“ძალიან აგრესიული იყო, ცოლზე ეჭვიანობდა” – მეზობელი კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაზე

“მე როდესაც მივედი, ძირს ეგდო, უკვე დარტყმული ჰქონდა დანა – რამდენჯერმე წაიყვანა პოლიციამ, საგიჟეთში ჰყავდათ, ცოტა ხნით უმკურნალეს და გამოუშვეს”,- ამის შესახებ მეზობელმა, ეთერ ჩეგურიშვილმა სოფელ ხანდაკში ქმრის მიერ ცოლის მოკვლის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კაცი ცოლზე ეჭვიანობდა.

“მე როდესაც მივედი, ძირს ეგდო, უკვე დარტყმული ჰქონდა დანა. მიდი, მგონი მოვკალიო, მითხრა კაცმა. როცა მივედი, თავს დასტრიალებდა ეს კაცი, ამ ქალმა ქმარს უთხრა – წადი, თავი დამანებეო და დაიღუპა. ერთი სიტყვა ეგ თქვა და მაშინვე დაიღუპა. სახლის წინ ბეტონზე ეგდო საწყალი. სულ უსიამოვნება ჰქონდათ, რამდენჯერმე წაიყვანა პოლიციამ, საგიჟეთში ჰყავდათ, ცოტა ხნით უმკურნალეს და გამოუშვეს. ამის გამოშვება არ შეიძლებოდა. ძალიან აგრესიული იყო, ცოლზე ეჭვიანობდა”, – განაცხადა ეთერ ჩეგურიშვილმა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა. ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები