„Rewilding Europe“-ის ინიციატივის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მიმდინარე წელს, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, საერთაშორისო გარემოსდაცვით ინიციატივას „Rewilding Europe“ შეუერთდა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპაში ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენას, ველური ცხოველებისა და მცენარეების დაბრუნებას მათ ჰაბიტატებში და ბუნებრივი პროცესების ხელშეწყობას, – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„ახალი საერთაშორისო ინიციატივის „Rewilding Europe“ ფარგლებში, თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესახებ, განიხილეს საკონსერვაციო პროექტები, რომლებიც ტერიტორიებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების „Rewilding Europe“-ის ინიციატივაში გაერთიანება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ველური ბუნების დაცვისა და ეკოსისტემის აღდგენის მიმართულებით. ინიციატივის ფარგლებში შემუშავდება ისეთი სახეობების რეინტროდუქციის 5-წლიანი საკონსერვაციო გეგმა, რომელთა ტერიტორიაზე დაბრუნება ხელს შეუწყობს ბუნებრივი პროცესებისა და ეკოსისტემების აღდგენას, კვებითი ჯაჭვის უწყვეტობის უზრუნველყოფას და ველური ბუნების შენარჩუნებას.

აღსანიშნავია, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია უნიკალური ნახევრადუდაბნო ლანდშაფტებით და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, 2015 წლიდან, საქართველოში ევროპული დიპლომის მფლობელი ერთადერთი დაცული ტერიტორიაა. 2013 წლიდან ტერიტორიაზე წარმატებით ხორციელდება ქურციკების რეინტროდუქციის პროექტი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები