დღეს გამოკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მხოლოდ ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა იყვნენ ის პირები, რომლებიც ამუშავებდნენ რუკებს და ახორციელებდნენ საზღვრის ხაზის დატანას და საქართველოს პოზიციის ჩამოყალიბებას, კოორდინატების აღებას და ასე შემდგომ, – ამის შესახებ ე.წ. დავით გარეჯის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მორიგი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მეორე მნიშვნელოვანი რაც, მოწმემ დაადასტურა, არის ის, რომ მას რეალურად კომისიის საქმიანობის დროს 2006-2007 წლებში განსაკუთრებით, პრაქტიკულად არანაირი სხვა დოკუმენტი გარდა რუკის ალბომებისა არ უნახავს. ჩვენ წარუდგინეთ 1996 წელს ბრალდებულის მიერ შედგენილი რუკის ალბომი, რომელზეც არის მითითება, რომ ის თანხვედრაში არის შეთანხმებულ პროტოკოლთან და ამ რუკის ალბომით ანუ 1996 წლის რუკის ალბომით, მათ შორის, დავით გარეჯზე და ძალიან ბევრ ტერიტორიაზე თითქმის სწორად და იდენტურად არის მოთხოვნა გაკეთებული რაც არის ერთი 200 ათასიანი მასშტაბის რუკაზე დაფიქსირებული. ეს დოკუმენტი საერთოდ არ უნახავს”, – განაცხადა სადრაძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლოზე გამოიკითხა მოწმე, რომელიც 2005-7 წლებში აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის წევრი იყო.