ირაკლი ღარიბაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის დატვირთულ დღის წესრიგზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრისას განხილულ იქნა მოახლოებული ნატოს ვილნიუსის სამიტი.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედუნარიანი პარტნიორი და დიდი წვლილი შეიტანა საერთო-ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ასევე აღინიშნა, რომ, მოკავშირეების დახმარებითა და მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვითი შესაძლებლობები. მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე ამ კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები