“მამაკაცს ჰქონია ფსიქოლოგიური პრობლემა, აიღო დანა და დაარტყა ცოლს” – მარნეულში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მარნეულის სოფელ სადახლოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი, სამირა ბაირამოვა ადგილობრივებზე დაყრდნობით აცხადებს, მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა, ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა მეუღლე მოკლა, თვითმკვლელობაც სცადა, რაშიც შვილმა შეუშალა ხელი.

“ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მამაკაცს ჰქონია ფსიქოლოგიური პრობლემა და ის მკურნალობდა საავადმყოფოში. ჯანმრთელობის პრობლემის გამო გაუშვეს რამდენიმე დღით სახლში. ცოლი ეუბნებოდა, რომ შენი წამალი დალიეო, არ მოეწონა ეს მიმართვა და გაღიზიანებულა, აიღო დანა და დაარტყა. თვითონაც ცდილობდა, დაზიანება საკუთარ თავზე მიეყენებინა, ხელი მისმა შვილმა შეუშალა. ასევე, უნდოდა თავის მოკვლა. როგორც ვიცი, პატარა დაზიანება მის შვილსაც აქვს. ამის შემდეგ დააბრუნეს კლინიკაში,” – განაცხადა ბაირამოვამ.

შეგახსენებთ, 19 აგვისტოს სოფელ სადახლოში ქმარმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცოლს დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები