გიორგი ვოლსკი: უშველებელი თანხა ჩამოდის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხოშტარიების ოჯახის სასარგებლოდ
„უშველებელი თანხა ჩამოდის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხოშტარიების ოჯახის სასარგებლოდ. პირდაპირ ხელფასს უხდიან,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ რუსეთიდან ხოშტარიების ოჯახისთვის ჩარიცხულ მორიგ ტრანშზე საუბრისას განაცხადა.
„უშველებელი თანხა ჩამოდის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხოშტარიების ოჯახის სასარგებლოდ და პირდაპირ ხელფასს უხდიან. მიიღებს რუსულ ფულს და ამ რუსული ფულით წახალისებული, ცხოვრება მოგვარებული, შეტევაზეა გადმოსული და ყველაზე დიდი რაოდენობის პოლიციის მანქანაზე შეხტომების, რადიკალური პროცესების განვითარებისათვის, ახალგაზრდების ჩართულობის, პიროტექნიკის მობილიზების და ასეთი რევოლუციური სცენარის განვითარების ხელშეწყობის ფაქტები სწორედაც ელენე ხოშტარიაზე მოდის ძალიან მსუყედ. ამ ვითარებაში, რასაკვირველია, ორმაგი სტანდარტიც არსებობს, ამ კონსპირაციის დიდი ეჭვიც არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ხოშტარიების საბანკო ანგარიშზე რუსეთიდან გაზრდილი ტრანში განხორციელდა. ე.წ. პროევროპელების მიერ გაჭრილი ხაზი ჩრდილოეთის ხაზინისკენ, დაფინანსების შევსების მორიგი წყაროა. აპრილში თანხამ 250 ათასამდე დოლარი შეადგინა. ხოშტარიების ოჯახი ისევ დუმს.