მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა უკრაინაში ჩასვლა აეკრძალოს
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრა საქართველოს ხელისუფლების, ევროკავშირისა და ამერიკის ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო – ამის შესახებ გაზეთი “ალია”წერს. როგორც გაზეთში აღნიშნულია გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის დასკვნა“ნაციონალური მოძრაობისთვის“ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. “ალიას“ ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინის პრეზიდენტის პიტორ პოროშენკოსთვის შეუთვლიათ, რომ სააკაშვილისგან შორს დაიჭიროს თავი, მისგან ნელ-ნელა დისტანცირება მოახდინოს და საბოლოოდ, კიევშიც შეამცირონ მისი ვიზიტები.
გაზეთის ინფორმაციითვე, შესაძლოა, მალე სააკაშვილს უკრაინაში ჩასვლაც აუკრძალონ. „ალიას“ „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ მათი ლიდერის უმძიმესი მდგომარეობის გამო, პარტია, ფაქტობრივად პარალიზებულია. გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტმა, „ნაციონალებს“ შავი დღე აყარა. მათთვის გაეროს დასკვნა შოკისმომგვრელი იყო, ამ დასკვნის შემდეგ „ნაციონალთა“ არც ერთ ჭკუათმყოფელ ლიდერს ეჭვი აღარ ეპარება, რომ მიშას წინააღმდეგ საქმის აღძვრა საქართველოს ხელისუფლების, ევროკავშირისა და ამერიკის ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და მიშას „ნაციონალთა“ მშველელი და პატრონი, დედამიწის ზურგზე, აღარავინ არ არის. სწორედ გაეროს დასკვნა იქცა იმის მიზეზად, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილისთვის ზურგის შექცევა დაიწყეს. მართალია, მიშა ხან ერთ ქვეყანაშია, ხან მეორეში და ამით თავის მომხრეებს ამშვიდებს, – პოლიტიკური თავშესაფარი არ მჭირდება, ხომ ხედავთ, ყველა ქვეყანა სიამოვნებით მმასპინძლობსო, მაგრამ მალე ერთი ქვეყნის მასპინძლობაც კი სანატრელი გაუხდება. სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა თუ არა, ოთხმა ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინის მეთაურობით, საქართველოს მთავრობას წერილი გამოუგზავნა და ექსპრეზიდენტის პოლიტიკურ დევნაში დასდო ბრალი, მიშა კი წმინდანად გამოიყვანეს. ამ ოთხი სენატორიდან ორი დემოკრატია – ბენ კარდინი და ჯიმ შაჰინი. აშშ-ში მყოფი სააკაშვილი ამ ორივე სენატორთან და მათგან დამატებითი პოლიტიკური მხარდაჭერის მიღებას შეეცადა, მაგრამ მიშას არც შაჰინი შეხვდა და არც კარდინი. ორივემ თანაშემწეების მეშვეობით არაორაზროვნად შემოუთვალა, რომ გაეროს დასკვნის შემდეგ, მათგან მიშას აღარანაირი მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს და მას ორივე სენატორი ემიჯნება.
„ნაციონალთა“ ლიდერები კულუარულ საუბრებში აღარ მალავენ, რომ გაეროს დასკვნამ მათ საბოლოოდ მოუთავა ხელი და საერთაშორისო ასპარეზზე ვეღარც ლობისტთა მხარდაჭერა უშველით და ვერც ვერანაირი პიარი. სააკაშვილი ორი დღე დასდევდა ამერიკაში ამ ქვეყნის გავლენიან პოლიტიკოსებს, რომ ვინმეს შეხვედროდა, მაგრამ ყველამ რაღაც მიზეზით უთხრა უარი. საინტერესოა, რომ სააკაშვილს თეთრ სახლში, ამერიკის კონგრესსა და სენატში, „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი თან დაჰყვებოდა, თუ მიშა რომელიმე გავლენიან პოლიტიკოსს შეხვდებოდა, ეს შეხვედრა გადაეღოთ და გაეპიარებინათ, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, სააკაშვილს ხელი მოეცარა. ბობოლა „ნაციონალებისთვის“ მეხის გავარდნის ტოლფასი იყო იმის გაგება, რომ ვიქტორ ორბანს სააკაშვილისთვის შეუთვლია, – ჩემი იმედი ნუ გექნება, შესაძლოა, უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი ვერ მიიღო და სხვა ქვეყანაზე ამთავითვე იფიქრეო. შესაძლოა, მალე სააკაშვილს უკრაინაში ჩასვლაც აუკრძალონ. ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინის პრეზიდენტს, პიტორ პოროშენკოსთვის შეუთვლიათ, რომ სააკაშვილთან შორს დაიჭიროს თავი, მისგან ნელ-ნელა დისტანცირება მოახდინოს და საბოლოოდ, კიევშიც შეამცირონ მისი ვიზიტები. უცხოელმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან, რომ უკრაინაში კონფლიქტი რუსეთის გარეშე ვერ მოგვარდება და ახლო მომავალში, შესაძლოა, რუსეთის ხალისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწიოთ. ამ საქმეში კი სააკაშვილი ხელის შემშლელი ფაქტორია. სავარაუდოა, რომ მალე სააკაშვილის კრიტიკას მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსებიც დაიწყებენ. მიხეილ სააკაშვილის გზა, საქართველოს სასამართლოსკენ თუ ჰააგის ტრიბუნისკენ ნელ-ნელა მოკლდება და წესით, მალე ვნახავთ განსასჯელის სკამზე, თუ ცხადია, რომელიმე მესამე სამყაროს განვითარებად ქვეყანაში არ გაასწრო“, – წერს „ალია“.