გრიგოლეთში სლავური წარმოშობის ადამიანი უკვე რამდენიმე დღეა მოსახლეობას პოლიციელად ეცნობა, მათ ეზოებში შედის და როგორც ადგილობრივები ამბობენ, შეშინებას ცდილობს.
რუსულად მოლაპარაკე ახალგაზრდა კაცი უკვე არაერთი ადგილობრივის სახლში იყო მისული.
როგორც ადგილობრივმა მანჩო გურგენიძემ “კვირას” უამბო, მათ აღნიშნული ადამიანი ბელარუსად გაეცნო, უთხრა, რომ პოლიციის ახალი უფროსია და ბინას ეძებს. თუმცა მას შედეგ, რაც მათი სახლი დატოვა, მეზობლის ეზოს ჭიშკარი ფეხით შეამტვრია. მანჩო ვარაუდობს, რომ რადგან არავინ დახვდა, სახლში შესვლასაც შეეცდებოდა, თუმცა არ გამოუვიდა.
“დილის 7 საათისთვის დედაჩემმა გაიგო ძაღლების ყეფის ხმა, გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა რომ მოდის ვიღაც, შემოვიდა ეზოში და აბრახუნა კარზე. დედაჩემმა გაუღო კარი. ჯერ რუსულად უთხრა რაღაც, მერე ინგლისურად, მერე ისევ რუსულად და აღმოჩნდა რომ ბინას ეძებდა.
ნუ დედაჩემმა უთხრა, რომ არ გვაქვს და დაინტერესდა საიდან იყო. ამ ადამიანმა უთხრა, რომ მინსკიდანაა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რუსი იყოს. თავი პოლიციელად წარუდგინა დედაჩემს, ვიდეოში ყველაფერი ისმის კარგად.
მეზობლებთანაც იყო მისული, სახლებში შედის ასე. ჩემს მოპირდაპირედ მცხოვრებ მეზობელს ეზოს კარები შეუმტვრია, ჩემს ვიდეოში არ ჩანს, სამწუხაროდ.
რამდენიმე დღის წინ სხვასთანაც იყო მისული, უცხოელია და ძალიან შეუშინებია ის გოგო. პოლიცია გამოუძახებია. როგორც ვიცი, უკვე ეძებენ მაგ ადამიანს. აქამდე მხოლოდ სიტყვიერი აღწერა ჰქონდა პოლიციას და ჩემი სათვალთვალო კამერის ჩანაწერის შემდეგ უკვე ვიზუალური აღწერა აქვთ და უფრო გამარტივდება მისი მოძებნა”, – ამბობს მანჩო გურგენიძე.
რასთან აქვთ გრიგოლეთელებს საქმე და ვინ არის სლავი წარმოშობის ადამიანი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ პოლიცია დროულად დაადგენს მის ვინაობას და ეს უცნაური ამბავიც მალე დასრულდება.
“კვირა” დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს დაუკავშირდა, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ანზორ მამულაშვილი