ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან, დამატებითი შეზღუდვების შემოღება მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს
„ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან, დამატებითი შეზღუდვების შემოღება მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებული, დღეს არსებული შეზღუდვები შესაბამისობაშია დღეს არსებულ ეპიდვითარებასთან“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ამცრელი პუნქტების რაოდენობა გაიზრდება.
„დღეს საკმაოდ ფართოდ გვაქვს გაშლილი ვაქცინაციის პუნქტები და მნიშვნელოვანია ყველა ამ პუნქტის აქტიურად გამოყენება იმისთვის, რომ რესურსი სწორად გადანაწილდეს. მნიშვნელოვანი გადატვირთვების ფონზე, რომელიც დღეს სამედიცინო სექტორს გააჩნია, რესურსები სწორად უნდა ვმართოთ. ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მოქალაქეებს ნამდვილად ყველა ქალაქში, რეგიონსა და მუნიციპალურ ცენტრში აქვთ. დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული რესურსით, შევძლებთ, სწორად ვმართოთ ეპიდვითარება. ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ, შესაბამისი ამცრელი პუნქტები დავამატოთ“, – აცხადებს ტიკარაძე.