“ნაციონალები” სააკაშვილის გადასარჩენად სასულიერო პირების შანტაჟს იწყებენ?“

“ნაციონალები” სააკაშვილის გადასარჩენად სასულიერო პირების შანტაჟს იწყებენ? – ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი “ალია“ სტატიას. როგორც გამოცემა წერს, მათი მიზანია, სააკაშვილის მომხრე და თავის დროზე კუდის მიერ „დავერბოვკებული“ სასულიერო პირები გაააქტიურონ, მათი მეშვეობით საზოგადოებაში შექმნან განწყობა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაჭერა სულაც არ არის სავალდებულო სამართლიანობის აღსადგენად. “მარტივი გათვლაა, თუ ვინმეს პირადი მოძღვარი ეტყვის, რომ სააკაშვილის დაჭერა ქვეყანას ავნებს, ბევრი დაიჯერებს და საზოგადოების დიდ ნაწილში მიშას მიმართ აგრესიული განწყობა ჩაცხრება და იმ ხალხის დიდი ნაწილი, მის მიმართ ბრალის აღძვრით რომ ხარობდა, სულ მცირე, ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს. თუმცა, კუდის ყოფილ თანამშრომელთა უმთავრესი მიზანი სხვა არის. ისინი უკვე აქტიურად მუშაობენ შედარებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე, რომლებიც მათზე არსებული კომპრომატების გამო, იძულებით ისევ გავლენის ქვეშ არიან. მათ უშუალო კონტაქტი აქვთ საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან.
ამ სასულიერო პირებმა, თურმე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდა განახორციელონ, უნდა მოახერხონ პატრიარქის დარწმუნება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვა საჭირო არ არის, რომ ექსპრეზიდენტის დაპატიმრება არ წაადგება ქვეყნის იმიჯსა და მომავალს სასიკეთოდ. პატრიარქი უნდა დააჯერონ, რომ ხელისუფლება ამით მიუტევებელ შეცდომას უშვებს და თუ პატრიარქის ამაში დარწმუნება შეძლეს, გეგმის შემდეგი ნაწილი ასეთია: მაშინ მას სთხოვენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართოს თხოვნით, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ჩასვან. ის ბრალი კი, რაც მიშას წაუყენეს, არ მოეხსნება, სამართლებრივი პროცედურებიც შესაბამისასდ უნდა განხორციელდეს, მაგრამ რეალურად, სააკაშვილი ციხეში არ უნდა ჩაჯდეს, სავარაუდოდ, სწორედ ამის მიღწევა სურს კუდის ყოფილ აგენტურას. აქვე დავძენ, რომ ჩვენი ინფორმაციით, თუ სასულიერო პირები ყოფილი კუდელების მითითებებს არ შეასრულებენ, მათ ემუქრებიან – თქვენს შესახებ რაც კომპრომატები გაგვაჩნია, ყველას გავასაჯაროებთო “, – წერს გაზეთი „ალია“.
„ალია“ აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარისთვის პატრიარქის მდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა. „ამის შესახებ მე არაფერი მსმენია. არც ჩემთან მოსულა რომელიმე სასულიერო პირი, არც მსმენია, რომ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდება. ან სხვა ამგვარი ხდება“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები