“დღესაც გახლდით სტიქიის ზონაში, მაქსიმალურია ის ძალისხმევა, რაც კეთდება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე მძიმე ტექნიკის ჩართულობით – ირაკლი ქარსელაძე
“დღესაც გახლდით სტიქიის ზონაში, ეპიცენტრთან საკმაოდ ახლოს, სადამდეც მისვლა ფიზიკურად იყო შესაძლებელი და ვიტყოდი, რომ მაქსიმალურია ის ძალისხმევა, რაც კეთდება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე მძიმე ტექნიკის ჩართულობით. რეალურად, ამ მომენტისთვის ყველა შესაძლო მისასვლელი არის გამოყენებული”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ის მდებარეობები, სადაც ცოცხალ ძალასთან ერთად მძიმე ტექნიკა არის ჩართული, ამ მომენტისთვის არის 8. ბუნებრივია, თავდაპირველად ნაკლები იყო და შემდგომ უკვე ნაწარმოებმა სამუშაოებმა, ალტერნატიულმა გზამ, მოწყობილმა ხიდმა, ასევე სხვადასხვა მისასვლელის მოწყობამ შესაძლებლობა მოგვცა, რომ შესაბამისი მდებარეობების რაოდენობაც გაზრდილიყო და ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ტექნიკის რაოდენობაც გაზრდილიყო.
ამჟამად, არის 8 პრიორიტეტული მდებარეობა, სადაც აქტიური სამუშაოები ვითარდება და, ბუნებრივია, იმ მდებარეობების კვალდაკვალ, სადაც მხოლოდ ცოცხალი ძალით არის შესაძლებელი შეღწევა, ვცდილობთ, რომ ტექნიკისთვის მისასვლელი ვითარება მოეწყოს, რათა შემდგომ უკვე ტექნიკა ჩაერთოს იმ კვლევა-ძიების სამუშაოებში, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ ცოცხალი ძალის მეშვეობით ხდება“, – განაცხადა მინისტრმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი. მაშველები 15 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.