საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება. მოსამართლეებისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა 12:00 საათზე უზენაეს სასამართლოში გაიმართება.
შეხვედრა, სავარაუდოდ, უკავშირდება აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განცხადებით მიმართა პრემიერმინისტრს და მასთან შეხვედრა მოითხოვა.
ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.