“სიმართლე არის ჩვენს მხარეს – არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტში მედიის თავისუფლებასა და ნიკა გვარამიას პატიმრობაზე გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საქართველო ობიექტურ გადაწყვეტილებას ელის.
„რეზოლუციის აგება ამაზე აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არის გაუგებარი. აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დაყენება და ეს არის რეალობისგან შორს მყოფი განაცხადი. სიმართლე არის საქართველოს მხარეს, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია, არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში და მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მის წინაშე იყო დასმული ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამია არ არის თავისუფალი მედია და სააკაშვილი არ არის დემოკრატიის სიმბოლო ქვეყანაში. კრიტიკა შეიძლება იყოს, მშვიდად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და მოველით ევროკავშირის მხრიდან სამართლიან გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თალაკვაძემ.