ილია მეორე ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს შეხვდა
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, – ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი (ადამაკისი) მიიღო”,- ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიტროპოლიტმა ემანუელმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გადასცა მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ძმური მოკითხვა და ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებული მილოცვა, ასევე – სამძიმარი ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო.
“სტუმარმა აღნიშნა ისიც, რომ პანდემიამ გარკვეულწილად შეასუსტა კავშირები და მეგობრობისა და ერთობის განსამტკიცებლად ორმხრივი ვიზიტების განხორციელების საჭიროებაზე ისაუბრა, რათა ურთიერთშეთანხმებით დაიძლიოს თანამედროვე სირთულეები და გამოწვევები.
შეხვედრაზე ორივე მხრიდან გამოითქვა მწუხარება უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო და ხაზი გაესვა ომის დასასრულებლად და მშვიდობის ხელშეწყობისთვის სათანადო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.