შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1973 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ზ.დ. გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკრატელი.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.