თორნიკე ჭეიშვილი: 2019 წლის აგვისტოში საგუშაგოს გამო მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დავკარგეთ და ეს რბილად რომ ვთქვათ, უკავშირდება გახარიას გადაწყვეტილებას
“ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მოირგებს ოპოზიციონერის მანტიას და ეს როლი მისთვის გახდება გარკვეული საფარი თუ ინდულგენცია, რათა შესაბამის პასუხისმგებლობას გაექცეს, “- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს გარკვეული ფაქტები, რომელსაც გამოძიება სჭირდება.
„2019 წლის აგვისტოში საგუშაგოს გამო მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დავკარგეთ და ეს რბილად რომ ვთქვათ, უკავშირდება იმ საეჭვო გადაწყვეტილებას, რაც ბატონ გახარიას უკავშირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მიწის თითოეული გოჯი. ნებისმიერი სპეკულაცია და იმის მტკიცება, თითქოს ეს არის პოლიტიკური სარჩულით მიმდინარე პროცესი, უკიდურესად არასერიოზული და აბსურდულია. გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რომელსაც გამოძიება სჭირდება. მისასალმებელია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები. ეს არის შესაძლო საბოტაჟის დანაშაული, ასევე უცხო ძალების დახმარება მტრულ საქმიანობაში. ყველამ უნდა გაიგოს, ვის რა წვლილი მიუძღვის მათ შორის ჩორჩანას ეპიზოდთან, ასევე სხვა ფაქტებთან მიმართებით, რომელიც შეიძლება საბოლოო ჯამში ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციურ წყობილებას გარკვეულ საფრთხეს უქადდა. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მოირგებს ოპოზიციონერის მანტიას და ეს როლი მისთვის გახდება გარკვეული საფარი თუ ინდულგენცია, რათა შესაბამის პასუხისმგებლობას გაექცეს“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.
აღნიშნულ საკითხზე იმდროინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ იბარებენ.