საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სპეციალიზებულმა პროკურორებმა სკოლების მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მანდატურებთან და სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

თბილისში, ოზურგეთში, რუსთავსა და მარნეულში გამართული შეხვედრების ფარგლებში, პროკურორებმა ინფორმაცია მიაწოდეს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ.

ასევე, ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის თაობაზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და მათი მოვალეობა სწორედ დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, გენდერული სტერეოტიპების განხილვას, ასევე რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.

შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. სწორედ ამ მიზნით, სპეციალიზებული პროკურორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები