იუსტიციის სამინისტროში საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის – „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ პრეზენტაცია გაიმართა
ნაშრომი, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულების სისტემაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის განმტკიცება, ავტორებმა – მორის შალიკაშვილმა, გივი მიქანაძემ და იოსებ ვარძელაშვილმა წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წიგნი განკუთვნილია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისა და მართლმსაჯულების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
„ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილეები – ლაშა მაღრაძე, მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე.
იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამებს 2021 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანი სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.
2021-2025 წლებში უწყებამ, ჯამში, 56 პროექტი დააფინანსა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.