გორბაჩოვის „მშრალი კანონი“ – სამარცხვინო დამარცხება ალკოჰოლთან

რუსეთის მოსახლეობის ურთიერთობა ალკოჰოლთან ნებისმიერ დროს ძალიან რთული იყო. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლასთან ერთად არაფერი შეცვლილა. მიიჩნეოდა, რომ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და შემოსავლის დონის მატება სსრკ-ს მოქალაქეებს ალკოჰოლთან დააშორებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 70-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში შედარებით კარგი და სტაბილური პერიოდი დაიწყო, ალკოჰოლიზმი ორმაგი ძალით „აყვავდა“. 1985 წელს მიხეილ გორბაჩოვმა გადაწყვიტა, ერთი დარტყმით გადაეჭრა „გორდიას კვანძი“ და დაეხსნა მოქალაქეები ალკოჰოლისა და მისი უარყოფითი შედეგებისგან.

ახალ გენერალურ მდივანს, არცთუ უსაფუძვლოდ, სჯეროდა, რომ სსრკ მოსახლეობისთვის დამახასიათებელი სასმელისადმი გატაცება აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ამცირებს ცხოვრების დონეს. გორბაჩოვი დარწმუნებული იყო, რომ ადრე შეუძლებელი იყო ალკოჰოლიზმის დამარცხება მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მსუბუქი ზომები მიიღო.


1985 წლის 7 მაისს დაიწყო ანტიალკოჰოლური კამპანია, რომელიც ჯერ არ ყოფილა განვითარებული სოციალისტურ ქვეყანაში. განკარგულებაში „სიმთვრალისა და ალკოჰოლიზმის დასაძლევად ზომების შესახებ“ კატეგორიულად ნათქვამია, რომ სიფხიზლე ცხოვრების ნორმაა. ეს გაძლიერდა ცხრა დღის შემდეგ გამოცემული სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, რამაც შესაძლებელი გახადა ბრძოლაში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსების ჩართვა.

ბრძოლა ალკოჰოლიზმთან!

ცხადი იყო, რომ ალკოჰოლზე თავისუფალი წვდომის დაკარგვის შემდეგ რიგითი საბჭოთა მოქალაქე კუსტარულ პროდუქტებზე გაამახვილებდა ყურადღებას, ამიტომ, არყის გამოხდა სახლის პირობებშიც აიკრძალა. ისჯებოდა არა მხოლოდ სპირტიანი სასმლის წარმოება გასაყიდად, არამედ – მისი დამზადება მცირე რაოდენობით პირადი მოხმარებისთვის.

ახალი კანონი არა მხოლოდ ხალხის ჯიბეს ურტყამდა, არამედ სახელმწიფოს ეკონომიკასაც. ალკოჰოლის წარმოება მკვეთრად შემცირდა, ხოლო სპირტიანი სასმელების საცალო ფასი მკვეთრად გაიზარდა. არყის ერთი ბოთლი რომელიც კანონის მიღებამდე 4 რუბლი და 70 კაპიკი ღირდა, შემდეგ 9 რუბლი და 10 კაპიკი გახდა.

შემდეგი ნაბიჯი გახდა ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებისა და სასურსათო მაღაზიებში განთავსებული ალკოჰოლური სასმელების განყოფილებების დახურვა. ლუდის მომხმარებლებიც დაზარალდნენ, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით ბარები გამაგრილებელი სასმელების კაფეებად გადაკეთდა. რამდენიმე პუნქტმა, სადაც შეიძლებოდა არაყის, ღვინის ან ლუდის ყიდვა, 14.00 საათიდან დაიწყო მუშაობა.

სასმელების მიღების მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული ზომების გამოყენება დაიწყო. სამსახურში ნასვამი ან ნაბახუსევზე გამოჩენისთვის  პრემიების ჩამორთმევით და საყვედურებით ისჯებოდნენ, ხოლო სამუშაო ადგილზე ალკოჰოლის დალევა გათავისუფლების მიზეზიც კი შეიძლება გამხდარიყო.

მილიცია აქტიურად აკავებდა სასმლის მოყვარულებს სკვერებში, პარკებსა და ეზოებში, ასევე მატარებლის კუპეებში. ახალგაზრდებისთვის უალკოჰოლო ქორწილების დაწესებას ცდილობდნენ, ტელეეკრანიდან და რადიოთი საათობით საუბრობდნენ ეთილის სპირტის საშიშროებაზე ადამიანის ორგანიზმისთვის და ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანების დეგრადაციაზე.

მევენახეობის სიკვდილი

სსრკ-ში ოთხი სფერო იყო ალკოჰოლის ამოუწურავი წყარო: არყის წარმოება, ლუდის მრეწველობა, მეღვინეობა და საშინაო დუღილი. არყის გამოხდას, გორბაჩოვის თქმით, უკვე მიყენებული ჰქონდა გამანადგურებელი დარტყმა, არყისა და ლუდის წარმოება მეტ-ნაკლებად კონტროლის ქვეშ იყო, მაგრამ მევენახეობა არ იყო ათვისებული.

სსრკ-ში, ისევე – როგორც არსად მსოფლიოში, იყო ღვინის მოყვარულების დიდი რაოდენობა. უზარმაზარი ტერიტორიები შუა აზიაში, მოლდოვაში, უკრაინაში, ყირიმში და, რა თქმა უნდა, კავკასიაში, ვენახებს ეკავა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მთავრობამ ბიუჯეტი ახალი ვენახების გაშენებასა და მოვლა-პატრონობას შეუმცირა.

გადაწყდა, რომ საღვინე ყურძნის მოყვანისთვის თავი დაენებებინათ და თანდათან გადასულიყვნენ სუფრის ყურძენზე. ამან გამოიწვია ვენახების მასობრივი მოჭრა, განსაკუთრებით ძველი და ძვირფასი ვენახების.  ანტიალკოჰოლური კამპანიის დროს ღვინის კულტურების მიერ დაკავებული მიწის ფართობი 32 000 ჰექტარით შემცირდა. ყველაზე მეტად მოლდოვა დაზარალდა, რომელმაც ვენახების 38% დაკარგა.

ურთიერთობები საერთაშორისო ასპარეზზეც გაუარესდა – სსრკ-მ კატეგორიული უარი თქვა სხვა ქვეყნებში ღვინის ყიდვაზე.

სამარცხვინო დამარცხება ალკოჰოლთან

1987 წელს „მშრალი კანონის“ არაეფექტურობისა და აშკარა ზიანის დანახვისას, ანტიალკოჰოლური კომპანია შემცირდა. მას ყველაზე სავალალო შედეგები მოჰყვა და ბედნიერებისა და კეთილდღეობის ნაცვლად ქვეყნის მცხოვრებლებს მხოლოდ მწუხარება, სიკვდილი და ტანჯვა მოუტანა. ქარხნული ალკოჰოლის დეფიციტის ფონზე, მიუხედავად ყველაფრისა, არყის კუსტარული გამოხდის ბიზნესი აყვავდა. ლიქიორის უკანონო მწარმოებლებმა შაქარი ტონებით იყიდეს და ის დეფიციტი გახდა.

შემდეგ გამოიყენეს კანფეტები, რომლებიც, როგორც გაირკვა, ასევე კარგად გამოიყენება არყის გამოსახდელად. ალკოჰოლს ხდიდნენ ყველაფრისგან – ხშირად ის ძალიან დაბალი ხარისხის იყო და იწვევდა მოწამვლას და სიკვდილს. მათ ასევე დაიწყეს ალკოჰოლის შემცველი სითხეების დალევა. ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ტოქსიკურმა მეთილის სპირტმა, ინსექტიციდმა დიქლოფოსმა და ფრჩხილის ლაქების მოსაშორებელმა.

„მშრალი კანონის“ გაუქმებიდან 20 წლის შემდეგ მ. გორბაჩოვმა აღიარა, რომ მისი რეფორმები „ნედლი“ იყო, თუმცა, ისინი უაღრესად მნიშვნელოვან და აუცილებელ მიზნებს მისდევდნენ. დადებითი შედეგებიდან მხოლოდ მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა შეიძლება ითქვას, 2,5 წლით, შობადობის ზრდა 10%-ით და ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობის შემცირება.

ყველა ეს მიღწევა დროებითი იყო – 90-იანი წლების დასაწყისში დსთ-ს ქვეყნები კატასტროფული სიკვდილიანობის წინაშე აღმოჩნდნენ, რომლის ზრდაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალკოჰოლიზმმა, რომელიც თავის მხრივ ცხოვრების არევით იყო გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები