შალვა პაპუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევრორეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა. შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა პარლამენტის როლზე ,,გრეკოს”რეკომენდაციების შესრულების ნაწილში და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს პარლამენტსა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად. რაჟდენ კუპრაშვილმა თავის მხრივ ბიუროს მიერ განხორციელებულ მიღწევებსა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია. საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწასა და ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებს.
რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ სამსახური აქტიურად იმუშავებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნაზე და ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და საჯარო მოხელეებში დეკლარაციის შევსების უნარ-ჩვევების ამაღლების პროცესს, რომელიც ანტიკორუფციული სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.