რა ბრალი უნდა წაუყენონ სააკაშვილს, რომ მის გადმოცემაზე უარი ვერ თქვან?

ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურას ექსპრეზიდენტისთვის ბრალი უნდა წარედგინა ისეთი ტიპის დანაშაულზე, სადაც საქმე ეხება ციხეებში არსებულ მწამებლურ სისტემას – ამის შესახებ ექსპერტი კახი კახიშვილი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობს. ექსპერტის განცხადებით, ამ შემთხვევაში დასავლეთი მკაცრ ზომებს მიიღებდა, რაც მიხელ სააკაშვილის ექსტრადირების მოლოდინს შექმნიდა.
„ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, პირველ რიგში, უნდა გამოეკვეთა ისეთი ტიპის დანაშაული, სადაც საკითხი ეხებოდა მასობრივ წამებას, უფლებების მასობრივ დარღვევას. მაგალითად, ყველაზე კარგი იქნებოდა ციხეებში არსებულ მწამებლურ სისტემაზე აღეძრა პროკურატურას საქმე და სააკაშვილისთვის ბრალი დაემტკიცებინა. ამ გზით თუ წავიდოდნენ, დასავლეთი თვითონვე აღშფოთდებოდა. ასეთ დროს შესაძლებელი იყო, გამოჩენილიყო მოლოდინი სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ. სააკაშვილი პასუხისგებაში მიცემულია უფლებამოსილების გადამეტებისთვის. როგორც წესი, ამ ტიპის დანაშაულის მიმართ დასავლეთი არის გულგრილი, რადგან ყველა ქვეყანაში იციან, რომ თანამდებობის პირისთვის დანაშაულის ბრალის წარდგენა არის ზოგადი ხასიათის. ამიტომაც მათ დიდი განცდა არ უჩნდებათ, რომ ამის გამო ყოფილი თანამდებობის პირს ედავო…
საერთაშორიძო ძებნა გამოცხადდება თუ არა, ეს საკითხი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია არა პროკურატურის დადგენილებაზე, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აღმკვეთი ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებას გამოუტანს. თუ სააკაშვილს სასამართლო არ შეუფარდებს საპატიმრო აღმკვეთ ღონისძიებას, ამ შემთხვევაში თეორიულადაც კი წარმოუდგენელია სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება. სამართლებრივი პროცედურა ითხოვს შემდეგს: როდესაც მიმალვაში მყოფი პიროვნება დაუსწრებლად მიეცემა პასუხისგებაში, პროკურატურა მსჯელობს აღმკვეთი ღონისძიების შესახებ და ეს არის პატიმრობა. ვინაიდან პირი არის მიმალვაში, პროკურატურა შედის სასამართლოში პატიმრობის მოთხოვნით, თუ სასამართლო პროკურატურის არგუმენტებს გაითვალისწინებს და ბრალდებას შეუფარდებს პატიმრობას, ამ შემთხვევაში გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება ბრალდებულის ძებნილად გამოცხადების შესახებ. ძებნის განხორციელება ევალება შსს-ს, რომელიც პირველ ეტაპზე ეძებს საქართველოში, მას შემდეგ რაც, შსს მოიპოვებს ცნობას, რომ ბრალდებულმა პირმა გადალახა საზღვრები, ინფორმაციას უგზავნის ძებნის ინიციატორს, ეს უკანასკნელი მიმართავს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, რათა უზრუნველყოს ამ ბრალდებულის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება… თუკი ინტერპოლმა ჩათვალა, რომ არ არის პოლიტიკური დევნის ნიშნები და გამოაცხადა ძებნა მიხეილ სააკაშვილზე და, ვთქვათ, დააკავა, ამის შემდეგ მისი ექსტრადიციის საკითხს წყვეტს იმ ქვეყნის სასამართლო, სადაც ბრალდებული იქნება დაკავებული…
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა ძალიან ზომიერი განცხადება, ამიტომაც ამ ზომიერმა განცხადებამ ხელისუფლება არ უნდა მოადუნოს, პირიქით, ყველაფერი უნდა გააკეთოს, იმისთვის, რომ ეს ზომიერი განცხადება დარჩეს ზომიერ განცხადებად და მას მსვლელობა არ უნდა მისცეს“, – განუცხადა კახიშვილმა „ალიას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები