მუშაობდა თუ არა გიორგი სიგუა თურქეთში სექსინსტრუქტორად
ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ამბობს, რომ წლების წინ „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებასთან გარკვეულ საკითხზე უთანხმოების გამო ქვეყნიდან წასვლა მოუწია. როგორც სიგუა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, მას ძმები ახალაიები, გივი თარგამაძე და ლადო ვარძელაშვილი ემუქრებოდნენ.
„მე და ჩემი მეგობრები პირველები ვიყავით, რომლებმაც სააკაშვილის გარკვეული გადაწყვეტილებების გაპროტესტება დავიწყეთ. ამის გამო ძმები ახალაიები, გივი თარგამაძე, ლადო ვარძელაშვილი გვემუქრებოდნენ. მოვიდნენ უნივერსიტეტში და ლექტორებს უთხრეს, თუ გიული ალასანიას დაქალს რუსუდან ლორთქიფანიძეს ხმას არ მისცემდნენ, ყველას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ეს საქმე ამოწიონ და ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვიქნები.
მომკლავდნენ, აქედან რომ არ წავსულიყავი. გერმანიაში გავიქეცი თავის საშველად. ცოტა ხანს ნათესავის სახლში ვცხოვრობდი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ისტორიის მქონე პირისთვის იმ ქვეყანაში დარჩენა არ ივარგებდა, ამიტომ ჯობდა, ბელგიაში წავსულიყავი და პოლიტიკური თავშესაფარი მომეთხოვა. ასეც მოვიქეცი. ბელგიაში 2 წელი ვიცხოვრე. ლტოლვილთა ბანაკში ორსართულიან საწოლზე რამდენიმე ჩეჩენთან ერთად მეძინა. მერე მუშაობის უფლებაც მომცეს, ყვავილებს ვრგავდი, შემდეგ მარწყვს ვკრეფდი. დავიწყე ფლომანური ენის სწავლა – სახელმწიფომ დამიფინანსა. რესტორანში თეფშების მრეცხავის ადგილი ვიშოვე. საათში 8 ევროს მიხდიდნენ. შემდეგ უკრაინაში მოვხვდი, მერე – გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ა.შ“, – ამბობს სიგუა. კითხვაზე, მუშაობდა თუ არა იგი თურქეთში სექსინსტრუქტორად, პასუხობს: „თურქეთში – არა, სხვაგან მოხდა… მე, დაჩი ცაგურია და კიდევ რამდენიმე ჩვენი მეგობარი, მეორეკურსელები, ბულგარეთში ვიყავით. მაისურები ვიყიდეთ, რომლებსაც ეწერა, რომ სექსის პირველი გაკვეთილები უფასო იყო. ამ მაისურებით დავდიოდით ქუჩაში და პლაჟზე და სულ ეგ იყო“, – განუცხადა გიორგი სიგუამ „სარკეს“.