ჯანმო: ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 23%-ით შემცირდა
ევროპის რეგიონში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 28 თებერვლის – 6 მარტის კვირასთან შედარებით 2%-ით არის შემცირებული, ამასთან, გარდაცვალების სტატისტიკა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და 23%-იან კლებას წარმოადგენს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.
ამასთან, აღინიშნება, რომ 7-13 მარტს მსოფლიოში გამოვლენილი ინფიცირების 44% სწორედ ევროპის რეგიონზე მოდის.
ინფიცირების ზრდა დაფიქსირებულია დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 29%-ით; აფრიკაში 12%-ით. ამავდროულად, შემცირებულია ჯანმო-ს დანარჩენ სამ რეგიონში. ინფიცირების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კლება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაშია გამოვლენილი 24%-ით.
რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, ის 12%-ით არის გაზრდილი დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში, ამასთან, რეგიონებში შემცირდა. განსაკუთრებული კლებაა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში 49%-ით, აფრიკაში 41%-ით, ამერიკაში კი, 15%-ით.
რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებელს, მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 11 407 714 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 28 თებერვლის – 6 მარტის კვირასთან შედარებით 8%-ით მეტია.
ასევე, 7-13 მარტს ვირუსს მსოფლიოში 43 097 პაციენტი შეეწირა, რაც 28 თებერვალ – 6 მარტთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.