პროკურატურა: სააკაშვილმა გელაშვილის ცემა მერაბიშვილს დაავალა (ვიდეო)

  ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, ყოფილი დეპუტატის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მხილებულ იქნენ დანაშაულის ორგანიზატორები: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
“გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მხილებულ იქნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი. აქედან გამომდინარე, დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილებები მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით: „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.
აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა, მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.
დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ საააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს.
დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო: ქალა – ტვინის ტრამვა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა.
ვალერი გელაშვილის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2005 წლის 14 ივლისს, თუმცა იმ პერიოდში საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად არ განხორციელებულა არცერთი ქმედითი საგამოძიებო მოქმედება და 2013 წელს საქმეზე გამოძიების განახლებამდე აღნიშნული ფაქტი იყო გაუხსნელი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხსენებულ ფაქტზე, 2014 წლის 24 აპრილს პასუხისგებაში მიეცნენ ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით და ვინაიდან ისინი თავს არიდებენ გამოძიებას, მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი საქართველოს პროკურატურის მიერ სრულად გახსნილია და ამ დანაშაულისთვის ბრალდებები გამოტანილია მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუას და გია სირაძის მიმართ.
მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 8 წლამდე ვადით”, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=_10efsAkknU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები