავტორიტარული რეჟიმი დიდხანს ვერ ძლებს, ის ან უნდა გადავიდეს დიქტატურაში, ან იწყება სისტემის რღვევა. დიქტატურაში რომ გადავიდეს, ამას დიდი რესურსი სჭირდება. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს, ამიტომაც დიქტატურისთვის საჭირო რესურსი აქ არ არის, ამიტომაც მიდის სისტემის რღვევა. 2011 წლის 26 მაისს მიტინგი რომ დაარბიეს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის დიქტატურაში გადასვლის მცდელობა. ეს არ ყოფილა აქციის დაშლა, იქ საშინელებები მოხდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რადგან სისტემა უკვე აღარ მუშაობდა. მოყოლებული ეროვნული მოძრაობიდან საზოგადოებრივი პროტესტის შეზღუდვის ცდები სულ იყო, ხან რუსთაველზე შეკრებას გვიკრძალავდნენ, ხან გვეუბნებოდნენ, ადგილს გამოგიყოფთ ცალკეო, ხან სასამართლოს და ადმინისტრაციულ შენობებთან მიახლოება აკრძალეს, ხან რა და ხან რა, მაგრამ როცა სისტემა იწყებს რღვევას, რაც არ უნდა გაამკაცრო კანონი, სულაც რომ აკრძალო გამოსვლები, აღარ იმუშავებს. ამას ვერ ხედავს ხელისუფლება, ავიწყდება, მისმა წინამორბედებმა რა გააკეთეს. თუ რეჟიმზე ვლაპარაკობთ, სააკაშვილის რეჟიმი ივანიშვილისაზე გაცილებით მონოლითური იყო, მაგრამ როდესაც მოსახლეობის 2/3 შენთვის დაკარგულია, იქ უკვე დიდი პრობლემები იწყება. სისტემის რღვევის ნიშანი რა არის? – თუნდაც იმ სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა ეროვნული ბანკიდან. გარდა ამისა, გახსოვთ, ალბათ, მარტის აქციებში სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ეს უკვე ნიშნავს, რომ სისტემაში ბზარებია გაჩენილი. დარწმუნებული ვარ, ის ბიზნესმენები, ვინც ბოლო წლებში ემსახურებიან ხელისუფლებას, უკვე ეძებენ სხვა პოლიტიკურ ძალებში ადგილს. ალბათ, მართლაც აკრძალავენ კარვების გაშლას, მაგრამ ერთხელაც გამოვა ხალხი ისე, რომ გადაუვლის ამ აკრძალვებს. ასე ხდება, ეს არის ამგვარი პროცესების განვითარების ლოგიკა. როცა სისტემა აღარ მუშაობს, აკრძალვები აღარ უშველის…”, – განაცხადა ძაბირაძემ.