ბულგარეთის, სტრუმას ავტომაგისტრალზე ჩრდილოეთ მაკედონიიდან მომავალი ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა და ცეცხლი გაუჩნდა.
სააგენტო BGNES-ის ინფორმაციით, შემთხვევა 03:00 საათზე მოხდა, რომლის შედეგად ადგილზე დაიღუპა 46 ადამიანი, მათ შორის, 12 ბავშვი.
ავტობუსში სულ 52 ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.
მომხდარის სამი ვერსია განიხილება. შესაძლოა, მძღოლს ჩაეძინა მართვის დროს, ასევე, განიხილება სველი გზა ან ტექნიკური გაუმართაობა.
ამასთან, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ავარიამდე ავტობუსში ხანძარი გაჩნდა.
დაშავებული ორი ქალი და ხუთი მამაკაცი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, მათ სახისა და ზედა სასუნთქი გზების დამწვრობა, ჭრილობები აღენიშნებათ, ერთ-ერთს მოტეხილობა აქვს.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულები ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეები არიან.