კრემლი: მაკრონის „ბირთვული რიტორიკა“ რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, „ემანუელ მაკრონის „ბირთვული რიტორიკა“ რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა, ეს არის მუქარა რუსეთის მიმართ. თუ ის ჩვენ საფრთხედ გვთვლის, აწყობს ევროპის ქვეყნებისა და ბრიტანეთის გენშტაბების უფროსების შეკრებას, ამბობს, რომ აუცილებელია ბირთვული იარაღის გამოყენება, რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადება, ეს, რა თქმა უნდა, მუქარაა“, – განაცხადა ლავროვმა.
თავის მხრივ, პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ემანუელ მაკრონის განცხადებებს კონფრონტაციული უწოდა. მისი თქმით, საფრანგეთის ლიდერის კომენტარებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარიზი ომის გაგრძელებისკენ ისწრაფვის.
„მაკრონის გამოსვლას თუ გავითვალისწინებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საფრანგეთს ნამდვილად სურს ომის გაგრძელება. უფრო მეტიც, საფრანგეთი უკვე მზადაა, გამოიყენოს თავისი ბირთვული შეიარაღება უსაფრთხოების საქმეში. ეს უკვე ბირთვული რიტორიკაა, ეს არის პრეტენზია ევროპაში ბირთვულ ლიდერობაზე. ანუ, ეს არის ძალიან და ძალიან კონფრონტაციული“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დებატების გახსნის წინადადებით გამოვიდა იმის შესახებ, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.