„გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საბოლოოდ დაესმება წერტილი არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს და ფარდა აეხდება იმ ტყუილს, რასაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები უხეშად ავრცელებდნენ,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ასპექტი დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული.
„პროკურატურა არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ასპექტს სწავლობს, მათ შორის არის ადგილობრივი დამკვირვებლების საქმიანობა. ეს ორგანიზაციები იყვნენ იმის ავანგარდში, ვითომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყველა ასპექტი დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ პროცესის შედეგად საბოლოოდ დაესმება წერტილი იმ მანიპულაციებს, რომლებიც არჩევნებთან იყო დაკავშირებული და ასევე ფარდა აეხდება იმ ტყუილს, რასაც ეს ორგანიზაციები ასე უხეშად და ურცხვად ავრცელებდნენ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, „ისფედში“ განაცხადეს, რომ პროკურატურისგან მიიღეს წერილი, რომლითაც სთხოვენ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და მიღებული დასკვნების ამსახველი დოკუმენტაციის გაგზავნას. „სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას.