თემურ მღებრიშვილი: დაახლოებით 2 საათის წინ, ახალ ლოკაციაზე დაიწყო საძიებო სამუშაოები, სტიქიამდე არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს, რომ იქ შეიძლება გარკვეული შედეგები იყოს
დღეს, დაახლოებით 2 საათის წინ, ახალ ლოკაციაზე დაიწყო საძიებო სამუშაოები, სტიქიამდე არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს, რომ იქ საძიებო კუთხით გარკვეული შედეგები შეიძლება იყოს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღის განმავლობაში სამძებრო სამუშაოები 8 ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
„საძიებო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს დაახლოებით 2 საათის წინ ახალ ლოკაციაზე დაიწყო საძიებო სამუშაოები, აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები, რაც გახდა საფუძველი. შესწავლილია ეს კონკრეტული პერიმეტრი და სტიქიამდე არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს, რომ იქ საძიებო კუთხით გარკვეული შედეგები შეიძლება იყოს. 8 ლოკაციაზე ვმუშაობდით დღის განმავლობაში. ორივე მიმართულებით ფაქტობრივად გზა დასრულებულია. ე.წ. მჟავე წყლებთან ხიდის რეაბილიტაცია დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ უკვე დასრულდება. ფაქტობრივად, იქ მდინარე უკვე მოქცეულია კალაპოტში. პარალელურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 210 პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.